ვის ეკუთვნის ბერას გული

ვის ეკუთვნის ბერას გული

მას შემდეგ, რაც ბერა ივანიშვილი სახალხოდ ამღერდა, მსმენელის ყურადღება უმალ მიიპყრო და მისდამი ინტერესი დღითი დღე იზრდება. ბევრისთვის ამაყი და გათამამებული ბერა, რეალურად, ძალიან უბრალო, მოსიყვარულე და უშუალო ადამიანი აღმოჩნდა. ამით მან ხალხის სიყვარული გაორმაგებული დოზით დაიმსახურა და ბევრად მეტი გულშემატკივარი შეიძინა. მისთვის მუსიკა ყველაფერია. 4 წლიდან ვიოლინოზე უკრავს, მოგვიანებით, ფორტეპიანოს დაეუფლა, შემდეგ კი – დასარტყამ ინსტრუმენტებს. სხვათა შორის, სიმღერისთვის პირველი ტექსტი სიზმარში დაწერა. მას შემდეგ კი აღარც გაჩერებულა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მის ანგარიშზე დაახლოებით 150 სიმღერაა, მათ შორის 50 ქართული. ბერას რადიო „ფორტუნა პლუსში” შევხვდით, სადაც ის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში იმყოფებოდა სტუმრად. იმდენად დადებითი ემოციით იყო დამუხტული მსმენელთან საუბრით და მათი სიყვარულით, რომ დატვირთული დღის ბოლოს, დაღლილობა სულაც არ ეტყობოდა.

ვის ეკუთვნის ბერას გული?

– ჩემი გული მხოლოდ მუსიკას და ჩემს გულშემატკივარს ეკუთვნის.

სად და როგორ ერთობი თავისუფალ დროს?

– მე ძალიან უბრალო ადამიანი ვარ. მუსიკის ბიზნესის გამო, ისე ხშირად მიწევს ფეშენებელურ საღამოებზე მოხვედრა, რომელსაც ტუსოვკებს ვეძახით, რომ უკვე თავისუფალ დროს არ დავდივარ დიდ წვეულებებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვიკრიბებით და ვარ ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად, თუნდაც ოჯახის წევრებთან. უბრალოდ ვსაუბრობთ და კარგ დროს ვატარებთ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას გავაკეთებ, მთავარია, საყვარელ ადამიანებთან ვიყო, ვისთანაც თავისუფლად და კარგად ვგრძნობ თავს. ეს არის ჩემთვის მთავარი.

საკმაოდ ემოციური ადამიანი ხარ, დადებით ემოციას ვგულისხმობ...

– ჩემს ცხოვრებაში დღეს იმდენად კარგად და ლამაზად ვითარდება ყველაფერი, რაც, უპირველესად, ჩემი გულშემატკივრების დამსახურებაა, რომ უფლებაც არ მაქვს, ემოციური არ ვიყო.

ძალიან ბევრ პოპულარულ ადამიანს იცნობ. როგორ მოხდა, მაგალითად, შენი და რიანას გაცნობა?

– სასტუმროში ჩაის ვსვამდი, რიანა კი თავის ჯგუფთან ერთად იყო. „სამარიაჟოდ“ არ ვამბობ, მაგრამ სხვათა, შორის რიანა თვითონ დაინტერესდა ჩემით. იმ დროს თეთრი ნაწნავები მქონდა. რომ დამინახა, გაგიჟდა, ვინ არის ეს ტიპი, ასეთი თეთრი და ზანგური ნაწნავებითო. ჩემთან მოვიდა, შეიძლება ნაწნავებს ხელი დავადოო? – მკითხა. რიანას კი უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი.

რომელ ცნობილ მომღერალთან ჩაწერდი დუეტს?

– სახელის გამო დუეტს არასდროს ჩავწერ. არავისთან არ მივალ და არ შევეხვეწები. ჩემი აზრით, სიმღერას მაშინ აქვს აზრი, როცა შემოქმედებითად, მუსიკალურად იბადება. დღეს დუეტების უმეტესობა ისე იწერება, მომღერლები არც კი ხვდებიან ერთმანეთს. მსგავსი რამ მე არ მჭირდება და სახელს არ გავეკიდები.

შენ რომ შემოგთავაზონ?

– მე დუეტები მაქვს ჩაწერილი. პირველ ყოვლისა, ის სიმღერა უნდა მომეწონოს, რის ჩაწერასაც მთავაზობენ და ის ადამიანი, ვინც ამას შემომთავაზებს. ყოველ შემთხვევაში, ადამიანური ურთიერთობა მაინც უნდა ჩამოგვიყალიბდეს. მენეჯერიდან მენეჯერზე მოგვარებული ამბები არ მომწონს. ანგელოზი არავინაა, ბიზნესი ბიზნესია და თუ ვნახე, რომ კარგი სიტუაცია ჩამივარდა ხელში და ჩემთვის მომგებიანია, არ გამოვრიცხავ, ისეთ ადამიანთანაც ჩავწერო დუეტი, რომელიც, სიტყვაზე, ჩემი ბავშვობის მეგობარი არ არის.

როგორი მეგობარი ხარ?

– ეს, ალბათ, ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. ჩემი მეგობრები ჩემთვის ძმებივით არიან. ყველა ამბობს, ნებისმიერ რამეს გავაკეთებ მეგობრის გამო, ტყვიაზეც კი წავალო და ასე შემდეგ. თუმცა, ტყვიაზე წახვალ თუ არა, ამას მაშინ იტყვი, როცა ტყვიას დაინახავ.

ოჯახში როგორი ხარ?

– თუ სახლში ვარ, ყოველთვის ვცდილობ, ჩემებთან ერთად ვიყო. რაც სახლის დატოვება სისტემატურად მიწევს, ოჯახთან უკვე სხვანაირი დამოკიდებულება გამიჩნდა. ვცდილობ, მაქსიმალურად მოვესიყვარულო მათ. თუმცა, ოჯახს ბოლომდე ვერასდროს მოისიყვარულებ,  ყოველთვის უკმარისობის შეგრძნება მაქვს, რადგან ვიცი, რომ რამდენიმე დღეში ისევ უნდა წავიდე.

ალბათ, ძალიან უჭირთ უშენოდ ყოფნა მათაც. მშობლისთვის შვილი ყოველთვის პატარაა.

– მეც მიჭირს ჩემი ოჯახის გარეშე ყოფნა და მათაც. მაგრამ, ეს საქმისთვის კეთდება და ღვთის წყალობით, კარგად მიდის ყველაფერი.

16 წლის ხარ. რამდენი წლის იყავი, როცა პირველად იგრძენი, რომ უკვე დამოუკიდებელი ხარ?

– ისეთი, განსაკუთრებული ერთი დღე არ ყოფილა, რომ საკუთარი დამოუკიდებლობა მეგრძნო. ბავშვობიდან ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, რომ სახლში „დიქტატურა” არასდროს ყოფილა. პირიქით, ჩვენს ოჯახში ყოველთვის დემოკრატია იყო და გადაწყვეტილებებსაც ერთობლივად ვიღებდით.

მშობლისგან ზეწოლა არასდროს მქონია. საკმაოდ დამოუკიდებლად გამზარდეს. ნებისმიერ საკითხზე ყოველთვის ჩემებთან მივდივარ რჩევისთვის. მათთან კონტაქტი არასდროს გამიწყვეტია. როგორ ახლოსაც ვიყავი მშობლებთან 5 წლის ასაკში, ასევე ვარ დღესაც და ასე ვიქნები 10 წლის შემდეგაც.

რატომ მალავდა ბერა ასაკს?

– მე ასაკს არ ვიტყუებოდი. უბრალოდ, ვამბობდი, რომ ბიზნესში და მანდილოსნებთან 18 წლის ვარ, ხოლო ოჯახის წევრებთან – პატარა, 14 წლის ბერა-მეთქი. სასაცილო ის იყო, რომ ხალხმა პირიქით გაიგო. ანუ, ისე კი არა, რომ ბიზნესში დიდი ვხდები, არამედ გაიგეს, რომ ოჯახში ყოველთვის პატარა ბიჭი ვიქნებიო. ასე რომ, მე არ მომიტყუებია.

დარწმუნებული ვარ ინტერნეტის საშუალებით ბევრი ადამიანი გეხმიანება.

– აბსოლუტურად ყველა წერილს ვკითხულობ, რომელსაც „ფეისბუქზე” მწერენ, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ ვახერხებ ყველას ვუპასუხო. ყველას დიდი მადლობა.

მას შემდეგ, რაც გამოჩნდი, ქართველი ხალხის დიდი სიყვარული წამოვიდა შენი მისამართით. ხშირად გახასიათებენ, როგორც კარგ, მოსიყვარულე ადამიანად და კარგი დედის გაზრდილ შვილად. ეს, ალბათ, ძალიან დიდი კომპლიმენტია როგორც დედისთვის, ასევე შვილისთვის.

– მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია. როგორი მუსიკოსი და მომღერალიც არ უნდა იყო, როგორი წარმატებული ადამიანიც არ უნდა გახდე, ჩემთვის, ისევე როგორც ყველასთვის მთავარია, უპირველესად, კაცი იყო. როცა ასეთ რაღაცას ისმენ, ბუნებრივია, ბედნიერი ხარ. ამით, მშობელსაც ახარებ და შენც ორმაგად ბედნიერი ხდები. მინდა, ჩემებმა იცოდნენ, რომ უპირველესად, კაცი, გაზარდეს და მერე უკვე მომღერალი, შოუმენი თუ ბიზნესმენი, რაც გინდა, დაარქვი. 

დედ-მამიშვილებიდან კიდევ თუ მღერის რომელიმე?

– ჩემმა პატარა დამ დაიწყო ახლა სიმღერა. სწავლობს ვოკალს და უკრავს ინსტრუმენტზე. ჯერჯერობით, კონკრეტული, სერიოზული არაფერია, მაგრამ ნიჭიერი ბავშვია. ბედნიერი ვარ იმით, რომ მუსიკის ენა გაიგო და იგრძნო. ეს სულ სხვა სამყაროა, რასაც, მჯერა, რომ ჩემი და მისწვდება. მთავარი ეს არის, მერე მომღერალი გახდება თუ არა, ამას უკვე ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.

შენი სამყარო როგორია?

– ბევრს ვოცნებობ ყოველთვის და ოცნებისგან მაქვს აგებული ყველაფერი. ვცდილობ, ჩემი ოცნებები მიზნებად გადავაქციო.

ახერხებ ამას?

– როდესაც ვფიქრობ, რომ გამომივიდა, ესე იგი არ გამომდის, ანუ ყოველთვის მინდა, უკეთესი და უკეთესი გავაკეთო. საკმაოდ თავდაჯერებული ტიპი ვარ. საკუთარი თავის თუ არ გჯერა, სხვამ როგორ უნდა დაგიჯეროს? ამიტომ, ვცდილობ, ლოგიკის ფარგლებში, ჩემი ოცნებები რეალობად გადავაქციო. ბავშვობიდან ფრენა მინდოდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ (იცინის). ყველაზე მეტად თვითმფრინავით ფრენას ვერ ვიტან. გაბრაზებულ ბერას თვითმფრინავში ნამდვილად ნახავთ... მართლა ძალიან ვერ ვიტან ფრენას.

რას ეტყვი იმ მკითხველს, რომელიც, ამ ინტერვიუს ბოლომდე ჩაიკითხავს და შენზე იტყვის, მართლა კარგი ადამიანი ყოფილაო.

– წინასწარ უკვე ფიქრობ, იტყვის ასე მკითხველი? მაშინ მათ ვეტყვი, რომ თუ ასე ფიქრობთ, მაშინ თქვენც ჩემნაირი ხართ, მათ ჩემი ესმით და რისი გადაცემაც მინდოდა, მიიღეს და გაიგეს. ყველას დიდ სიყვარულს ვუგზავნი და მადლობას ვუხდი.