2008 წლის 5 აგვისტოს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელიც მაშინ საქართველოში ყურადღების მიღმა დარჩა, რადგან სამ დღეში რუსეთთან ომი დაიწყო.
5 აგვისტოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, თურქეთის პროვინცია ერზინჯანის დასახლება რეფაჰიასთან მძლავრი აფეთქება მოხდა, რამაც სატუმბ სადგურზე ძლიერი ხანძარი გამოიწვია. დაიღვარა 30 ათასი ბარელი ნავთობი. აფეთქების შედეგად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი 20 დღე-ღამე გაჩერებული იყო და ნავთობის გადატუმბვა მხოლოდ 25 აგვისტოს გააგრძელა. ნავთობსადენის აქციონერებმა თითოეულ გაჩერებულ დღეზე 5 მლნ დოლარი იზარალეს, ხოლო აზერბაიჯანის დანაკარგმა 1 მლრდ დოლარს მიაღწია.
ნავთობსადენის აფეთქება თავის თავზე აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია "ქურთების მუშათა პარტიამ", რომელსაც მანამდეც არაერთხელ განუხორციელებია დივერსიული თავდასხმები თურქეთის ტერიტორიაზე და ამიტომაც არავის გაჰკვირვებია ქურთული კვალის გამოჩენა, თურქეთის ხელისუფლებას კი კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება, ქურთები ტერორისტობაში დაედანაშაულებინა.
თუმცა, როდესაც "ბრიტიშ პეტროლეუმმა" და დასავლეთის სპეცსამსახურებმა (პირველ რიგში კი - აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ) ნავთობსადენზე მომხდარი ტერაქტის დეტალური გამოძიება და ანალიზი დაიწყეს, გასაოცარი ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ - გაირკვა, რომ ნავთობსადენის აფეთქებისას ასაფეთქებელი მოწყობილობა არ გამოუყენებიათ! აფეთქება ნავთობსადენზე წნევის მოულოდნელმა აწევამ გამოიწვია, თუმცა, რატომღაც არ ამოქმედდა ავტომატური სარქველი, რომელსაც ნავთობის დაღვრა უნდა შეეჩერებინა და არც განგაშის სიგნალი ჩაირთო. საღამოს 11 საათზე მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შესახებ სადისპეტჩერო სამსახურმა მხოლოდ 40 წთ-ის შემდეგ შეიტყო თვითმხილველის და არა - ელექტრონული სენსორებისგან, რომლებიც უხვად არის დამონტაჟებული 1768 კმ-იანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მთელ სიგრძეზე.
ნათელი გახდა, რომ "ქურთების მუშათა პარტიას" აფეთქებასთან საერთო არაფერი ჰქონდა და მათ ეს ვიღაცის თხოვნა-მოთხოვნით დაიბრალეს.
და აი, შვიდწლიანი გამოძიების შემდეგ, 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში, ცნობილმა სააგენტომ - Bloomberg-მა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ქურთმა ტერორისტებმა კი არ ააფეთქეს თვითნაკეთი ბომბით, არამედ - ჰაკერებმა, ულტრათანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელთა უკან, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.
ასეთი სენსაციური ბრალდების წამოყენება Bloomberg-მა მხოლოდ რამდენიმეწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გაბედა. კვლევისას იგი იყენებდა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების, მათ შორის - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მასალებს. Bloomberg-ის თანახმად, მოვლენები ასე წარიმართა: ჰაკერებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მართვის ელექტრონულ ქსელში მოძებნეს ერთ-ერთი სადისპეტჩერო სადგურის კომპიუტერი ჭინდოწს-ის ოპერატიული სისტემით, ხელში ჩაიგდეს კომპიუტერის მართვა და ქსელში სპეციალურად შექმნილი ვირუსი შეუშვეს, რის შემდეგაც ცენტრალური სადისპეტჩერო სადგურის მთავარ კომპიუტერზე "გავიდნენ". შედეგად, საშუალება მიეცათ, ხელოვნურად აეწიათ წნევა ნავთობსადენზე და გამოერთოთ განგაშის სენსორებიც და სათვალთვალო კამერებიც.
ჰაკერებმა ასევე წაშალეს აფეთქებამდე 60 სთ-ის განმავლობაში ჩაწერილი კადრები, რამაც გამომძიებლებს ეჭვი გაუჩინა. სპეცსამსახურებმა შეძლეს, მოეპოვებინათ ნავთობსადენზე ინფრაწითელი კამერებით ჩაწერილი კადრები (რომელთა წაშლა ჰაკერებმა, სავარაუდოდ, იმიტომ ვერ შეძლეს, რომ ინფრაწითელი კამერები არ იყო მიერთებული იმ ცენტრალურ ქსელთან, რომელზეც ჩვეულებრივი ვიდეოკამერებით გადაღებული კადრები ინახებოდა). ამ კადრებზე გამოჩნდა, რომ აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, ღამით, ნავთობსადენის გვერდით ორი მამაკაცი ტრიალებდა, რომელთაც ხელში ნოუტბუკი ეჭირათ. ორივეს კამუფლირებული სამხედრო ფორმა ეცვა, თუმცა, განმასხვავებელი ნიშნების გარეშე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნავთობსადენის აფეთქებისას გამოყენებულ იქნა ულტრათანამედროვე ელექტრონული და კომპიუტერული ტექნიკა, რომელმაც დაბლოკა არა მარტო ის საგანგაშო ელექტროსიგნალები, რომლებიც აფეთქების ადგილიდან სადისპეტჩერო სადგურამდე უნდა მისულიყო, არამედ ის სიგნალებიც, რომლებითაც თანამგზავრები დედამიწის ორბიტიდან ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობსადენს აკონტროლებდნენ. სავარაუდოდ, გამოყენებულ იქნა რადიოელექტრონული ჩახშობის მძლავრი დანადგარები.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებისას გამოყენებულმა ულტრათანამედროვე აპარატურამ, პროგრამულმა უზრუნველყოფამ და სხვა კონფიდენციალურმა ინფორმაციამ გამოძიება მიიყვანა დასკვნამდე, რომ 2008 წლის 5 აგვისტოს მსოფლიოში პირველი, ამ მასშტაბის ჰაკერული ტერორისტული აქტის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ!
ამ ტერაქტიდან ოთხ დღეში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა, ხოლო ათი დღის შემდეგ, როდესაც იგოეთთან ბლოკპოსტი განათავსა, ამ ნავთობსადენზე სრული კონტროლი დააწესა.
იყო თუ არა რუსეთის საქართველოში შემოჭრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ფუნქციონირების შეჩერება, ძნელი სათქმელია, თუმცა, ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან რუსულ საოკუპაციო ძალებს დღესაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ამ ნავთობსადენის აფეთქება.