ლუდის მწარმოებლებს იმედი გადაეწურათ

ლუდის მწარმოებლებს იმედი გადაეწურათ

ლუდის ბიზნესით დაკავებულ მეწარმეებს აღარ სჯერათ, რომ მთავრობა გაზრდილ გადასახადს რაღაც ფორმით შეუმსუბუქებს. ამაზე საუბარი უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით ნულოვანია.

ლუდის მწარმოებელი კომპანია „კასტელი-საქართველოს“ გენერალური დირექტორი ლევან ზაუტაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობა მწარმოებლებს შეხვდა და ლუდის აქციზის გადახედვის დაპირება მისცა, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, უფრო მეტიც, პროცესი საერთოდ გაჩერებულია.

„გინდა ფუჭი დაპირება დაარქვით, თუ გინდა მოტყუება და თუ გინდა „გადაგდება“. ფაქტი ისაა, რომ დღეს იგივე სააქციზო განაკვეთით ვიბეგრებით. აღარ მჯერა, რომ ამ მიმართულებით რამე შეიცლვება. ამიტომ, აღარ ვაპირებ ამ საკითხზე ვინმესთან მისვლას და საუბარს. ტყუილად დროის კარგვაა და იმიტომ“, - აცხადებს ზაუტაშვილი.

მისივე განცხადებით, სახელმწიფოს არ აქვს არანაირი პოლიტიკა, რომელიც ლუდის მწარმოებელი კომპანიების მხარდაჭერაში გამოიხატება. მისთვის გაუგებარია, რატომ არის ღვინო ლუდთან შედარებით პრიორიტეტული?

„1 ლიტრი ღვინის ფასი, იქიდან გამომდინარე, რომ აქციზის გადასახდისგან გათავისუფლებულია, 2 ლარია, ლუდის ფასი კი 2,60 გახდა. ეს წავა იქამდე, რომ ლუდის ინდუსტრია ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება“, - განაცხადა ზაუტაშვილმა.

„კომერსანტი“ ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, თუ რას გეგმავს უწყება ლუდის ინდუსტრიასთან დაკავშირებით. სამინისტროში კი დღესაც ამბობენ, რომ ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს.

„სამუშაო პროცესი გულისხმობს ლუდის აქციზის სისტემის შეცვლას, რაც მოიცავს აქციზის ფასის დადგენისას მასში ალკოჰოლის შემცველობისა და სიმკვრივის გათვალისწინებას. პროცესში გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას“, - აცხადებენ ფინანსთა სამინსიტროში.

თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახური სხვაგვარად უყურებდა ამ საკითხს. სამსახურის უფროსის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, ლუდის აქციზის განაკვეთის შემცირების წინაპირობა არ არის. ასე გამოეხმაურა იგი ლუდის ინდუსტრიის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის გეგმას, სადაც კერძო სექტორი ლუდის აქციზის 60-დან 50 თეთრამდე შემცირების საკითხს დაყენებას აპირებს.

„ალბათ, დღევანდელ პირობებში ამის წინაპირობა არ არის. ბიზნესის მხრიდან მზადყოფნა გასაგებია. მათი სურვილია, გადასახადი შემცირდეს, თუმცა შემცირება ახსნილი უნდა იყოს და შესაბამისად, თუ გადასახადს ვამცირებთ, მაშინ ეს სხვა შემოსავლებით უნდა დაკომპენსირდეს“, - განაცხადა თაბუაშვილმა.

თავის მხრივ, კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი აღნიშნავს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ლუდზე აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე დადებითად მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში აისახება.

„ქვეყანაში მოხმარება და რეალიზაცია დაახლოებით, 15%-ით შემცირდა. აქციზის გადასახადის 20-თეთრიანმა მატებამ რაღაც ეტაპზე, შეიძლება, მცირედით საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა გამოიწვიოს, მაგრმ გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო უარყოფითად აისახება, რადგან რეალიზაციის მოცულობა შემცირდება“, - ამბობს ჩოჩელი.

ლუდზე აქციზური გადასახადი 2015 წლის 1 მარტიდან 40-დან 60 თეთრამდე გაიზარდა და ბიზნესმენები მას შემდეგ ცდილობენ მთავრობა დაიყოლიონ თუნდაც მცირე დათმობაზე.