გენერალ უჩავას ბიწაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას თხოვენ

გენერალ უჩავას ბიწაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას თხოვენ

22 მაისს, დილის 7 საათზე კოსტავას გამზირზე მომიტინგეებსა და ძალოვნებს შორის მომხდარი ინციდენტი საზოგადოებისთვის ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა გენერალი გია უჩავა დააკავეს. ტელევიზიები გამუდმებით ატრიალებენ პოლიციის კუთვნილ ავტომანქანა “ფოლსვაგენზე” მომიტინგეთა თავდასხმის ამსახველ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ უშენენ გამწარებული ადამიანები ავტომანქანას ხელკეტებს.

ასეთი მასშტაბით ძალოვანთა საპასუხო ქმედება არ გაშუქებულა. აქციის მონაწილეებს ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა რეზინის ტყვიები დაუშინეს და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. იმ დროს მანქანაში დაკავებული გენერალი იჯდა. ცხადი იყო, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ვინმეს მოუწევდა პასუხისგება. ძალოვნებმა ეს ბრალდება დაკავებულ გენერალს წაუყენეს და ე.წ მოდულის შენობაში გადაიყვანეს.

უჩავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა იმსჯელა. გამოძიების მტკიცებით, დაკავებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს.

56 წლის გია უჩავა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს, ის გამსახურდიას გვერდით იდგა. ადრე ნასამართლევი არ არის. ჰყავს მეუღლე და შვილები. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ იგი პროფესიით არტილერისტია და ბოლო დროს საზოგადოებრივი მოძრაობა “სახალხო კრების” კოორდინატორი იყო თავდაცვის საკითხებში.

სასამართლო სხდომაზე განსასჯელის ინტერესს სახაზინო ადვოკატი კონსტანტინე ბაძაღუა იცავდა. მან უჩავას გათავისუფლება 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა, მაგრამ ეს შუამდგომლობა ფუხაშვილმა არ დააკმაყოფილა და დაკავებულს 54–დღიანი პატიმრობა შეუფარდა. უჩავას ბრალი ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ადვოკატის, კონსტანტინე ბაძაღუას განმარტებით, ბრალდებული აღიარებს, რომ პოლიციასთან შელაპარაკება მოუვიდა. “თქვა, არ ვარ მართალი და ჯობდა პოლიციასთან დაპირისპირება არ მომსვლოდაო. არ ამბობს, რომ რაღაცის გაფუჭება და დაშავება უნდოდა. ამბობს, რომ მას პროვოკაციებისგან თავდაცვითი საკითხების მოგვარება და მიტინგში მონაწილე ხალხის სხვა გართულებებისგან დაცვა ევალებოდა. ისინი არავის დასხმიან თავს და ცდილობდა სიტუაცია ბოლომდე არ გართულებულიყო. ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ, თუმცა არ აქვს დაკონკრეტებული, თუ რა დააშავა”, – აცხადებს  ადვოკატი. მისი თქმით, უჩავა ადასტურებს, რომ მის დაკავებას აქციის მონაწილეთა პროტესტი მოჰყვა. უჩავას ჩვენება ვიდეოკამერითაა ჩაწერილი.

საქმეში ბაძაღუა მას შემდეგ ჩაერთო, რაც ადვოკატებმა მანანა კობახიძემ და ნათია კორკოტაძემ საქმეზე თვითაცილება მოითხოვეს. რა უძღოდა წინ ამ სასამართლო პროცესს, რატომ ახდენდნენ ზეწოლას პროკურატურაში ადვოკატებზე, რატომ დასჭირდა ადვოკატ ნათია კორკოტაძეს სასწრაფო დახმარება და რას ითხოვდნენ დაკავებულისგან ძალოვნები? ამას მანანა კობახიძეისა და ნათია კორკოტაძის კომენტარებიდან შეიტყობთ.

მანანა კობახიძე, ადვოკატი:  
– მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უფლებათა დაცვას ვახორციელებთ. ვხვდებით  დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორში და ვაფიქსირებთ, ხომ არ მოხდა მათზე ცემისა და წამების ფაქტები. როცა საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებს, მათ სასამართლოშიც ვიცავთ. ამ დღეებში რამდენიმე ათეული ადამიანის საქმე შემოვიდა ორგანიზაციაში. მათ შორის გენერალ გია უჩავას სისხლის სამართლის საქმე იყო. იგი 22 მაისს, დილით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა აიყვანეს. ადვოკატ ნათია კორკოტაძესთან ერთად შევხვდი. თქვა, რომ ბრალი ედებოდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, მაგრამ ისიც უთხრეს, რომ სამშობლოს ღალატსაც ედავებოდნენ. განვუმარტეთ, რომ ამ მუხლს სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობდა და ის შეცდომაში იყო შეყვანილი.

23 მაისს ჩვენ კვლავ შევხვდით უჩავას. ამბობდა, რომ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და არანაირი აღიარებითი ჩვენების მიცემას არ აპირებდა. გამომძიებელმა გოროზიამ მას ბრალი წაუყენა და ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა. მშვიდ ვითარებაში გააცნეს ბრალის დადგენილება, სადაც მითითებული იყო, რომ მას ჯგუფურად, სამართალდამცავთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი. გაგვიკვირდა, რატომ ჰქონდა ბრალდებაში ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაცია, როცა საქმეში მარტო ის ფიგურირებდა...

ამის შემდეგ ქალაქის სამმართველოში წავედით, რომ საქმის მასალები გადმოეცათ. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დოკუმენტები მოგვცეს და შენობა დავტოვეთ. ძალიან ნორმალურად დავცილდით პროკურორ დავით ხიზანაიძეს და გამომძიებელ დავით გოროზიას. ვთხოვეთ, იქნებ არ მოეთხოვათ დაპატიმრება, რადგან ბატონ გიას შეუბღალავი წარსული აქვს და გაეთვალისწინებინათ. იშვიათი გამონაკლისია, მაგრამ თავად პროკურორი ამბობდა უჩავაზე, ძალიან წესიერი ადამიანიაო. ნახევარი საათი იყო გასული, როცა გამომძიებელმა დარეკა და სასწრაფოდ, ე.წ მოდულის შენობაში მისვლა მოგვთხოვა. 10 წუთში მე და ნათია კორკოტაძე მივედით... წინასწარი დაკავების იზოლატორში შეგვიყვანეს და საგამოძიებო ოთახში ბატონი გია უჩავა ძალიან ანერვიულებული დაგხვდა.

რატომ?
– გაოგნებულები ვუყურებდით ამ ადამიანს. მხოლოდ 2 საათი იყო გასული ჩვენი შეხვედრიდან და ადამიანი უკვე ვეღარ ვიცანით. აბსოლუტურად, სულ სხვა პიროვნება იდგა ჩვენს წინ. მას ადამიანის ფერი არ ედო. გათეთრებული იყო. ვკითხეთ, ხომ არ საჭიროებდა ექიმს. უარი თქვა. გვითხრა, რომ აპირებდა დანაშაულის აღიარებას. იქვე, მაგიდაზე კამერა დავინახეთ და მივხვდით, რაც ხდებოდა. პროკურორმაც განგვიმარტა, ახლა აღიარებითი ჩვენება უნდა მოგვცეს და თქვენ უნდა დაესწროთო. ვითხოვეთ, პატიმართან განმარტოვების საშუალება მოეცათ, რადგან ადამიანი აშკარად დამუშავებული იყო.

20 წუთი ვესაუბრეთ უჩავას და ვცდილობდით გაგვერკვია, რა იყო მისი პოზიციის შეცვლის მიზეზი. ამბობდა, მე უნდა მივცე ჩვენება, ჩემი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს აუცილებელიაო. ქალბატონმა ნათია კორკოტაძემ ჰკითხა, ხომ არ მიიღო რაიმე პრეპარატი ან წამალი. უჩავამ გვიპასუხა, რომ მან მხოლოდ წყალი დალია. ამანაც წარმოშვა ეჭვი. აშკარად, წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო და გამახსენდა ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზიო აღიარება. ეს ადამიანი სწორედ ისეთ მდგომარეობაში იყო. შეშლილი სახით იჯდა. ვურჩიეთ, რომ დამშვიდებულიყო, ექიმს გამოვიძახებდით და დამშვიდებულს მიეცა ჩვენება, მაგრამ ის დაჟინებით აცხადებდა, რომ სასწრაფოდ უნდა მივცე ჩვენებაო. ასეთ ვითარებაში ჩვენი მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში არასწორი იქნებოდა, ამიტომ თვითაცილების საკითხი დავაყენეთ.

ნათია კორკოტაძე ადვოკატი:
– ადამიანს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედავებიან და ის შეიარაღებულ გადატრიალებაზე საუბრობს, რაშიც ბრალი არ ედება. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო – ჩემი ცოლ-შვილი და ოჯახი საფრთხის ქვეშაა, ისინი უნდა გადავარჩინო და უნდა მივცე ჩვენება ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ, უნდა ვთქვა, რომ გადატრიალებას ამზადებდაო. ამის შემდეგ საპროცესო შეთანხმებას გამიკეთებენო. გაოგნებულები ვუყურებდით. პოლიტიკაში არ ვერევით, ადვოკატები ვართ და ვიცავთ ნებისმიერი ადამიანის ინტერესს, მაგრამ ასეთ ვითარებაში მყოფი ადამიანის დაკითხვაში მონაწილეობა არ შეგვეძლო, ეს უკანონობის დაკანონება იქნებოდა და ამიტომ თვითაცილება გადავწყვიტეთ.

ადვოკატი ფსიქოლოგიც არის და ამოცნობა არ უჭირს, ვერაფერს გამოაპარებ. პროკურორი დათო ხიზანაიძე ძალიან აქტიურობდა და როცა შენობიდან გამოსვლა დავაპირეთ, მან კატეგორიული უარი გვითხრა. აქედან ფეხს ვერ გაადგამთ, სანამ არ დავკითხავთო! მოითხოვდა დავსწრებოდით საგამოძიებო მოქმედებას. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ შიში გამიჩნდა. ბოლოს მათი ფსიქოლოგიური ზეწოლისგან ისტერიაში ვიყავი და ვითხოვდი, მოეცათ შენობის დატოვების უფლება. თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი. ისიც განვუმარტე, რომ გული მაწუხებდა. მითხრეს, რომ წყალს მომიტანდნენ, მაგრამ ქალბატონი მანანაც გავაფრთხილე, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მათ მოწოდებულ წყალს არ დავლევდი. მეშინოდა, ჩვეული მეთოდი ჩემზეც არ გამოეყენებინათ და მეც არ მიმეღო ამ ფორმით ნარკოტიკული საშუალება.

მზარავს, როცა პროკურორ დათო ხიზანაიძის სახეს წარმოვიდგენ. მერე რა, რომ ის პროკურორია! ადამიანური რამე ხომ უნდა ჰქონდეს შერჩენილი?! საშინლად მექცეოდა. ფაქტობრივად, მე და მანანა კობახიძე ორი საათის განმავლობაში დროებითი დაკავების იზოლატორში დაკავებული ვყავდით. ბოლოს, ერთმა ჭიქით წყალი შემოიტანა, დალევაზე უარი რომ ვთქვი, ნახევარი თვითონ დალია, მერე მომაწოდა და მითხრა, ხომ ხედავ, მე დავლიე და ახლა შენც დალიეო. მე მაინც უნდობლობა გამოვუცხადე და ვუთხარი, რომ ისე ცუდად ვიყავი, შეიძლებოდა იქ დავვარდნილიყავი. გარეთ გავალ წყალს ვიყიდი და შემოვბრუნდები-მეთქი. ბოლოს ამაზე დავიყოლიე. ვცდილობდი იქიდან გამეღწია და ეს ფაქტი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მეცნობებინა.

დიდი ბრძოლის შემდეგ, წყლის საყიდლად გარეთ გასვლის უფლება დამრთეს. რამდენიმე ნაბიჯი გავიარე და გული წამივიდა, მერე არაფერი მახსოვს. რამდენ ხანს ვიყავი ასე გათიშული, არ ვიცი. ბოლოს, ტკივილი ვიგრძენი და თვალი რომ გავახილე იატაკზე ვიწექი, გამომძიებელ გოროზიას ჩემი თავი ეკავა და ექიმიც იქ იყო. ისტერიკა მქონდა, მანანას ხელს არ ვუშვებდი და ვეხვეწებოდი, არ დავეტოვებინე. ისევ ვიძახდი, არაფერი დამალევინონ-მეთქი. კარდიოგრამა გადამიღეს და მითხრეს, რომ ნახევარი საათი განძრევა არ შეიძლებოდა.

მდგომარეობა რთული იყო, გულის წინა კედელზე აღენიშნებოდა იშემია. სტენოკარდიის წინა პერიოდი მქონდა და აუცილებელი იყო ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა. სასწრაფოს ექიმების მოთხოვნას არ დავემორჩილე და უარი ვთქვი გადაყვანაზე. ამ დროს შემოვიდა პროკურორი დათო ხიზანაიძე და ექიმს სასწრაფოს გამოძახების ცნობა და ისტორია მოთხოვა. კატეგორიული წინააღმდეგი წავედი. ექიმმა განუმარტა, რომ მე პატიმარი არ ვიყავი და ვერ დაარღვევდა პაციენტის უფლებას. ის 15 წუთი ედავებოდა ექიმს. ეტყობა ეს უნდოდა საქმეში ჩასადებად, რომ საგამოძიებო მოქმედების გადადების მიზეზი ჰქონოდა.  

მანანა კობახიძე:
– მათი ტონი, გამოხედვა, ქცევა იყო პირდაპირი ზეწოლა ადვოკატებზე. როცა ის ჩემს წინ ჩაიკეცა და გონება დაკარგა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ხიზანაიძემ და გოროზიამ მისი სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ დააყენეს... ამის შემდეგაც გვაიძულებდნენ, მოგვეწერა ხელი არასაპროცესო დოკუმენტზე. ისეთ დოკუმენტზე, რომელსაც არ იცნობს სისხლის სამართლის კოდექსი.

მაინც, რას ითხოვდნენ?
– დოკუმენტი ასეთი შინაარსის იყო, რომ ჩვენ მომხდარის შესახებ არსად არ ვიტყოდით და ამას ერქვა გაუმჟღავნებლობის დოკუმენტი. ვერ გეტყვით, რაში სჭირდებოდათ ეს და სად უნდა წაეღოთ. შესაძლოა, უნოდათ მომავალში ამ დოკუმენტით ჩვენი მართვა. ნამდვილად არ ვარ გმირი. ვარ ჩვეულებრივი მოკვდავი, ადვოკატი, რომელიც კანონს და ადამიანის უფლებას იცავს. არავითარი კავშირი პოლიტიკასთან არ მაქვს. ჩვენს  პროფესიულ საქმიანობაში ჩაერივნენ, ღირსება შეგვილახეს. ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგა. ორი საათის განმავლობაში ჩვენი გადაადგილება შეზღუდული იყო. შევდივარ ყველა იმ ადამიანის მდგომარეობაში, რომელიც საკნებიდან აღიარებით ჩვენებას იძლევა. ეს რა შეგრძნებაა, ამას სიტყვებით ვერ გეტყვით, ეს უნდა გამოცადო. გვეგონა დაგვაპატიმრეს. ამ ფაქტს ასე არ დავტოვებთ და საერთაშორისო დონეზე გავახმაურებთ. ამის შემდეგ არ ვიცით ბრალდებულ უჩავას ბედი. ეს ადამიანი საფრთხის ქვეშ არის და მას მიხედვა სჭირდება.