გომბორის ხიდი და დეპუტატ ხიდაშელის ფოჩიანი კანფეტები

გომბორის ხიდი და დეპუტატ ხიდაშელის ფოჩიანი კანფეტები

სოფელ გომბორის ხიდი... ეს ნაგებობა, რომელიც დედაქალაქს თუ არა, ნებისმიერ რაიონულ ცენტრს უეჭველად დაამშვენებდა, ღირსია, რომ მისი მშენებლობის პერიპეტიები შევახსენო მკითხველს. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ზუსტად ოთხი წლის წინათ, 2010 წლის შემოდგომაზე, ზარ-ზეიმით, ჩვეული ტაშფანდურით და “მიშა, მიშა”-ს შეძახილებით ნაციონალებმა მორიგი “საუკუნის მშენებლობის” - თბილისი-გომბორი-თელავის საავტომობილო ტრასის - დასრულება აღნიშნეს.

თელაველებისა და გომბორელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან საგრძნობლად შემოკლდა მანძილი თბილისამდე, თუმცა მათ სიხარულს დიდი დღე არ ეწერა; და, აი, რატომ - აწ უკვე ისტორიულ სანაგვეზე მოსროლილ “ნაციონალურ” ხელისუფლებას ყოველთვის ისე ეჩქარებოდა, რომ მშენებლობის უსაფრთხოების ნორმებს არად აგდებდა. კახეთის (თბილისი-გომბორი-თელავის) გზის დაგების სირთულე განპირობებული იყო რელიეფითა და ეროზიული პროცესებით, რომლებიც დამახასიათებელია ამ რეგიონისათვის.

ის მძღოლები, რომელთაც ტრასის მშენებლობამდე სოფელი გომბორი გაუვლიათ, უთუოდ შენიშნავდნენ ეკლესიასთან საგზაო ნიშანს, გამვლელ-გამომვლელს რომ აფრთხილებს ამ უბნის (საუბარია გომბორის ეკლესიის ქვეშ გამავალ გზაზე და მიმდებარე ხევის დამეწყრილ უბანზე) მეწყერსაშიშროებაზე.

ტრასის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ მშენებლებმა მოსალოდნელი დამეწყვრის თავიდან ასაცილებლად ხევში სახიფათო ადგილის გასამაგრებელი სამუშაოები დაიწყეს, თუმცა პირიქით უნდა ყოფილიყო - ჯერ ფერდობი გაემაგრებინათ და შემდეგ მოეხდინათ გზის რეაბილიტაცია. ასეა თუ ისე, დიდი რაოდენობით შემოიტანეს მიწა და ქვა, დაფარეს კალაპოტი ინერტული მასალით (დაახლოებით 400 მეტრის სიგრძეზე) და გააკეთეს ხელოვნური მიწაყრილი, რომლის დონეც გაცილებით აღემატებოდა რიყის დონეს. მდინარე გომბორულას შეუცვალეს კალაპოტი და წყალი მიუგდეს მარჯვენა ნაპირს, სადაც მოსახლეობაა. დამეწყრილ ფერდობს დამცველი კონსტრუქცია აუგეს, სამწუხაროდ, დამპალი სალიანდაგე შპალებისგან. ამ უაზრო ნაგებობამ აღაშფოთა მოსახლეობა, რომელმაც 2011 წლის 14 ივნისს საგარეჯოს გამგეობას საგანგებო წერილით მიმართა, რომ გაუგებარმა კონსტრუქციამ მდინარის კალაპოტი 5 მეტრით შეავიწროვა, რაც ძლიერი წვიმების დროს აუცილებლად გამოიწვევდა მოსახლეობის დატბორვას.

2012 წლის 19 ივლისის წყალდიდობამ თვალნათლივ დაადასტურა მოსახლეობის ვარაუდი - უხარისხოდ და არაკომპეტენტურად აგებულმა კონსტრუქციამ ვერ გაუძლო სტიქიის პირველივე შემოტევას. მოვარდნილმა წყალმა გაბიონიდან გამორეცხა ქვის ლოდები და წაიღო ხიდისკენ. ლოდებს დაემატა მოგლეჯილი ხეები. ხიდი ჩაიხერგა და გადაიქცა ხელოვნურ კაშხლად; დაიწყო მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა.

აი, როგორ იხსენებს იმ კოშმარულ ღამეს ხიდთან ახლოს მცხოვრები ტარიელ სიხარულიძე:

 “იმ ღამეს მძლავრმა გრუხუნმა გამაღვიძა. მეგონა, სოფელს ბომბავდნენ. როგორც შემდგომ გაირკვა, ამ გრუხუნის მიზეზი იყო გაბიონიდან გამორეცხილი ლოდები, რომლებიც ხიდს ასკდებოდა. წყალი ჩემს კარ-მიდამოშიც შემოვარდა. სახლში, მეუღლის გარდა, იმყოფებოდა ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი. გავაღვიძე მეუღლე და ვუთხარი, ვიდრე გვიან არ არის, ბავშვებთან ერთად სახლი დავტოვოთ-მეთქი. როცა აივანზე გავედით, წყალი უკვე სახლს იყო მომდგარი. ეს კარგს არაფერს გვიქადდა, რადგან ჩვენი სახლის ახლოს არის მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი, რომელიც უეჭველად დატბორილი იქნებოდა. დავურეკე საგანგებო სიტუაციების სამსახურს. მისმა თანამშრომლებმა გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი გასაჭირი და საშველად შვეულმფრენის გამოგზავნა გადაწყვიტეს. ამ დროს საშინელი გრუხუნის ხმა გაისმა, რომლის შემდეგ წყლის დონემ სწრაფად დაიწყო კლება. აღმოჩნდა, რომ უზარმაზარი ლოდი ხიდს შეეჯახა და მოწყვიტა ის, რითაც გაარღვია ჩახერგილი ხეებითა და ლოდებით შექმნილი კაშხალი. რომ არა ის მართლა დალოცვილი ლოდი, ვერ გეტყვით, ცოცხალი გადავრჩებოდით თუ არა”.

2012 წლის 19 ივლისის წყალდიდობამ ააოხრა და წალეკა მდინარე გომბორულას პირას მცხოვრები სიხარულიძეებისა და ზალიევების ოჯახების ნაკვეთები. წყალი შევარდა რეზო ქოჩაშვილისა და გივი წიწილაშვილის ნაკვეთებშიც. დაიტბორა ხიდის მიმდებარე სოფლის გზაც.

2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში რედაქციის დავალებით ჩავედი გომბორში და შევხვდი ტანჯულ მოსახლეობას. ბეტონის კედლის მშენებლობა სრული სვლით მიმდინარეობდა. ადგილობრივებს დავპირდი, რომ მათ გასაჭირზე გაზეთის მეშვეობით აუცილებლად ვაცნობდი ფართო საზოგადოებას და, უპირველეს ყოვლისა, რედაქცია მოსთხოვდა შესაბამის სამსახურებს ხიდის აღდგენას, ხოლო დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემას, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებისგან სიხარულის ეიფორიაში მყოფმა გომბორელებმა მთხოვეს, არჩევნებამდე ჩვენთან მოვიდა თინათინ ხიდაშელი და სიტყვა მოგვცა, ამ და სხვა პრობლემებსაც მოგიგვარებთ, ოღონდ არ დაიზაროთ, მიდით საარჩევნო უბნებში და ხმა “ქართულ ოცნებას” მიეცითო. დღეს ახალი ხელისუფლება მოვიდა, ვაცალოთ, მით უმეტეს, ასეთი ყოჩაღი გოგო - თინიკო - გვყავს დეპუტატიო..

რა გაეწყობოდა, წერილი არ დავწერე და გომბორის ხიდის ამბავიც დავივიწყე. გომბორელები გამახსენდა 2013 წლის ივნისში, როდესაც საგარეჯოს გამგებელი დააპატიმრეს. საინტერესოა, როგორ აქვთ საქმე? შეუსრულა მათ დანაპირები “ყოჩაღმა გოგომ - თინიკომ”?..  რვა თვის შემდეგ ხევის ქუჩის მცხოვრებლების ალყაში მოვექეცი...

აი, რა მითხრა სტიქიით დაზარალებულმა დილბარა ზალიევამ: “ძალიან ვნანობთ, რომ ჩვენი თხოვნით თქვენს გაზეთში წერილი არ გამოაქვეყნეთ. ხიდაშელმა უსინდისოდ გაგვაცურა! კარგად მახსოვს, ატირებულს მითხრა: დეიდა, ნუ ნერვიულობ, ნუ ტირი, ყველაფერს აგინაზღაურებთ, თუ არჩევნების დღეს საარჩევნო პუნქტში 41-ს შემოხაზავთო...”

გავარკვიე, რომ არჩევნების შემდეგ ქალბატონი ხიდაშელი გომბორში არც კი გამოჩენილა! ის მხოლოდ საგარეჯოში უნახავთ და გომბორელებს ხიდის აშენებას დაჰპირებია...

შარშან, თებერვალში, სოფლის საერთო კრება ჩატარდა. საგარეჯოს გამგეობიდანაც იყვნენ ჩასულნი ახალი გამგებლის - ლოლაძის - მეთაურობით, რომელმაც უთხრა გომბორელებს, თანხა გამოყოფილია და, უპირველეს ყოვლისა, ხიდი უნდა აიგოსო; პარალელურად, გზებიც მოიხრეშება, წყალსაც გამოგიყვანთ, მარტში დავიწყებთ მშენებლობასო! თუმცა გავიდა მარტი, აპრილიც, მაისიც...

საბედნიეროდ, გომბორელები მებრძოლი ხალხი აღმოჩნდნენ. არ შეურიგდნენ საგარეჯოს რაიონის ხელმძღვანელობის სიცრუეს და 2013 წლის აპრილში, მოსახლე ოთარ ჩახუნაშვილის ინიციატივით, საშველად თავიანთ მაჟორიტარს - თინათინ ხიდაშელს მიმართეს დახმარების თხოვნით.

გთავაზობთ ამონარიდს ამ მიმართვიდან:

“ქალბატონო თინათინ! გაცნობებთ, რომ 2012 წლის ზაფხულში სტიქიის დროს ადიდებულმა მდინარე გომბორულამ მთლიანად გაანადგურა ერთადერთი ხიდი. დღეისთვის ხევის მოსახლეობა, სანამ მდინარეში ჯერჯერობით ცოტა წყალია, კიდევ ახერხებს მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლას, თუმცა წყლის დონის მომატების შემთხვევაში, რაც უკვე მოსალოდნელია გაზაფხულის დღეებში, ჩვენ, ამ წერილის ხელმომწერნი, აღმოვჩნდებით კატასტროფულ მდგომარეობაში. კერძოდ, ვერც მაღაზიაში გავალთ არსებობისთვის საჭირო პროდუქტების საყიდლად, ვერც ექიმს გამოვიძახებთ ავადმყოფთან და ვერც საქონელს გავრეკავთ საძოვრებზე.

სტიქიის შემოტევის შემდეგ, 2012-2013 წლებში, არაერთხელ მივმართეთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კახეთის გუბერნატორს, საგარეჯოს რაიონის გამგებელს დახმარებისთვის, რათა გადაეწყვიტათ ხიდის აღდგენის საკითხი...

ჩამოსული იყო არაერთი კომისია, ათვალიერებდნენ ადგილს, გვპირდებოდნენ დახმარებას და გვეუბნებოდნენ, რომ სახელმწიფოს თანხა ხიდის აღდგენისთვის გამოყოფილი ჰქონდა და სამუშაოები 2013 წლის მარტში დაიწყებოდა. მაგრამ, დასრულდა მარტი და კონკრეტული ქმედებები არ ჩანს. როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და დაიწყება თუ არა საერთოდ, ჩვენთვის უცნობია.

ქალბატონო თინათინ!  ჩვენ, სოფელ გომბორის თითოეული მცხოვრები, უმორჩილესად გთხოვთ, დაავალოთ სათანადო სამინისტროს, გამოგზავნოს სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ჩვენ მიერ დასმულ საკითხებს და გაგვიწევს დახმარებას, რათა ხიდის აღდგენის საკითხი დადებითად გადაწყდეს”.

ამ წერილს ასამდე ადამიანი აწერს ხელს. მიუხედავად ამისა, ქალბატონ ხიდაშელს არათუ შარშან, წლინახევრის შემდეგაც, ანუ დღემდე პასუხი არ გაუცია თავის ამომრჩევლისთვის!

არც არის გასაკვირი. საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თინათინ ხიდაშელი მოხეტიალე ფანტომივით ხან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დერეფნებს ჩაუქროლებს, ხანაც - ნატოს შტაბ-ბინის კაბინეტებს, თუმცა უსარგებლოდ; თავისი ამომრჩეველი კი ახსენდება წელიწადში ერთხელ, როცა წინასაახალწლო დღეებში საგარეჯოში ჩადის და ადგილობრივ ბავშვებს კანფეტებს ურიგებს. ვიმედოვნებ, ეს სასუსნავი ქალბატონ დეპუტატს თავისი ხელფასით აქვს შეძენილი და “დაუვიწყარი” ბესო ჯუღელივით სახელმწიფო ხაზინით არ სარგებლობს.

დღეს 2014 წლის ოქტომბრის თბილი დღეა. ვდგავარ გომბორის ახალაშენებულ ხიდზე და ბავშვივით მიხარია!.. ხევის ქუჩის მცხოვრებლები ხელის ჩამორთმევით მესალმებიან, ზოგი სახლში მეპატიჟება. ისევე, როგორც შარშან, წარმოშობით აზერბაიჯანელი მახრამ ხანკიშევის სახლის აივანზე ვსხედვართ, ჩაის მივირთმევთ და ბატონ მახრამის აუჩქარებელ, დინჯ, მშვენიერ ქართულ საუბარს ვუსმენ:

- “კარგი საქმე გაგვიკეთა თქვენმა რედაქციამ! მხოლოდ თქვენ გვიპატრონეთ და აიძულეთ ჩვენი ხელმძღვანელობა, დანაპირები შეესრულებინა. ორი წელი საშინელ მდგომარეობაში ვიყავით: ვერც ექიმთან წამიყვანდნენ, ვერც სასწრაფო მოვიდოდა, რადგან მანქანის გზა ჩაკეტილი იყო. მოვიდოდა წვიმა, ჩაიკეტებოდა გზა და ვიყავით, როგორც პატიმრები ციხეში! ასეა, შვილო, დიდი ძალა აქვს გაზეთს, როცა მშრომელი ადამიანის გასაჭირზე დაწერ და ბოლომდე იბრძოლებ სიმართლისათვის. მადლობის მეტი რა უნდა გითხრათ!”

გომბორის ხიდი უკვე სოფლის ღირსშესანიშნავ ადგილად იქცა, განსაკუთრებით - ბავშვებისთვის. მოდიან და ხან “დაჭერობანას” თამაშობენ, ხან ფეხბურთს! ვუყურებ მათ და სასიამოვნო განცდა მეუფლება, რადგან ამ ბავშვების სიხარულში ჩემი წვლილიცაა.

მაგრამ თბილისში კარგი განწყობით დაბრუნება არ გამოდის...

თბილისი-გომბორი-თელავის ტრასა ნაგავსაყრელადაა გადაქცეული! ნაგავს ყრის ადგილობრივიც და გამვლელიც და ამ უმსგავსობას ბოლო არ უჩანს! არადა, ევროპაო, დასავლეთისკენ მივისწრაფითო... სხვათა შორის, ევროპელები ამ გზით მოგზაურობენ თელავში და ხანდახან ჩერდებიან კიდეც. რა დასკვნას გამოიტანენ, როცა იქვე, გზასთან ბუზების გუნდი შემოესევათ და დამპალი ნარჩენების “არომატს” ჩაისუნთქავენ? არც დანაპირები წყალია გაყვანილი სოფელში, არც გზები - მოხრეშილი...

კიდევ მომიწევს გომბორში ჩასვლა. რა გაეწყობა - პროფესია ხომ ჩემი ნებით ავირჩიე...