ვალერი გელბახიანი:

ვალერი გელბახიანი: "მიხეილ სააკაშვილი ორცეცხლშუაა"

21 მარტის აქციას სააკაშვილი ბრიუსელიდან ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის ბრძოლა საქართველოს გადარჩენისთვის და ის არ დაუშვებს ქვეყნის "გაბანძებას"... "ახლა ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ოლიგარქს უყურებს ქვევიდან ზემოთ და თავის ხალხს - ზემოდან ქვემოთ..." მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა ადამიანს ზოგჯერ გაფიქრებინებს, რომ ან ჩვენ შევიშალეთ ჭკუიდან, დაგვემართა ამნეზია, არ გვახსოვს, როცა მის რეჟიმს არ ესმოდა ხალხის, ვყავდით გაბანძებულ-დაჩმორებული, ან მეორეა, რაღაც ახალ ორფეხა ჯიშთან გვაქვს საქმე, რომელიც არ ცნობს ადამიანურ თვისებებს. ეს ხალხი სრულიად შერყეულია და ამიტომაც მათ ხშირად, "ნაციონალურ სექტად" მოიხსენიებენ... პრესა წერს იმის შესახებ, რომ 21 მარტი იქნება სისხლიანი, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციები და განცხადებები. ვახტანგ გომელაურისთვის ეს იქნება პირველი ტესტი, რამდენად ძლიერი და კვალიფიციურია იგი. ჯერჯერობით, მისი განცხადებები არის ადეკვატური, გაწონასწორებული და გუშინ ის უმცირესობის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძესაც შეხვდა და "ნაციონალურ მოძრაობას" აქციის ჩატარებისთვის კომფორტი აღუთქვა, თუმცა მან განაცხადა, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც შეეცდება 21 მარტს რაიმე ექსცესისა და არეულობის შექმნას.

იურისტი ვალერი გელბახიანი, რომელიც ჯერ კიდევ "ნაციონალების" მიერ დაანონსებულ თარიღამდე აცხადებდა, რომ გაზაფხულზე აუცილებლად დაიწყებოდა მათი გამოსვლები, დღესაც აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე აქცია ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაივლის.

- მე არავითარ საშიშროებას არ ვხედავ იმისთვის, რომ ეს აქცია ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში გადაიზარდოს, "ნაციონალებს" აქვთ გეგმა, იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში. ერთადერთი საფრთხე 21 მარტს არის ის, რომ სამოქალაქო სექტორიდან შესაძლოა, მოხდეს ექსცესები, ეს უნდა უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. "ნაციონალებს" არანაირად არ აწყობთ მიტინგის უმართაობა, რადგან ისინი ჯერ არ არიან მზად ამისთვის. ამიტომაც ამას 21 მარტს არ გეგმავენ, მაგრამ ის, რომ მიტინგს ექნება პოლიტიკური დანიშნულება და პოლიტიკური მოთხოვნით გამოდიან და მათი ლოზუნგია, გადადგეს მთავრობა, ბუნებრივია, ამას გააშუქებს საერთაშორისო მედია. ამ ინფორმაციას მიიღებს დასავლეთი და ევროპა დიპლომატიური კორპუსის საშუალებით.

პირველ ეტაპზე "ნაციონალებს" უნდათ იმის დადასტურება, რომ ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე სერიოზულ ოპონირებას უწევს ხელისუფლებას, დანარჩენი ოპოზიციური ძალა კი ამ კონფიგურაციაში არ მოიაზრებიან. რაც სურდათ, პირველ ეტაპზე ყველაფერ ამას მიაღწიეს, თითქმის ყველა 21 მარტზე ალაპარაკდა.

ხალხი ალაპარაკდა იმიტომ, რომ სისხლისღვრის ეშინიათ. მათგან განსხვავებით ხალხს ამნეზია არ აქვს და ყველას კარგად ახსოვს რუსთაველზე, იმ ადგილზე, სადაც ახლა აქციას გამართავენ, როგორ ღვრიდნენ უდანაშაულო ხალხის სისხლს.

- ვიმეორებ, გამორიცხულია, რომ 21 მარტს სისხლი დაიღვაროს, ამ ეტაპზე მათ ამოცანებში ეს არ შედის, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ საფინალო აქციაზე მათი გეგმის საკვანძო ნაწილიც იყოს. 21 მარტით არაფერი არ სრულდება, ეს არის დასაწყისი. ერთხელ თქვენთან ინტერვიუში ვთქვი და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ერთ გარემოებას, 21 მარტის აქციამ შესაძლოა, ითამაშოს მეხამრიდის როლი და აღმასრულებელი ორგანო გადაარჩინოს, რადგან მათ მოთხოვნაზე ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლება არ გადადგება, არადა, ისე მიდიოდა საქმე, რომ ჩვენ შესაძლოა, გვეხილა გაზაფხულზე მთავრობის გადადგომა.

რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან შესახვედრად ხალხი არ გამოვიდა და აქცია ჩაეშალათ. ისინი 21 მარტამდე ტესტირების რეჟიმში არიან და როგორც ჩანს, სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავენ, თუმცა რუსთავი გამონაკლისი არ არის, სადაც "ნაციონალებს" ხალხი არ შეხვდა. თქვენ ფიქრობთ, რომ 21 მარტს აქციაზე ბევრი მხარდამჭერი მიუვათ?

- მინიმუმ 20 ათას ადამიანს გამოიყვანენ, ესენი არიან მათი აქტივისტები, რომლებიც უკვე მობილიზებული ჰყავთ, ფინანსებით, სხვადასხვა დაპირებებით, მათ აქვთ ხალხის მობილიზაციის რესურსი, ოღონდ საკუთარი აქტივისტებისა და არა, საერთოდ, ელექტორატის. თუ ამ აქციაზე "ნაციონალების" მხრიდან ადგილი ექნება ექსცესს, დასავლეთის თვალში თავი მოეჭრებათ.

თქვენ რას მიაწერთ იმ ფაქტს, რომ 21 მარტის აქციის წინ ლარი კვლავ საგრძნობლად გაუფასურდა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამას ხელოვნურად აკეთებს ეროვნული ბანკი, რომელსაც "ნაციონალების" კადრი ხელმძღვანელობს, რომ გამწარებული ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ.

- ეს ახლა მთავრობის ბრალია, თუ "ნაციონალების"? მთავრობამ ვერ უზრუნველყო ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელება. მოდით, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხზე ვინც არის პასუხისმგებელი, პასუხიც მათ მოვთხოვოთ, თუ ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" ბრალია, მთავრობა მაშინ რაღას აკეთებს? ვაკის გამგებლის მოადგილე რომ დაიჭირეს ქრთამის აღების ფაქტზე, ესეც "ნაციონალების" ბრალია?! თვითმმართველ ორგანოებში კორუფციამ რომ მოიკიდა ფეხი, ესეც "ნაციონალების" ბრალია?!. ყველაფერი "ნაციონალებს" გადავაბრალოთ და მთავრობას პასუხი არ მოვთხოვოთ? ეს იქნება დიდი უპასუხისმგებლობა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ქვეყანა ჰყავს გადასარჩენი, ეს ქვეყანა მიშას გადასარჩენია? აქვე გკითხავთ, ამ აქციას არ უერთდება არც ერთი კვალიფიციური სუბიექტი ოპოზიციური პარტიიდან და რატომ უნდა იყოს ლეგიტიმური ამ კრიმინალური ძალის მოთხოვნა - "გადადგეს ხელისუფლება"?

- ამ აქციას არც ერთი პოლიტიკური პარტია არ შეუერთდება, მიხეილ სააკაშვილი ორცეცხლშუაა, თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდა და ომი არ იქნა, როგორც კი ფრონტის ხაზიდან დაბრუნდებიან ნაბრძოლი ჯგუფები, მათ ექნებათ პრეტენზიები, თქვენთვის ვიბრძოლეთ, სისხლი დავღვარეთ და რატომ არიან უცხოელები მთავრობაში და არა ჩვენო და თუ ომი დაიწყო, რუსეთის ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება, რომ ანტირუსული ხელისუფლება ჰყავდეს უკრაინას. ამიტომ, ეს არის დროებითი რეჟიმი უკრაინაში და სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" იქ დროებითი სტატუსი აქვთ, ამას სააკაშვილი ძალიან კარგად ყნოსავს და იცის, რომ ქართველები უკრაინის ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩებიან, ამიტომ ჩქარობს თავის განცხადებებში, მას სურს დროზე დაამთავროს ის პროექტი, რასაც ჰქვია მათი რესტავრაცია საქართველოში.

რესტავრაციის პროექტი რას გულისხმობს?

- ვადამდელ არჩევნებს ან რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლას. როგორც კი "ნაციონალური მოძრაობა" მოახერხებს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან პარტნიორობას, ეს იმას ნიშნავს, რომ დაჩქარდება რევოლუციური პროცესები. დასავლეთი ანტირუსულ ძალებს საქართველოში ხელს შეუწყობს, უფრო მეტად დაძაბონ საქართველოში ვითარება და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესებზე თვალს დახუჭავენ.

ამ ფონზე გაჩნდა ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის პესკოვის განცხადება, რომ პუტინი მზად არის, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს. მარგველაშვილის ადმინისტრაციაც მზადყოფნას გამოთქვამს ამ შეხვედრისთვის. თქვენი აზრით, რას შეცვლის მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა და საერთოდ, ეს შეხვედრა შედგება?

- მოდით, ასე ვთქვათ, ყველაზე საინტერესო, ყველაზე მნიშვნელოვანი და რევოლუციური მოვლენა შეიძლება იყოს პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრა და არა ის საკითხი, დაბრუნდებიან თუ არა ხელისუფლებაში "ნაციონალები", რაც პრაქტიკულად შეუძლებელია და ამის თეორიულ განხილვასაც აზრი ეკარგება. მნიშვნელოვანია არა ის, რას ცდილობს სააკაშვილი, არამედ ის, რაც მოსკოვთან არის დაკავშირებული. თუ პუტინთან დავალაგებთ ურთიერთობას და საქართველოს პრეზიდენტი შეთანხმდება კონკრეტულ საკითხებში, მე გეუბნებით, რომ ეს ქვეყანაში გამოიწვევს რევოლუციურ ცვლილებებს. საქართველო აიღებს ევრაზიისკენ პოლიტიკურ ვექტორს, დაიწყება იმ პიროვნებების იზოლირება, რომლებიც საქართველოში გავლენიანი არიან და იმ პარტიების იზოლირება, ვინც ამ პროცესის წინააღმდეგ იბრძვის, რათა ხელი არ შეუშალონ პროცესებს. ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო იქნება მარგველაშვილის სვლა, უნდა ველოდოთ, რომ მარგველაშვილი მარტო არ იქნება ქვეყნის შიგნით, გაჩნდებიან პოლიტიკური ძალები, ვინც ამ იდეის მომხრეები იქნებიან, ეს იქნება ახალი პოლიტიკური ძალები. დამიჯერეთ, ყველა ჩამოიწერება, არანაირი მომავალი "ოცნებას" აღარ ექნება, ასევე არავითარი მომავალი არ ექნება "ნაციონალურ მოძრაობას", დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის 65%-ია მომხრე ევრაზიულ კავშირში შესვლის, აი, ნახავთ, როგორ დაიძვრება ნაკადები ამ მიმართულებით, პრეზიდენტის გარშემო შეიქმნება ახალი პოლიტიკური ვერტიკალი, თქვენ აქ მარტო ლევან ვასაძეს კი არ ნახავთ, რუსეთში ვინც კი ქართველი მილიონერია, ყველას გადმოამისამართებენ საქართველოში. შეიქმნება პარტიები, რუსეთში მოღვაწე მილიონერი ქართველები ჩადებენ ფულს, მისცემენ დავალებას, გააკეთონ ყველაფერი, რათა მომდევნო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ, თუკი ეს ძალები პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებენ, ეს ნიშნავს, რომ ამას მოჰყვება ევრაზიული კავშირის დამტკიცება. დაუკვირდით გოგი თოფაძის განცხადებას, პირველად არ აკეთებს მსგავს განცხადებას, რაც თავი მახსოვს, სულ ამბობს, რომ ნატო არ არის ჩვენი გზა. ის მომხრეა ევრაზიული კავშირის, მაგრამ დღეს უფრო გააქტიურდა ამ მიმართულებით და იცით, რატომ? გოგი თოფაძე მომავალს ეძებს, ჩემო კარგო, მან იგრძნო, რომ "ოცნებაში" არ არის მომავალი.

თქვენი აზრით, როდის მოხდება მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრა?

- ალბათ, ეს მოხდება 9 მაისს, პუტინი სიმბოლურად მერკელსაც დაასწრებს ამ ღონისძიებას, რომ გერმანიასთან გამარჯვებით კიდევ ერთხელ ისიამოვნოს, პუტინსა და მარგველაშვილს შორის სავაჭრო თემა იქნება ის, რომ ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში აღიაროს თუ არა რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თუნდაც სახელმწიფოებრიობა. ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა. მინდა გითხრათ, რომ ევრაზიულ კავშირში შესასვლელად ემზადება სომხეთი, სხვათა შორის თურქეთსაც აქვს სურვილი, შევიდეს ამ კავშირში, შეიძლება ეს სურვილი გამოთქვას აზერბაიჯანმაც. თუკი საქართველო ევრაზიული გზით წავა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო პროდასავლურ კურსზე უარს ამბობს და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი სარგებელი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აი, ამის შემდეგ პროდასავლური ძალები თუნდაც გაგიჟდნენ და რამდენიც უნდათ იხტუნაონ, თუკი აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად უღირს ევრაზიულ კავშირში შესვლა. ჯერ კიდევ ორი თვის წინ თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რუსეთი არ დაიწყებს უკრაინასთან ღია ომს, ვიდრე არ გადაწყვეტს საქართველოს საკითხს. ახლა კი დგება ის დრო, როცა ჯერ საქართველოსთან უნდა დაალაგოს ურთიერთობა და მერე გადაწყვიტოს, რას აპირებს უკრაინასთან. ამიტომ უღირს რუსეთს უკრაინის ხარჯზე საქართველოს დაელაპარაკოს.

თქვენი აზრით, ეს პოლიტიკური თამაში ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულია?

- ჩემი აზრით, ეს თამაში არ არის ბიძინასთან შეთანხმებული და პოლიტიკური თამაშები ცალკე მიმდინარეობს.