რთველი სუბსიდირების შეწყვეტა ჯერ ადრეა

რთველი სუბსიდირების შეწყვეტა ჯერ ადრეა

წელს ყურძენს 100 ღვინის ქარხანა ჩაიბარებს, მთავრობა ირწმუნება, რომ არც ერთ გლეხს მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება. რაც შეეხება საბაზრო ფასს, იგი ჯერჯერობით ფორმირებული არ არის და სახელმწიფო ფასწარმოქმნაში ვერ ჩაერევა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, ღვინის მწარმოებლებს შეხვდა, სადაც 2016 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შემუშავებული ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია. წელს დაცული იქნება როგორც მევენახეების, ასევე მეწარმეების ინტერესები.

„არც ერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება“, - განაცხადა დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მთავრობა მევენახე გლეხების ინტერესებს სრულად ითვალისწინებს და სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

„შარშანდელის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიაზე, ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია გაიცემა შემდეგი ოდენობით: კახეთის რეგიონში 1კგ რქაწითელზე - 45 თეთრი; 1კგ კახურ მწვანეზე - 45 თეთრი; 1კგ საფერავზე - 20 თეთრი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში: მუჯურეთულ-ალექსანდროულზე - 2 ლარი“, - აღნიშნა დანელიამ.

ყურძნის გადამამაუშავებელი საწარმოებისათვის ფერმერებისგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით, არაუმეტეს 15 თვის ვადით.

სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით რთველის სუბსიდირების შეწყვეტა ნაადრევია. დარგს დახმარება ახლაც სჭირდება, ამიტომ პროგრამა წელსაც გაგრძელდა.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ყველაფრის გათვალისწინებით ზუსტად გვესმოდეს ერთმანეთის მოთხოვნა-მიწოდების შესაძლებობები, რათა გლეხებმა მიიღონ მაქსიმალური სარგებელი და ასევე ინდუსტრიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებები განვახორციელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ექსპორტი არის მზარდი და პოზიტიური ტენდენციებია, პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვხედავთ, რომ იკლებს ფასი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჯერ ადრეა სუბსიდირების შეწყვეტა. თქვენ იცით პირადად ჩემი პოზიცია, ნამდვილად არ მივესალმები სუბსიდიებს, თუმცა ვფიქრობ, რომ დარგს დღეს ეს ძალიან სჭირდება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ყურძენზე ფასის წარმოქმნაში სახელმწიფო არ ჩაერევა. წელს ყურძნის მოსავალს ელოდებიან დაახლოებით იგივე რაოდენობით, რაც იყო შარშან. საბაზრო ფასი ჯერჯერობით ფორმირებული არ არის.

სამანიშვილმა ქართული ღვინის ექსპორტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდა დღემდე შენარჩუნებულია. 7 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლამდე ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ორიოდე დღის წინ წლევანდელ რთველს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. მისი ინფორმაციით, რთველი 2016–ის ფარგლებში ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარი გამოიყო.

„ჩვენი ამოცანაა, ავამოძრაოთ ქვეყნის ეკონომიკა, რაც ჩვენი სწრაფი განვითარების საფუძველია. წელს კახეთში ყურძენს 100–მდე ღვინის ქარხანა ჩაიბარებს“, – განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.