ვინ და რატომ აცდენს ყველაზე ხშირად პარლამენტის სხდომებს?

ვინ და რატომ აცდენს ყველაზე ხშირად პარლამენტის სხდომებს?

ვინაიდან და რადგანაც საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრი აცაბაცა დადის და "გაკვეთილებს" ხშირად აცდენს, კატეგორიულად ვითხოვ, უახლოეს ხანში პარლამენტში ჩატარდეს მშობელთა კრება. შესაძლებელია ბებია-ბაბუების მოყვანაც. ახლა კი სახალხოდ ამოვიკითხავ სიას, რათა მთელმა ქვეყანამ იცოდეს ზარმაცი დეპუტატების ვინაობა. ესე იგი, 2014 წლის იანვრიდან, ამავე წლის ივნისის ჩათვლით, ყველაზე ხშირად "გაკვეთილებს", ანუ სხდომებს, კოალიციიდან აცდენდნენ:

1. კვაჭანტირაძე ზვიად - 4 უმიზეზო გაცდენა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი არა, ღმერთმა არ იცის, სად იმყოფებოდა 5, 6, 7 მარტს და 16 მაისს. ამის შემდეგ გამოვა ბატონი ზვიადი და დაიწყებს დიდაქტიკურ მსჯელობას ქვეყნის მომავალზე. დეპუტატი რომ 4 დღე გაქრება სამსახურიდან, ის ვერანაირ ქვეყანას ვერ ააშენებს.

2. მაღრაძე გუგული - ასევე 4 არასაპატიო გაცდენა. სამსახურიდან გაიპარა 5, 6 თებერვალს და 7, 19 მარტს. როგორც ჩანს, ქალბატონ გუგულის მხოლოდ კრიმინალი კი არ მიაჩნია ქვეყნის განვითარების წინაპირობად, არამედ - უმიზეზო გაცდენებიც.

3. საგანელიძე დავით - 4 არასაპატიო გაცდენა. დაკარგული იყო 22, 23, 24 იანვარს, ასევე 16 მაისს. დაუკვირდით, როგორც ჩანს, ზვიად კვაჭანტირაძე და დავით საგანელიძე 16 მაისს ერთად იმყოფებოდნენ "შატალოზე". ვინაიდან საგანელიძე უმრავლესობის დამრიგებელია, ის სხვას უნდა აძლევდეს სანიმუშო მაგალითს, მაგრამ რად გინდა?

4. ყეინიშვილი ნანა - 5 არასაპატიო გაცდენა. იმალებოდა 5, 6, 7 მარტს, 30 აპრილს და 14 მაისს. ციფრები გვეუბნება, რომ ქალბატონი ნანა მარტში ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად იმყოფებოდა "შატალოზე". შედი, ქალო, პარლამენტში, რა დროს "შატალოობაა"?

5. ხაბელოვი ლერი - 5 არასაპატიო გაცდენა. ასევე, დაკარგული იყო 5, 6, 7 მარტს. ასევე, 21 მარტს და 16 მაისს. ერთი ნახეთ ამათი "ნაგლობა", რაა, ყველანი ერთ რიცხვებში არიან ათესილები. ადი, ბიჭო, ტატამზე, რა დროს "შატალოობაა"?

6. ჯაფარიძე ვიქტორ - 4 არასაპატიო გაცდენა. დაითესა 23 იანვარს, 30 აპრილს და 1-2 მაისს. პრინციპში, აქ შეცდომაა, 1-ლი მაისი მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეა და ჯაფარიძეს საპატიოში უნდა ჩავუთვალოთ. 2 მაისიც ეპატიება, "პახმელიაზე" ხომ უნდა გამოსულიყო კაცი?

7. თოფაძე გიორგი - 3 არასაპატიო გაცდენა. ესეც დაკარგული იყო 1-2 და 14 მაისს. გამოდის, ვიქტორ ჯაფარიძე და ბატონი გოგი ერთად სვამდნენ სადღაც ლუდს.

ახლა იწყება მთავარი ინტრიგა, გადავალთ "ნაციონალების" გაცდენებზე და ციფრები გვეტყვის, იმყოფებოდნენ თუ არა ისინი კოალიციის წევრებთან ერთად?

1. გოგორიშვილი ხათუნა - 4 არასაპატიო გაცდენა. კოალიციის წევრებთან ერთად დაკარგული იყო 5, 6, 7 და 21 მარტს. როგორც ჩანს, ის კოალიციის წევრებს ამ დღეებში უკითხავდა ლექციას თემაზე: "როგორ გავაყალბოთ არჩევნები"?

2. დარჩიაშვილი დავით - 4 არასაპატიო გაცდენა. ამათთან ერთად იმყოფებოდა 6-7 მარტს. შემდეგ კი გაქრა 21 მარტს და 4 აპრილს. წესით, 4 აპრილს პირი უნდა გაეპარსა და ისე დაბრუნებულიყო პარლამენტში, მაგრამ ისევ წვეროსანი დაბრუნდა.

3. ვაშაძე გიორგი - 5 არასაპატიო გაცდენა. 5, 6, 7, 19 მარტი, ასევე 21 თებერვალი. ციფრები გვამცნობს, რომ ესეც ყეინიშვილთან, კვაჭანტირაძესთან და ხაბელოვთან ერთად იმყოფებოდა.

4. თარგამაძე გივი - 5 არასაპატიო გაცდენა. 7 მარტს შეურბინა კამპანიას. მანამდე კი, იანვარში, უკრაინაში იყო გაპარული, ეგ სხვა ქვეყნებში ვერ დადის, არ უშვებენ. სამწუხაროდ, ამათთან ერთად არ ფიქსირდება ჩიორა თაქთაქიშვილი, არ დაპატიჟეს.

5. ნიკოლაიშვილი რამაზ - 12 არასაპატიო გაცდენა. ოოო, ამან იანვარში დაიწყო გაცდენების სერია და 25 მაისამდე არ გამოჩენილა. ბატონ რამაზს მშობლების მოყვანაც ვეღარ უშველის, გასარიცხია.

6. საჯაია მარიამ - 15 არასაპატიო გაცდენა. მარტიდან მაისამდე არც ერთ "გაკვეთილს" არ დასწრებია. ეს ის პერიოდია, როცა ამერიკაში წავიდა სასწავლებლად და განცხადების დაწერა არ ჩათვალა საჭიროდ. მერე ჩიორამ დაურეკა და უთხრა: გოგო, შენ ხომ არ გაგიჟდი, დაწერე განცხადება, ამდენ ფულს რატომ კარგავო? მარიამმა უცებ მოტვინა და დაწერა განცხადება. ის ამჟამადაც ამერიკაშია, ისევ "განსწავლულობას" ეუფლება, მაგრამ გაცდენები არასაპატიოში აღარ ეთვლება.

7. ცისკარიშვილი პეტრე - 6 არასაპატიო გაცდენა. მარტში ესეც გაერთიანებულ კამპანიასთან ერთად იმყოფებოდა. რაღა დაგიმალოთ და სწორედ ამ შეკრების შემდეგ დადუმდა ერთ დროს ზედმეტად აქტიური პეტრე. ისეთი რა უთხრეს და რით შეაშინეს, ვერ გეტყვით.

8. ვერულაშვილი მარიკა - 14 არასაპატიო გაცდენა. ამას საერთოდ არ უვლია პარლამენტში იანვარ-თებერვალ-მარტსა და მაისში. სად დადის, კაცმა არ იცის. სავარაუდოდ, დეპრესიაშია.

9. ბეჟუაშვილი დავით - 7 არასაპატიო გაცდენა. პრინციპში, ეს გინდა ყოფილა პარლამენტში, გინდა - არა, საკუთარი ბიზნესი აქვს მისახედი. ესა და კობა ნაყოფია მხოლოდ გასარიცხები კი არა, გასაყრელები არიან.

პარლამენტში ყველაზე ბეჯითი მოწაფეები არიან (უმრავლესობიდან) სოსო ჯაჭვლიანი და (უმცირესობიდან) აკაკი ბობოხიძე, თითო არასაპატიო გაცდენით. არა, მთლად ასეც არ ვარგა - როდესაც მთელი კლასი "შატალოზე" მიდის, ესენი რატომ რჩებიან? აი, ეს უკვე ცალკე მსჯელობის საგანია. ვინ იცის, რა იმალება ამ "დარჩენის" უკან? ისე, მაინც მაგარია, უბრალო ციფრებსაც კი შეუძლია ძალიან ბევრი რამის თქმა.