საქართველოში მაყვლის ბუმია

საქართველოში მაყვლის ბუმია

ბოლო წლებში საქართველოში მასობრივად გავრცელებულ ერთ ჩვეულებრივ კენკრაზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. მაყვლის ფასი საოცრად გაიზარდა და ალაგ-ალაგ მის მოშენებასაც მიჰყვეს ხელი.

ამჟამად გონიოსა და ბათუმის პლაჟებზე ერთ ჭიქა მაყვალს მოვაჭრეები საკმაოდ ძვირად ყიდიან. როგორც საზღვაო კურორტებზე ჩასული დამსვენებლები ამბობენ, ერთი, 520 მლ ჭიქა მაყვლის შეძენის მსურველმა 10 ლარი უნდა გადაიხადოს. მაღალი ფასის მიუხედავად, ადგილობრივი მოვაჭრეების თქმით, აჭარაში მყოფ უცხოელ ტურისტებს შორის მაყვალზე დიდი მოთხოვნაა. სანაპიროებზე დღეში 50-70 ჭიქა მაყვალს ჰყიდიან.

„ბიპიენის“ ინფორმაციით, თბილისში 1 კგ მაყვლის ფასი 2 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს: „წვრილი მაყვალი ბაზარზე 1 კგ. 2 ლარი ღირს. მსხვილი, უეკლო მაყვლის ყიდვა კი საშუალოდ 5 ლარად არის შესაძლებელი“, - აცხადებენ მოვაჭრეები.

საქართველოში მაყვლის პოპულარიზაცია ბოლო წლებში პიკს აღწევს. კახეთში უკვე დაიწყო კიდეც უეკლო მაყვლის პლანტაციების გაშენება. ჯერჯერობით პროექტი ამართლებს, მაგრამ რამდენად მიიღებს მასობრივ სახეს, რთული სათქმელია. საქართველოში მაყვალი ისედაც ყველგან მოიპოვება და თანაც უფასოდ, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე.

ამ ეტაპზე კი გურჯაანში მოყვანილი, ამერიკული „ჩესტერის“ ჯიშის მაყვალი ექსპორტზე გადის. იზოლდა ქიტესაშვილს მაყვალი უკვე 5 წელია მოჰყავს. მისი თქმით, რადგან „ჩესტერი“ საქართველოში შემოტანილი ჯიშია, ის ქართულისგან განსხვავებით, დიდი ზომისაა, - 1 მარცვალი 12 გრამს იწონის. გურჯაანში მოყვანილი „ჩესტერი“ ექსპორტზე რუსეთსა და აზერბაიჯანში გადის.

„ჩესტერი“ ერთ-ერთი ცნობილი ჯიშია. შარშან 8 ტონა მოსავალი მივიღე. ადგილობრივი ბაზრის გარდა, რეალიზაციას აზერბაიჯანსა და რუსეთში ვახდენ. მოთხოვნა საკმაოდ დიდია, სწორედ ამიტომ, მე და ჩემს მეგობრებს სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს. გურჯაანში მაყვლის სახლის გაკეთება გვსურს, სადაც ლიქიორებისა და წვენების წარმოებას შევძლებთ“, - აცხადებს იზოლდა ქიტესაშვილი.

მისი თქმით, მაყვალზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, თუმცა მიწოდება ნაკლები. „მყიდველს აზიაში 500 ტონის გატანა სურს, მაგრამ საქართველოში 50 ტონაც კი ვერ მოგროვდება“, - ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი და აღნიშნავს, რომ ექსპორტის გაფართოვებაში ხელს მას სწორედ წარმოების მცირე რაოდენობა უშლის.

„ექსპორტზე გატანას სტაბილური მიწოდება უნდა. ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორი მოსახლეობის არაინფორმირებულობაა. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდანაც არ არის დაინტერესება. როდესაც კილოგრამი 2 ლარი გიჯდება, მას 5 ლარად აბარებ და 3 ლარი გრჩება კილოგრამში - სახელმწიფოს სუბსიდია რაში უნდა გჭირდებოდეს?“ - ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.

მაყვლის მეურნეობის მეორე მფლობელი 23 წლის გიორგი ლაცაბიძეა, რომელმაც გიგანტური უეკლო მაყვალი თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ნახევარ ჰექტარზე გააშენა. მისი ინფორმაციით, ერთი ძირის მოსავლიანობა 10 კილოგრამია და გაისად მაყვლის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

ახალგაზრდა ბიზნესმენი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს და მომავალი აგრონომია. ამჯერად იგი მაყვლის რეალიზაციას ადგილზე ეწევა. 1 კილოგრამი 4 ლარი ღირს.