"მკვლელს, ვინც ხარძიანი მოკლა, სურდა იმ დღეს ჯონი გიგანის ლიკვიდაციაც"

სად დააფიქსირა მკვლელი ვიდეოკამერებმა? რატომ არ იბარებენ კოტე კუბლაშვილს დაკითხვაზე? რომელ ყოფილ ძალოვან "ნაციონალს" დააპატიმრებენ მალე?

"ალიას" ესაუბრება "უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე:

- ეკა კვესიტაძემ თავისი კვირის გადაცემა "აქცენტები" მიუძღვნა გოგა ონიანის სასამართლო პროცესს. დავით შათირიშვილი, რომელსაც 2012 წელს ჩაუდეს ნარკოტიკი და დააპატიმრეს იმის გამო, რომ "ოცნების" მაისურებს ბეჭდავდა, სწორედ ამ ონიანის მითითებით იქნა დაპატიმრებული და ამ ოპერაციაში მონაწილე პოლიციელებიც ამას ადასტურებენ, რომ სწორედ ონიანმა უბრძანა მათ, ეს დანაშაულებრივი ქმედება განეხორცილებიათ. რასაც ვუყურებთ, ნათლად ჩანს, რომ ახლა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა ონიანი ტანჯულად და შარავანდედიან წამებულად გამოიყვანონ. ამჟამად ეს პირი გააქტიურებულია: ვნახეთ, ივანიშვილის სახლთან როგორ მოაწყო პატარა პერფორმანსი, როცა მივიდა და ხეზე ჩამოკიდა ფურცლები, სადაც ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირებები იყო ჩამოწერილი. ეს იმის მანიშნებელია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ეს წარმომადგენელი დარწმუნებულია, მას მალე დააპატიმრებენ და ამდაგვარი ქმედებებით სურს, პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭოს, რომ ამ ამბით შემდეგში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისპეკულიროს. გარდაუვალია ონიანის დაკავება, ის ამ წუთას ბრალდებულია, გარეთ გირაოთია გამოშვებული და ვერ გაექცევა მართლმსაჯულებას, ამიტომ ამ კაცის გათეთრებაში "რუსთავის 2" ჩაერთო სრული სვლით. ასევე, გაიხსენეთ ოთარ კახიძე, რომელიც 21 მარტს ნაციონალების აქციაზე გამოვიდა და მერე თუთბერიძემ ბოლოს სიტყვებით აგინა, აი, ამ კახიძესაც ეს ბედი ელის და სხვა მსგავს ადვოკატებს: რომეო საჯაიასა და სხვებს, რომლებიც ყოფილი პროკურორები და იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნები არიან, რაც არ უნდა იაქტიურონ და მკვეთრი განცხადებები აკეთონ, ეს ვერ უშველით. სამწუხაროდ, ეს "ძალიან მალე" იწელება დროში, რადგანაც სასამართლო გამოძიება მიდის ნელი სვლით.

სხვათა შორის, ერთი სვანის პირით ონიანის მამამ შემომითვალა, რას ერჩის ჩემს შვილსო, რა დაგიშავა ამისთანაო. ვინმეს კი არ ვერჩი, იმ ადამიანების წინააღმდეგ ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას, რომლებმაც საქართველოში ტერორი დაამკვიდრეს.

საერთოდ, "ნაციონალებს" აქვთ ასეთი ტაქტიკა, რომ დაინახავენ, რომ რომელიმე მათიანი ხვალ ან ზეგ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, მათი მხრიდან მიდის დიდი პიარი. მათ უკეთდებოდათ ის იმიჯი, რომ ეს ადამიანები სიმართლისთვის მებრძოლები არიან და გარდა იმისა, რომ ყოფილი ძალოვნები არიან, თან პოლიტიკური ნიშნითაც ხდება მათი დევნა, მაგრამ მათ ეს არ უშველით. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ონიანი და სხვა მსგავსი ყოფილი ძალოვნები მუშაობენ პოლიციაში დარჩენილ გარკვეულ თანამშრომლებზე, რათა პოლიციის იმიჯის შელახვა მოხდეს, ანუ ავრცელებენ ინფორმაციებს, რომ აი, ხომ ხედავთ თქვენ ამ ხელისუფლების ხელში დაუცველები ხართ და, ხომ ხედავთ, პოლიციელებს როგორ წამდაუწუმ კლავენ, რომ "ნაციონალების" დროს როგორი დაცულები იყავითო.

სერიულ მკვლელობებზე რა ინფორმაცია გაქვთ? "ნაციონალების" მხრიდან უკვე გაჟღერდა, რომ პოლიციელის მკვლელმა, აბულაძემ, კარგად იცის მოტოციკლის ტარება და ესეც უკვე მინიშნება ხომ არ არის ხარძიანის მკვლელობაზე?

- აბულაძე მოტოციკლეტს მართავს თუ არა, ეს დანამდვილებით არ ვიცით და ახლა უნდათ, გამოიყენონ ეს კაცი. მერე არც ისაა გამორიცხული, რომ თავად აბულაძის ლიკვიდაცია მოახდინონ "ნაციონალებმა", მას შეაწმინდონ ხელი და თავად ესენი რომ ამაზე არ აპირებენ გაჩერებას, ეს ხომ ისედაც ჩანს? ამ მკვლელობებით "ნაციონალებმა" ვერ მიაღწიეს მიზანს და ხალხი ვერ დაგეშეს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამიტომ დღეს მათ უნდათ კიდევ მეტი გვამი. მერაბიშვილი რომ ორ გვამს ითხოვდა, ტყუილად კი არ ითხოვდა? ესენი არიან გვამებზე დაგეშილი ადამიანები და ამიტომ მათი მოთხოვნა კიდევ უფრო მეტია: იმდენი გვამი დაიდოს, რამდენი ცხედარიც გამოიყვანს ქართველ ხალხს ქუჩაში და მათ ჩამოაგდებინებენ ამ ხელისუფლებას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს ადამიანები არ გაჩერდებიან, სანამ შედეგს არ მიიღებენ. ამიტომ თავიდან ბოლომდე ვეთანხმები ირმა ინაშვილს, რომელმაც თქვა, რომ სანამ ესენი არ ჩამოათრევენ ყურებით იმ "ზონდერებს" უკრაინიდან და სანამ მათ ციხეებში არ გამოამწყვდევენ, ეს ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება.

კუბლაშვილმა თავი დაგვიკრა პატიოსანი კაცივით, სამსახური დატოვა და, მაინტერესებს, რატომ არ ხდება მისი დაკითხვა?

- ეს კარგი გამახსენეთ, ეს მეც მაინტერესებს: ეს ხელისუფლება მისი პასუხისმგებლობის საკითხს რატომ არ აყენებს? მაინცდამაინც ელოდებიან, კოტე კუბლაშვილი საზღვრებს როდის გადაკვეთს და როდის წავა საქართველოდან? თუ უკვე რამე ვალდებულება იქნა აღებული, რომ კუბლაშვილი უვნებლად უნდა გადაადგილდეს ამ ქვეყნიდან?

ჩვენთან იყო უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თანამშრომელი მოსული და მან გვითხრა, რომ არსებული ინფორმაციით, ყოფილმა მთავარმა მოსამართლემ შეიძლება მოძუძგოს ან უკრაინაში, ანდა გერმანიაშიო.

- ჰოდა ველოდებით, როდის მოძუძგავს სინამდვილეში?.. და მერე უნდა დაიწყოს მისი საქმის გამოძიება? სააკაშვილს რომ ამოეწურა ვადა, ეგრევე გაიქცა უკრაინაში და ეს ხომ აქ არის? მაგ კუბლაშვილის დაჭერით ძალიან ბევრი საქმე გაიხსნება, რადგანაც გავიგებთ, ვისზე მიდიოდა ნამდვილად დაკვეთები, ხომ ლაპარაკობს უამრავი მოსამართლე, რომ მაღლიდან იყო დაკვეთა? ჰოდა, რატომ არ იბარებენ დაკითხვაზე? კონტროლის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანია ნოდარ ლიპარტელიანი, რომელმაც განმიცხადა, რომ კოტე კუბლაშვილი სამეურნეო საქმეებშიც არის მხილებული და საიდუმლო აუდიტის დასკვნა არსებობს, რომ შენობების რეკონსტრუქცია რომ მიმდინარეობდა უზენაესში, იქ იყო გაუმჭვირვალე ტენდერები და კუბლაშვილი ამარჯვებინებდა თავის ხალხს, რომ ოფიციალურად იკვეთება არაერთი დარღვევა. ბოლოს და ბოლოს, სასამართლოს განაჩენებს თავი დავანებოთ, ამით დაიწყონ და მერე გავიდნენ უკვე სასამართლოს დიქტატსა და შეკვეთილ სამართალზე.

მაგასაც რომ არავინ აკეთებს?

- ეგ იწვევს მერე მთელ რიგ გაუგებრობას და ხალხში აგრესიას ამ ხელისუფლების მიმართ. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ შესაძლოა, შეკვეთილი მკვლელობები განხორცილდეს: ფულს გადაუხდი, ჩამოიყვან ვინმეს და ის შეასრულებს საქმეს, დატოვებს საზღვარს და მორჩება საქმე.

სულ ახლახან მომაწოდეს ინფორმაცია და ამ ინფორმაციას თქვენთან ვაჟღერებ პირველად, რომ ამ მკვლელს, ვინც ხარძიანი მოკლა, სურდა იმ დღეს ჯონი გიგანის ლიკვიდაციაც, ეს მოტოციკლეტისტი ტრიალებდა გიგანის ოფისთან, "მორკინალთან", ეს ვიდეოთვალითაა დაფიქსირებული, ეს პირი იქიდან გაიქცა და ვერ მოხდა მისი დაკავება. ჩემი ინფორმაციით, არათუ ფოტორობოტი, მისი ფოტოც აქვს პოლიციას.

კომენტარისთვის დავუკავშირდით საუბრის დროს არაერთგზის ნახსენებ გოგა ონიანს და მჟავანაძის ბრალდებები გავაცანით:

-ვინც ამ "აქცენტებს" უყურა, საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი, მიუხედავად მისი პოლიტიკური ორიენტაციისა, დაინახავდა, რომ ბრალდების მოწმეებზე არის ზეწოლა და ადამიანები, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ ამ საქმეში, ჩემთან ერთად, დღეს არიან დაწინაურებულები, რადგანაც მათ მოეხსნათ ბრალი და დარჩნენ პოლიციაში. ანუ კარგად ჩანს, რა სახის მართლმსაჯულებასთან გვაქვს საქმე.

ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ თქვენ აუცილებლად დაგიჭერენ, თან ძალიან მალეო და აცხადებს, რომ მამათქვენმა მას კაცი მიუგზავნა მოსარიგებლად, რომ თქვენ თავი გაგანებოთ.

- ის, რომ უნდა დამიჭირონ თუ არა, ეს ამ ხელისუფლების ხელში გამორიცხული არ არის, რადგანაც მჟავანაძემ ბევრი ინფორმაცია იცის და ესეც შეიძლება, იცოდეს, მაგრამ მე ნაკლებად მანერვიულებს, დამაკავებენ თუ არა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებას გაეგო, როგორი სახით მებრძვიან და რა სახის მართლმსაჯულებას ახორცილებს დღევანდელი ხელისუფლება.