როგორ მოხვდა ზურაბ გურიელიძე ზოოპარკის დირექტორის პოსტზე?

როგორ მოხვდა ზურაბ გურიელიძე ზოოპარკის დირექტორის პოსტზე?

ამერიკის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი ისევ გვაოცებს - მან არა მხოლოდ თანაგრძნობა გამოხატა თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და არა მხოლოდ დახმარება აღგვითქვა, არამედ გულწრფელადაც გამოგვიტყდა, ჩვენი ფიქრები ზოოპარკის დირექტორთან და მის თანამშრომლებთანააო. თქვენი არ ვიცი და, მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს რიჩარდ ნორლანდმა ბრძანება გასცა, ზურაბ გურიელიძეს ხელი არ ახლოთ, ჩვენი ფიქრები მუდმივად მას დასტრიალებს, სხვაც რომ არა იყოს, მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელია, თუ დააპატიმრებთ, პოლიტიკურ დევნად შეფასდებაო. ამას მოჰყვა "ნაცბანდის" ცნობილი სახეების (ნანუკა ჟორჟოლიანი, ლევან რამიშვილი, გოგოლა კალანდაძე, გია მურღულია, გოგი გვახარია და სხვები) საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან დევიზით: "გურიელიძეს ხელი არ ახლოთ, გადადგეს მთავრობა"! ვინაიდან და რადგანაც ზურაბ გურიელიძემ ხეირიანად ვერ დაითვალა ვეფხვები, ლომები, პინგვინები და ბატები, ვინაიდან და რადგანაც, ერთმა ვეფხვმა, რომელიც მას მკვდარი ეგონა, ერთი ადამიანი იმსხვერპლა, ამის გამო აუცილებლად უნდა გადადგეს მთავრობა სრული შემადგენლობით და არა ზოოპარკის დირექტორი.

მოკლედ, დიდი უბედურების შემდეგ მოხდა ის, რაც შეიძლება მხოლოდ საქართველოში მოხდეს - ზოოპარკის დირექტორმა ვერ დაითვალა, ან არ დაითვალა (ამას აღარ აქვს მნიშვნელობა), მთავრობამ მისი ნათქვამი დაიჯერა, აქეთ დაგვამშვიდა და ამდენ მსხვერპლს კიდევ ერთი დაემატა. მეტიც, დღეს თბილისისა და რუსთავის მოსახლეობა დაზაფრულ მდგომარეობაშია - არავინ იცის, რამდენი ვეფხვი, აფთარი, ლომი თუ მგელი დასეირნობს ჩვენს გარშემო.

15 ივნისი. ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის გარეთ აღარ იმყოფება და ქალაქში აღარ დადის. ზოოპარკის ტერიტორიაზე დამხრჩვალი და გადარჩენილი ცხოველების აღწერა თითქმის დასრულებულია:

"მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და არც აქამდე ემუქრებოდა. ის ფოტოები და ინფორმაციები, რაც ცხოველების ქალაქში ყოფნასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, ძირითადად ფოტომონტაჟი და არასწორი იყო".

დაუკვირდით, კაცი 15 ივნისს იძახდა, ეს ყველაფერი მონტაჟი იყო, საშიში არაფერიაო. ჩემი აზრით, აქ საქმე გვაქვს ან სამსახურებრივ გულგრილობასთან, ან კიდევ განზრახ დანაშაულთან. ამ დღეებში ბევრი წერდა და ამბობდა: შეეშვით ამ ადამიანს, ცოდოა, ისეთი სტრესი მიიღო, ფსიქიკურად ვერ არის ჯანზეო. ჯერ ერთი, თუ ფსიქიკურად ვერ არის, თვითონვე უნდა გადამდგარიყო და ზოოპარკი დროებით მაინც ჩაებარებინათ რომელიმე გამოცდილი სპეციალისტისთვის; მეორე - თუ თვითონ იმდენად პატივმოყვარეა, რომ ეს არ გააკეთა, მაშინ საქმეში უნდა ჩართულიყო ხელისუფლება და გურიელიძე ზოოპარკიდან მოეშორებინა. თუმცა მე მაინც შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ახლა გადავიდა ჭკუიდან. როგორ ფიქრობთ, ზურაბ გურიელიძემ პირველად გამოავლინა უვიცობა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა? არა, ეს გახლდათ მესამე შემთხვევა. ალბათ, გახსოვთ, ჯერ კიდევ 2006 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება პანიკა რეგიონებში მგლებთან დაკავშირებით - ერთი პერიოდი სპეციალისტები იმასაც კი ამტკიცებდნენ, რომ დუშეთის რაიონის მიდამოებში გამოჩნდა დეზებიანი წითელი მგელი, რომელიც პირდაპირ იწევს სახლებში. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ არაერთი დაზარალებული ოჯახი. გაინტერესებთ, რა განცხადებებს აკეთებდა მაშინ გურიელიძე და რა ნაშრომებს წერდა გრანტებით ილიაუნის რექტორთან, გიგი თევზაძესთან ერთად? როდესაც პრესაში წითელი მგლის ფოტოები ქვეყნდებოდა, დაჟინებით ამტკიცებდა, მონტაჟიაო (რამდენიმე ამონარიდი ერთ-ერთი ნაშრომიდან, რომელიც გამოცემულია 2009 წელს):

"საქართველოში მგლის საქონელზე თავდასხმის გახშირება გამოწვეულია არა იმდენად მგლის პოპულაციის რიცხოვნობის ზრდით, არამედ სინანტროპი შინაურ საქონელზე სპეციალიზებული მგლების რაოდენობის მომატებით... ადგილობრივმა მოსახლეობამ არც იცის, რომ მათ მიერ მოკლული ცხოველები ხშირად ტურები არიან და "წითელ მგელს" ეძახიან... მოსახლეობა საქონელზე თავდასხმის თითქმის ყველა შემთხვევას მგელს აბრალებს, თუმცა ზოგჯერ ეს ძაღლია (სოფელ გლდანის მიდამოები)... განსაკუთრებით აღსანიშნავია მასმედიის უარყოფითი როლი ადამიანი-მგლის კონფლიქტის გაშუქებაში... მასმედია ხელს უწყობს მოსახლეობაში მგლისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას".

წაიკითხავთ პირველივე წინადადებას, სადაც საქონელზე სპეციალიზებულ მგლებზეა საუბარი და ეგრევე მიხვდებით, რომ ამ ადამიანის აზროვნებაში რაღაც ვერაა რიგზე, მაგრამ ეს ყველაფერი ფული ღირს, უკვე 10 წელიწადია, რაც საქართველოში მგლებზე ცდებს ატარებენ და ამას სათავეში გურიელიძე უდგას. უცხოელები ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ ამ საქმეში. ხვალ რომ თქვან, ვირთხების გამრავლება-პოპულაციას დავაფინანსებთო, ეს მისი საყვარელი სფერო გახდება. ახლა ნირწამხდარი ზურაბ გურიელიძე ცრემლებს ღვრის და ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს:

"ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციის მიწოდებით სახელმწიფო უწყებებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია და ჩემი შეტყობინების საფუძველზე ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა. ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, თუმცა, გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდეს".

როგორც მახსოვს, კანონი და სამართალი მომხდარზე რეაგირებს ხოლმე, მიხეილ სააკაშვილის დროს წინასწარ რეაგირებასაც ჰქონდა ადგილი, ხან ვის ცხრილავდნენ ქუჩაში, ხან - ვის, მერე იდგნენ და ამტკიცებდნენ, მავანი საყაჩაღოდ მიდიოდაო. იმის ალბათობასაც კი არ უშვებდნენ, რომ შეიძლებოდა საყაჩაღოდ წასულ ადამიანს გადაეფიქრებინა და სხვაგან გადაეხვია. ტრაგედია მოხდა, ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ გულგრილობას, უვიცობას, დაბნეულობას, რაც გინდათ, ის დაარქვით, ამ ყველაფერს მოჰყვა მსხვერპლი.

ახლა კი მეორე ამბავი, რომელიც ზურაბ გურიელიძეს შეემთხვა "ნაციონალების" წყალობით, მაგრამ ამას საგულდაგულოდ მალავს. ეს ადამიანი ზოოპარკის დირექტორად დანიშნეს 2006 წელს. ერთი წლის შემდეგ კი მომენტალურად დააპატიმრეს და რაღაცის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ზურაბ გურიელიძე მაშინ გაზეთ "ჯორჯიან ტაიმსის" ჟურნალისტს, დალი ფაჟავას დასთანხმდა, დავსხდეთ და ყველაფერს მოგიყვებიო, მაგრამ, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაფიქრდა, ან შეაშინეს და გადაიფიქრა. როდესაც ჟურნალისტმა დაურეკა, მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

- ჩემი დაკავების საკითხი სატელეფონო საუბრის თემა არ არის. თან, ახლა ქალაქშიც არ ვარ. მოგვიანებით ვიქნები, ამიტომ შევხვდეთ, მობრძანდით ზოოპარკში და ვისაუბროთ.

საუბრობენ, რომ ძალოვან სტრუქტურაში თქვენი დაბარების ერთ-ერთ მიზეზი ზოოპარკის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილის პრივატიზების საკითხს უკავშირდებოდა.

- არა, რას ამბობთ, ეს მოტივი აბსოლუტურად არასწორია.

მაშინ იქნებ გვითხრათ, თქვენი დაკავების მოტივად ძალოვნებმა რა დაასახელეს?

- ყოველ შემთხვევაში, მიწების პრივატიზების და ამდაგვარი საკითხები აბსოლუტურად არასწორია.

თანხების მითვისების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე თქვენი ორი წინამორბედის წინააღმდეგ აღიძრა, თქვენი დაკავებაც ამ პერიოდის საქმეს ხომ არ უკავშირდებოდა?

- არა, არა. არავითარი ასეთი მიზეზი არ ყოფილა.

თანხის გადახდისა და საპროცესო გარიგების გარეშე გაგათავისუფლეს?

- უკაცრავად, საჭესთან ვზივარ. უკვე ყველაფერი გარკვეულია.

ვინ დაგაკავათ, რომელმა უწყებამ, სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა თუ საფინანსო პოლიციამ?

- თქვენ გინდათ, რომ მაინცდამაინც ინტერვიუ მოგცეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით მე ინტერვიუს არ მოგცემთ. ძალიან გთხოვთ, არ დაწეროთ. ამასთან დაკავშირებით ჩემს შესახებ თუ სტატია გამოქვეყნდება, მე სასამართლოს მივმართავ. ამ თემაზე საუბარი არ მსურს და გთხოვთ, სტატიას ნუ გამოაქვეყნებთ. ამ თემაზე ინტერვიუს არ ვიძლევი. თუ გნებავთ ზოოპარკთან დაკავშირებით, მკითხეთ და კი ბატონო.

მოდით, თანმიმდევრულად გავიხსენოთ, რა მოხდა გურიელიძის დაპატიმრებამდე და ალბათ, იმასაც მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე: გურიელიძის დაკავებამდე ძალოვნები ზოოპარკის სხვა დირექტორების საქმიანობითაც დაინტერესდნენ. 2006 წლის 22 ნოემბერს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა თანხების მიტაცების ბრალდებით ზოოპარკის მაშინდელი დირექტორი გია ზარქუა და კომპანია "ბურჯის" დირექტორი რამაზ ღურჭუმელიძე დააკავეს. როგორც მაშინ ფინანსურ პოლიციაში აცხადებდნენ, 2004-2006 წლებში, ზოოპარკში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულებას შპს "ბურჯი" უზრუნველყოფდა. ზარქუასა და ღურჭუმელიძეს 204 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებდნენ. მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ზოოპარკის ახალი დირექტორი, დავით ნარსია (გურიელიძის წინამორბედი). მისი დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ("დროება") გავიდა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებული იყო, როგორ იმუქრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მეექვსე სართულის ფანჯარაზე ასული დავით ნარსია, შენობიდან გადავხტებიო. კადრებში ჩანდა, რომ მას თვალს თავად ირაკლი ოქრუაშვილიც ადევნებდა. რა კავშირი შეიძლება არსებობდეს გურიელიძისა და მისი წინამორბედის დაპატიმრებას შორის? რაზე მოაწერა ხელი მაშინ გურიელიძემ, ანუ რა ჩვენება მისცა ზოოპარკის წინა დირექტორების საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც გაათავისუფლეს და "ნაციონალების" ფავორიტია დღემდე? ეს ის კითხვებია, რაზეც ამ ხელისუფლებას, თუ საქმის იმდროინდელ მასალებს გადახედავს, ადვილად შეუძლია პასუხის გაცემა და დასკვნის გამოტანაც - დაიშოკა გურიელიძე და ნადირის თვლა აერია, თუ საქმე უფრო სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს.