„გუშინდელი ღამე ვარდების რევოლუციის ჭეშმარიტი შედეგი იყო“

„გუშინდელი ღამე ვარდების რევოლუციის ჭეშმარიტი შედეგი იყო“

საქართველოს უახლეს ისტორიაში მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ქვეყნის შვილები თანამემამულეებზე გადავლაში „შეუდარებელნი“ არიან. 2008 წლის აგვისტოს სირცხვილის და გუშინდელი „ბართლომეს ღამის“ შემდეგ, სრულიად გაუგებარია, რატომ იყო აუცილებელი რუსთაველზე პომპეზური აღლუმის ჩატარება.   

სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ღამის 12 საათის შემდეგ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თვითმხილველთა ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული, სპეცრაზმელები მომიტინგეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისინი ალყაში მოაქციეს და თავის დაღწევის საშუალება არ მისცეს.

აქციის დაშლის შემდეგ მათი მასობრივი დაკავებები დაიწყო. აქციის ათეულობით მონაწილე, სასტიკად ნაცემი და ხელებზე ბორკილდადებული, მიწაზე საათობით იწვნა. დაღუპულია ორი პირი. დაშავებულები ქალაქის საავადმყოფოებში არიან მოთავსებული. დაკავებულია ათობით ადამიანი.

შს სამინისტრომ პირველი ოფიციალური განცხადება წუხელვე გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სახალხო კრების აქცია სანქცირებული იყო 21-დან 25 მაისის ჩათვლით. 00:10 საათზე, მას შემდეგ, რაც აქციამ არასანქცირებული ხასიათი შეიძინა, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისაგან გაათავისუფლა; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო კი, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

„სამწუხაროდ, ბევრი ცუდი ინფორმაცია გაგვაჩნია და ამ ინფორმაციას ჩვენ ხალხს გავუზიარებთ“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე განაცხადა - უნდა ვიყოთ ფხიზლად, ვინაიდან ეს პროვოკაციები მზადდება არა ქვეყნის შიგნით. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენ ხალხს ყველა იმ ცოდნას და ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია”.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარით ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღნიშვნის ჩაშლის მცდელობა და იგეგმებოდა საბოტაჟის და მასობრივი არეულობების გამოწვევა.

სააკაშვილის განცხადებით, სიტყვის თავისუფლება საქართველოს მთავრობის მთავარი ღირებულებაა, თუმცა რაც ბოლო დღეებში ხდებოდა, სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს. მისივე თქმით, ამ ადამიანებს აღლუმის ჩაშლა იმისთვის სურთ, რომ შური იძიონ ქართულ ჯარზე, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში 2008 წელს გმირული წინააღმდეგობა გაუწია ასმაგად აღმატებულ მტრის ძალებს.

აღლუმზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, პრემიერი ნიკა გილაური, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, დევი ჭანკვეტაძე. აღლუმს ესწრებოდნენ  წმინდა სინოდის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II საქართველოს დამოუკიდებლობს დღისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინო ბურჯანაძისა და მისი შვილის, ანზორ ბიწაძის ფარული სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერები მას შემდეგ გავრცელდა, რაც შს სამინისტროში სპეციალური განცხადება გაკეთდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბიწაძე და ბურჯანაძე განიხილავენ საკითხს, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები 25 მაისის ღამეს. 

განცხადება შოთა უტიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, სახალხო კრების აქციის ორგანიზატორთა ნაწილი მასობრივი არეულობისა და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმას განიხილავდა. ამასთან, უტიაშვილის თქმით, ამ დროისთვის აქციის არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის, თუმცა აქციის დროს ორი ადამიანის დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრულია.

თავად "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დარბევაზე პირველი კომენატრი გააკეთა. ნინო ბურჯანაძის თქმით, საქართველოს, ხელისუფლების ნაცვლად, ტერორისტული ბანდა ჰყავს, ხოლო რაც შეეხება საპროტესტო აქციის გამართვას, ნინო ბურჯანაძის თქმით, აქცია ხალხის დაკვეთით განახორციელა "სახალხო კრებამ", ხოლო აქციის დარბევის შემდეგ აქციის ორგანიზატორები და ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან არ გაპარულან:

"ეს არ არის სახელმწიფო, ეს არის ტერორისტული ბანდა, რომელიც მართავს სახელმწიფოს, რომელმაც ბინძური ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ ჩვენ ვიმალებით. ჩვენ არსადაც არ ვიმალებით. კიდევ კარგი, ადამიანები ხედავდნენ ყველაფერს; კიდევ კარგი, რომ არსებობს კადრები იმისა, რომ ჩვენი მანქანები გავიდნენ პრაქტიკულად ბოლოს, როდესაც მოედანი თითქმის თავისუფალი იყო და კარგად ჩანს მანქანების უკან უკვე სპეცნაზის მანქანები, რომლებიც პრაქტიკულად 2-3 მეტრითაც კი არ არიან ჩვენგან დაშორებულები".

ნინო ბურჯანაძემ საქართველოში დიპლომატიური კორპუსის მისამართითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა: "მათ საქართველოს ხელისუფლება უნდა დაერწმუნებინა იმაში, ძალა არ გამოეყენებინათ":

მისივე თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საქართველოს პატრიარქს არ დაუჯერეს, რათა აქციის დარბევის გადაწყვეტილება შეეცვალათ:

"მე ვიცი, რომ პატრიარქი ჩარეული იყო. ის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებდა, რომ გადაწყვეტილება შეეცვალათ, მაგრამ მას არ გაუგონეს. იმედი მაქვს, რომ პატრიარქი ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო პოზიციას დააფიქსირებს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ჩვენ გვინდა ვირწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი არ განადგურებულა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყოფნის დროს, სადაც დაშავებულთა მოსანახულებლად იყო მისული.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე საუბრობს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იმ შემთხვევაშიც კი, რომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება ყოფილიყო ლეგიტიმური, მედიით გავრცელებული კადრები აშკარად მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ნიშნებზე, რაც „პოლიციის შესახებ კანონის“ მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. "იურისტთა ასოციაციას" მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი არ შიძლება დარჩეს ეფექტური გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე:

"მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის დაშლას მოჰყვა ძალის არაპროპორციული გამოყენება, უკვე დაკავებული დემონსტრანტების ცემა, რომლებიც პოლიციას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. არსებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლას, რამდენიმე მათგანი დაშავებული ან დაკავებულია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციები "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევენ, რომ სახეზეა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და, შესაბამისად, დანაშაულის ნიშნები".

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მზადყოფნას გამოთქვამს, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ყველა დაკავებულ პირს.

"სამწუხაროა, რომ თავისუფლების დღეს თავისუფლების დამცველი ხალხი აღმოჩნდა ასეთ დღეში", - აცხადებს უფლებადამცველი ზაქარია ქუცნაშვილი ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას.

რაც შეეხება მოვლენების სამართლებრივ შეფასებას, ქუცნაშვილის განცხადებით, ზოგიერთმა ორგანიზაციამ გაავრცელა არასწორი აზრი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ასსეტ აქცია, ასსეტ მიტინგს სჭირდებოდეს სანქცია:

"საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციისთვის სანქცია არაა აუცილებელი. მით უფრო მაშინ, როცა ეს ხდება ღამის საათებში და ტრანსპორტის მოძრაობასაც კი არ უშლის ხელს. როცა ხალხი ითხოვს თავისუფლებას, ცვლილებას, ხელისუფლება ასე არ უნდა მოიქცეს".

სამხედრო აღლუმთან დაკავშირებით კი ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები პრეზიდენტის საკუთრება არ არის:

"შეიარაღებული ძალები არ არის პრეზიდენტის კუთვნილება. ის ხალხს, საზოგადოებას ეკუთვნის. როცა ეს ხალხი პარლამენტის წინ ითხოვს თავისუფლებას, ხელისუფლებას შეუძლია, აღლუმი სხვა ქუჩაზე ჩაატაროს. თბილისში მრავალი ქუჩაა. ხელისუფლებას შეეძლო, აღლუმი რომელიმე მათგანზე ჩაეტარებინა და ასე არ მოქცეულიყო. ახლა გამოვიდა ისე, რომ თავისუფლების დღე იქცა სისხლიან დღედ".

„გუშინდელი ღამე იყო აქციის მონაწილეების სამაგალითო დასჯა და ვარდების რევოლუციის ჭეშმარიტი შედეგი“, - ასე შეაფასა მომიტინგეების წუხანდელი დაშლა "ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

კაციტაძე გუშინდელ მოვლენებს ვანდალიზმს უწოდებს: "ეს რომ მიტინგის დაშლა ყოფილიყო, არ იქნებოდა საჭირო მომიტინგეების ალყაში მოქცევა. ეს იყო სამაგალითო მომიტინგეების დასჯა. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ვარდების რევოლუციის ჭეშმარიტი შედეგი. ამას სჭირდება დაფიქრება. საქართველოს ხელისუფლების დასრულება აუცილებლად დაიწყება გუშინდელი მოვლენებით”.