როგორ შეუძლია ჩვენს მთავრობას ქვეყანაში ინვესტორების რაოდენობა გაზარდოს? გაზეთ „ფაინენშალის“ თანახმად, ბევრ დასავლურ ქვეყანაში „მოქალაქეობა ინვესტიციების მიხედვით" პოპულარული სამთავრობო ინიციატივაა. საუბარია ისეთ დიდ ქვეყნებზე, როგორიცაა ავსტრალია, კანადა და დიდი ბრიტანეთი.
ამ ეტაპზე მსოფლიოს 30 ქვეყანას აქვს ინვესტორთა წახალისების პროგრამა, რადგან ისინი ცდილობენ, მოძებნონ მარტივი გზა სამიზნე ინვესტიციების მისაზიდად.
მაგალითად, ოფიციალური სტატისტიკით, 2015 წელს კარიბის ქვეყნებმა 2000–მდე პასპორტი გაყიდეს სწორედ „მოქალაქეობა ინვესტიციების მიხედვით" პროგრამის ფარგლებში.
საქართველოს კანონმდებლობა კი უცხოელი ინვესტორებისთვის ასეთ წახალისებას არ ითვალისწინებს. ეს მაშინ, როცა, ექსპერტების აზრით, ამით ჩვენი ქვეყანა კარგავს შესაძლებლობას, გაზარდოს ინვესტიციები და მიიზიდოს მდიდარი ხალხი.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბინადრობის უფლება გაიცემა უცხოეთის იმ მოქალაქეზე, რომელიც 300 ათასი ლარის ინვესტიციას მაინც აკეთებს ქვეყანაში. ნებართვა ვრცელდება ინვესტორის ოჯახის წევრებზეც. თუმცა საინვესტიციო ნებართვა მოქალაქეობა სულაც არ არის, უბრალოდ, ეს არის ჩვენს ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენის გზა.
ISET-ის წარმომადგენელი იაროსლავ ბაბიჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ბიზნეს-მიგრაციის პროგრამა შეიძლება მომგებიანი იყოს და შესაძლოა, პოტენციურად მიიზიდოს ბიზნესმენები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან, სამხრეთ კავკასიიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან. საქართველოს მოქალაქეობის მთავარი მიმზიდველი ფაქტორი კი შესაძლოა გახდეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა და მიწის ფლობის უფლება უცხოელებისთვის.
ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ფლორიან ბიერმანი კი ამბობს, რომ ინვესტორების უმრავლესობა, როგორც წესი, ჩინელია და ისინი ცდილობენ, საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურად არასტაბილურ სიტუაციას გაერიდონ. ამ მხრივ საქართველო გეოგრაფიულად ჩინეთთან და ბევრ სხვა პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანასთან ახლოსაა, ამიტომ საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სამართლებრივი კანონების სიმყარე, ინფრასტრუქტურის გამართულობა და საბაზრო ეკონომიკასთან მათი შესატყვისობა თუ არსებობს, მაშინ ქართველი საქმიანი ადამიანებიც შესანიშნავად დაამყარებდნენ ურთიერთობას თავიანთ უცხოელ პარტნიორებთან. რაკი ეს არ გვაქვს, ინვესტორების წახალისება საქართველოს მოქალაქეობის შეთავაზებით არაფერს მოგვცემს. ამით ჩვენ მივიღებთ საეჭვო ფულსა და საეჭვო ადამიანებს.
„დააკვირდით სიტუაციას. მსოფლიოში ცნობილი არც ერთი საინვესტიციო ფონდი საქართველოში შემოსული არ არის. ამიტომ ვის სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა? ჩინელების განსაკუთრებულ ინტერესს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით შემიძლია „შესანიშნავი წინადადადება“ მივცე ამ ინიციატივის ავტორებს, თუ ჩვენ მივყიდით საქართველოს ჩინელებს (და, ცხადია, მათ საამისო ფული, 300-400 მილიარდი დოლარი აქვთ), მერწმუნეთ, ხუთი წლის შემდეგ ჩინელები აქ ზღაპრულ ქვეყანას ააგებენ და ათასობით, ასი ათასობით შემოვლენ მომენტალურად. თუმცა ეს უკვე ქართველების სახელმწიფო არ იქნება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამის ჭკუა არ გაგვაჩნია, საკუთარ საოცარ ქვეყანას მოვუაროთ. კარიბის ქვეყნების სტატისტიკა ჩვენთვის სანიმუშოდ არ გამოდგება. იქ სხვა პრობლემები, სხვა ინიციატივებია. ჩვენ სხვა საფრთხეები გვაქვს“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ და განმარტა, რომ ჩვენი ქვეყანა სამი ფუნდამენტური მოსაზრებიდან უნდა გამოდიოდეს - პირველი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოება, მეორე, ეკონომიკური ინტერესები და, მესამე, -თანამშრომლობა საკუთარი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით. თუმცა 25 წელიწადია, საქართველოში ამ პოლიტიკას არ მისდევენ. ასე რომ, პასპორტების გაყიდვით იბერიის გაბრწყინებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის „აფბას“ ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუ ვინმე ფულს შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში და ეს ფული ჩვენი ეკონომიკისთვის პოზიტიური იქნება, მისი ეროვნება, ჩინელი იქნება თუ სხვა წარმომავლობის, არ უნდა განისაზღვრებოდეს.
ანალიტიკოსის თქმით, ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო თუკი ვინმესთვის სასარგებლოა, ეს სწორედ ინვესტორების მიმართაა. ამდენად, მოქალაქეობის მინიჭების დამატებითმა პრეფერენციებმა საეჭვოა, დადებითი ეფექტი გამოიწვიოს. ვინც საქართველოს ეკონომიკაში ფულის ჩამდებია, ის ისედაც ჩადებს თანხას. მოქალაქეობის მიცემა რას უნდა აძლევდეს ინვესტორს? საქართველოს მოქალაქეობის სახით უცხოელ ინვესტორს განსაკუთრებულს რას ვთავაზობთ? ჩვენ ხომ არ ვართ მაღალგანვითარებული ქვეყანა, სადაც ინვესტორისთვის, ბევრი ფულის მქონე პიროვნებისთვის მოტივაცია იქნებოდა საქართველოში ცხოვრება?!
„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციები რეალურად ძალიან ბევრია. თუ შევადარებთ განვითარებულ სახელმწიფოებს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტს ან სხვა მაჩვენებლებს, ეკონომიკის პროპორციებიდან გამომდინარე, ჩვენთან ინვესტიციები გაცილებით ბევრია, ვიდრე ჩინეთში, ევროკავშირის ქვეყნებში ან თუნდაც იმავე აშშ-ი. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ხარისხიანი ინვესტიციების მოძიება, რაშიც იგულისხმება ტექნოლოგიებტევადი და ინოვაციებზე ორიენტირებული ინვესტიციები.
ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა გადასახედია. არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასე ცალსახად ყველა ტიპის ინვესტიცია კარგია. ეკონომიკაში ასე ნამდვილად არ არის. არსებობს კარგი და ცუდი ინვესტიციები. მაგალითად, იგივე ჩინეთი გარკვეულ პოლიტიკას ატარებს, რომ აქცენტი გაკეთდეს მხოლოდ ხარისხიან ინვესტიციებზე. დროა, საქართველოს მთავრობამაც დაიწყოს ინვესტიციების ტიპისა და შინაარსის გარჩევა. ის ფაქტი, რომ კარიბის ქვეყნებმა 2 ათასი პასპორტი გაყიდეს უცხოელებზე, შეიძლება, მათთვის დამატებითი გარანტიების მიცემით აიხსნას; შესაძლოა, კარიბის ზღვის აუზი მათთვის შედარებით უკონტროლო სივრცე იყოს. საქართველო კი მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე შავი ხვრელი ნამდვილად არ არის. პირიქით, ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით ცივილიზებულ დასავლურ ინსტიტუციებს“,-აღნიშნა ზურაბ კუკულაძემ.
მანვე გაიხსენა ნობელის პრემიის ლაურეატის, ამერიკელი ეკონომისტის ჯოზეფ სტიგლიცის საინტერესო შეფასება, რომ ყველა ინვესტიცია არ შეიძლება იყოს ქვეყნისთვის სასარგებლო და შემოსული ერთი დოლარი აუცილებლად გაიტანს ქვეყნიდან სამ დოლარს. აქედან გამომდინარე, ქვეყანამ თვითონ უნდა იფიქროს განვითარებადი და ტევადი დარგების შექმნაზე, რომლის გადაბარებასაც ახლა ინვესტორებზე ცდილობს. ასე რომ, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა მთლიანად შესაცვლელია.