"მე - ინსპექტორი". ახალი პრობლემა მეწარმეებისთვის

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის ახალი ინიციატივის თანახმად, ცოტა ხანში საქართველოში კერძო საგადასახადო ინსპექტორის საპილოტე პროგრამა შევა ძალაში. ამ პროგრამის თანახმად, მეწარმეთა კონტროლი და შემოწმება, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ნაცვლად, რიგით მოქალაქეებს დაევალებათ. კერძო საგადასახადო ინსპექტორობის მსურველებს კონკურსის წესით შეარჩევენ და შესაბამისი უფლებებითაც აღჭურავენ, თუმცა მათ თვითდაფინანსებაზე მოუწევთ მუშაობა.

კერძო საგადასახადო ინსპექტორებს დარღვევების გამოვლენა საკონტროლო- სალარო აპარატის გამოუყენებლობისას, სალარო ჩეკის ამოურტყმელობისას ან საკონტროლო აპარატის გამოყენებისას განგებ მცირე რაოდენობით თანხის მითითების შემთხვევაში დაევალებათ. რამდენ კანონდამრღვევ მეწარმესაც გამოავლენენ, იმდენ ფულად სარგებელს მიიღებენ შემოსავლების სამსახურისგან ბონუსების სახით.

შესაბამისად შეიცვლება საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის ოფიცრების ფუნქციები. მათი ძირითადი მოვალეობა დარღვევების პრევენცია, მეწარმის გაფრთხილება და საგანმანათლებლო სამუშაოები იქნება.

დემურ გიორხელიძე (ეკონომიკის ექსპერტი): "ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ჩემი აზრით, ვერაფერს შეჰმატებს ბიზნესს, რადგან მისი წარმატებული საქმიანობისთვის ჯანსაღი ბიზნესგარემოა საჭირო. ეს კი ისეთი მცირე დეტალებია, ისეთი წვრილმანებია, რაც ვერ მოაგვარებს მეწარმესა და სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ პრობლემებს. საჭიროა ისეთი რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, რაც მეწარმეს ეკონომიკურად აქტიურს რეალურად გახდის. მათ შორის არის საბაზრო ინფრასტრუქტურა, სამართლებრივი მხარეების მოწესრიგება, კონკურენციის დაცვა და სხვა. თუ ეს ფუნდამენტური საკითხები არ გადაწყდება, კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება არსებითად არაფერს შეცვლის. შესაბამისად, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია შემოსავლების სამსახურის ეს გადაწყვეტილება.

როგორ ფიქრობთ, რით არის ნაკარნახევი შემოსავლების სამსახური ეს გადაწყვეტილება?

- ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ ამ გადაწყვეტილებაში, თუმცა ღრმად ვიცნობ როგოც მეწარმის მდგომარეობას, ასევე შემისრულებია სახელმწიფო მაკონტროლებლის ფუნქცია. ვერანაირ რაციონალური მიზეზს საამისოდ ვერ ვხედავ. გაუგებარია, რატომ არქმევენ ამას კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტს, აიყვანონ ეს ადამიანები ჩვეულებრივად შტატში და შეასრულებინონ ის ფუნქციები, რაც რეალურად შემოსავლების სამსახურს, როგორც მაკონტროლებელს ევალება.

ეს მიდგომა ხომ აბსოლუტურად არ ცვლის სახელმწიფოს ფუნქციას. თუ ეს ადამიანი მაკონტროლებლის ფუნქციით არის აღჭურვილი, ის ხომ მაინც სახელმწიფო მოხელე გამოდის. სიტყვების თამაში რა საჭიროა? აიყვანე ის სამსახურში და გააკეთებინე ის, რისი დელეგირებაც კანონით სხვაზე არ შეიძლება. არ შეიძლება სახელმწიფოს საგადასახადო ზედამხედველობა, როგორც უფლება, ვინმეს გადააბარო. სრული უფლება აქვს ხელისუფლებას, უმკაცრესად დადგენილი კანონის ფარგლებში, აკონტროლოს მეწარმე.

მსგავსი მიდგომა უფრო ხომ არ გაართულებს ურთიერთობას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის?

- ამ ყველაფერმა შესაძლოა გამოიწვიოს ძალიან ცუდი რამ. მე თუ კერძო პირი ვარ და შევთავაზე საგადასახადო სამსახურს, ვითანამშრომლო მათთან, როგორც კერძო საგადასახადო ინსპექტორმა და ვაცხადებ თანხმობას, გამოვავლინო მეწარმეს ფინანსური დარღვევები, შესაბამისი კომპეტენცია ხომ უნდა მქონდეს. დაუშვებელია, რომ ამ საქმის არმცოდნე ადამიანი აღჭურვილი იყოს მაკონტროლებლის ფუნქციებით. ეს იგივეა, ახლა მე რომ ზურაბ სოტკილავას გვერდით დავდგე და საჯაროდ ვიმღერო. ეს კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას გამოიწვევს და პრობლემებს შექმნის მეწარმესა და სახელმწიფო უწყებებს შორის.

საბოლოოდ აღმოაჩენენ, რომ კერძო ინსპექტორის ინსტიტუტი იქნება გაუგებარი უწყება, რომელიც უბრალოდ სისხლს გაუშრობს მეწარმეს.

როგორც ირკვევა, ამ სამსახურში დაახლოებით 200-300 ადამანის დასაქმება იგეგმება, როგორ ფიქრობთ, ბევრი იქნება მსურველი გახდეს მეწარმის კერძო მაკონტროლებელი?

- კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელისუფლების ექსკლუზიური უფლებაა აკონტროლოს კერძო სექტორი. ბარემ შტატში აიყვანონ ეს ადამიანები და განსაზღვრული პასუხიმგებლობაც დააკისრონ. 300 ადამიანი თუ სჭირდებათ სრულფასოვანი კონტროლის განხორციელებისთვის, უბრალოდ ამდენივე ადამიანით გაზარდონ თავისი თანამშრომლების რაოდენობა, დაასაქმონ კვალიფიციური კადრები და აკეთონ ის, რასაც კანონი ავალდებულებთ. ნახევარი ქვეყანა უმუშევარია და აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც სურვილს გამოთქვამს შეასრულოს კერძო მაკონტროლებლის ფუნქცია, მაგრამ რის ხარჯზე მოხდება ეს? თუ ამას ისევ მეწარმის ნერვები და ფული უნდა შეეწიროს, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მიუღებელია.

ჩვენი მხრივ დავამატებთ, რომ სრულიად გაუგებარია, ვინ გააკონტროლებს თვით ამ "მოხალისე-ინსპექტორებს", რომლებიც თვითდაფინანსებაზე იმუშავებენ და ათასი მარტივი ხერხის მოფიქრება შეეძლებათ, რათა მეწარმეს დარღვევის პროვოცირება მოუწყონ...