რატომ უწოდეს ჩიორა თაქთაქიშვილს

რატომ უწოდეს ჩიორა თაქთაქიშვილს "ავადმყოფი"?

27 ნოემბერს დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევარზე პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე კამათი "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ჩიორა თაქთაქიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მერაბ კაჭახიძეს შორის დაიწყო. კაჭახიძემ თაქთაქიშვილს ავადმყოფი უწოდა. დეპუტატების კამათში "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ და კაჭახიძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით  გაიწიეს.

რა ხდებოდა სხდომაზე? რა თქვა ისეთი თაქთაქიშვილმა, რასაც მერაბ კაჭახიძის ასეთი რეაქცია მოჰყვა?

"ალია" კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას დაუკავშირდა:

- საკომიტეტო სხდომა მიმდინარეობდა, მეორე მოსმენით, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობდნენ, სამუშაო გარემოდან პოლიტიკურ დებატებში გადაეტანათ პროცესი. დეპუტატ მერაბ კაჭახიძესა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კონფლიქტი ჩიორა თაქთაქიშვილის მორიგ პროვოკაციას მოჰყვა.

კომიტეტის სხდომაზე, უცებ, რამდენიმე დეპუტატი - გაბაშვილი, თევდორაძე, კანდელაკი, თარგამაძე და სხვები ერთად შემოვიდნენ და ვითარება დაიძაბა. სიტუაცია მანდატურის ჩარევით განიმუხტა. "ნაციონალური მოძრაობის" ამოცანა იყო სხდომის ჩაშლა.

უფრო დეტალურად "ალიას" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკიც ესაუბრა:

ბატონო გიორგი რა თქვა ასეთი თაქთაქიშვილმა რასაც კაჭახიძის ასეთი რეაქცია მოჰყვა?

- კონფლიქტი არც იმხელა მასშტაბის არ იყო, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გააბუქეს. ჩიორა თაქთაქიშვილის ჩვეული მანერა ხომ იცით? მწარე და უზრდელობასთან ძალიან ახლო ციტატა წარმოთქვა, რომლის ყოველი მეორე სიტყვა იყო მწარე, უცერემონიო, აბსოლუტურად უტაქტო და შეურაცხმყოფელი, როგორც სჩვევია. რაზეც მერაბ კაჭახიძემ უთხრა, რომ ეს იყო ავადმყოფური საუბარი. ალბათ, მერაბ კაჭახიძეს არ უნდა ეკადრებინა მისთვის ეგ სიტყვა, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც სიტუაციამ განაპირობა.

ეს კონფლიქტი არ მოჰყოლია რაიმე პროფესიულ კამათს, არ იფიქროთ, რომ თემას ვაუბრალოებ, არ იფიქროთ ეს ერთი წუთითაც. "ნაციონალებს" კომიტეტის სხდომაზე, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სჩვევიათ... როცა არგუმენტები გამოეცლებათ, მათთვის დამახასიათებელია, რომ გადადიან შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. ჩიორასთვის ხომ საერთოდ, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. 

სამწუხაროდ, მედიის დიდი ნაწილისთვის ეს სხდომა, ამ კონფლიქტის გამო, უფრო აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, ვიდრე სხდომის შინაარსი და კითხვები, რომელიც თქვენ დამისვით, რატომ მოხდა და რა მიზნით დაპირისპირება, არავის დაუსვამს.

რომ ჩაცხრა სიტუაცია ამის შემდეგ კიდევ ხომ არ გაგრძელებულა?

- იმ დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოცვივდნენ, შეიკრიბნენ, მაგრამ კონფლიქტი რომ ამოიწურა, გაგრძელება არ მოჰყოლია. სხდომა გაგრძელდა და მშვიდობიანად დასრულდა.

რა საკითხს იხილავდით?

- იმ პროექტს, რომელსაც ჰქვია ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტი და ხვალ გაგრძელდება ამაზე საუბარი. ჩაატარეს კენჭისყრა, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კომიტეტზე, პროცედურით ამ თემის განხილვა აუცილებელი იყო. ამ თემის განხილვაში აჟიოტაჟის შემოტანა არგუმენტების გარეშე დარჩენილი "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესი იყო.