თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის მონაწილეებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ისევ გრძელდება. ათეულობით ადამიანი უკვე გასამართლებულია. დაკავებულთა ნაწილს, რომლებმაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღიარეს, სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო ვინც წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 90-მდე ადამიანს უკვე შეეფარდა. მათ რიცხვში აქციის არც ერთი ლიდერი არ არის. დაკავებულთა შორის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც იყო. როგორც ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ გვითხრა, გელა ნიკოლაიშვილი ე.წ მოდულის შენობაში რამდენიმე საათი ჰყავდათ დაკავებული.
„როცა აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიები დაუშინეს, მხუთავი გაზი გაუშვეს და საშინელი დარბევა დაიწყო, გელა ნიკოლაიშვილი მანქანაში ჩაჯდა. მან მანქანაში ჩაისვა აქციის მონაწილე რამდენიმე ქალბატონი. ამ გზით მოძებნეს თავშესაფარი და შეეცადნენ აეცილებინათ დარბევა. მისი მანქანა ძალოვნებს არ დაუზიანებიათ.
ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა გელა გადმოიყვანა მანქანიდან და ჰკითხა, აქ რატომ ხარო? ამის შემდეგ მას ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ დაურეკა და იკითხა, თუ სად იყო. გელამ აუხსნა ნინოს ყველაფერი და ისევ მანქანაში ჩაჯდა. რამდენიმე წუთში ისევ მოვიდნენ სპეცრაზმელები და გელა მანქანიდან გადმოიყვანეს.
ამბობს, რომ ქალები არ დაუკავებიათ. დაკავების დროს მას ცუდად ეცქეოდნენ. შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. ჩასვეს ყვითელ ავტობუსში და სხვებთან ერთად, ე.წ მოდულის შენობაში წაიყვანეს. იქ უკვე შედარებით კარგად ექცეოდნენ. გელა ნიკოლაიშვილის საქმე სასამართლომდე არ მისულა, რამდენიმე საათის შემდეგ ის გაათავისუფლეს“.
თავად გელა ნიკოლაიშვილთან დაკავშირება ვერ შევძელით. მას მობილური გათიშული აქვს.
ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, ათეულობით ადამიანია დაკარგული და მათ კვალს ვეღარ პოულობენ, მათ შორის არის ირაკლი ბათიაშვილიც. “ძალიან გთხოვთ ყველას, დაგვეხმარეთ, რომ ვიპოვოთ ბატონი ირაკლი და სხვა დაკარგულები”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.