პენსიის დაგროვება მომავალი შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი

პენსიის დაგროვება მომავალი შემოდგომიდან იქნება შესაძლებელი

დაახლოებით 1 წელიწადში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. ამით გაჩნდება საშუალება, რომ მომავალში ხანდაზმულ ადამიანებს ნორმალური მატერიალური პირობები შეექმნათ.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, 2017 წლიდან დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება. ამისთვის საკანონმდებლო ბაზა მზად არის.

დაგროვებითი პენსიის ერთ-ერთი შემადგენელი სოციალური პენსია, ანუ საბაზისო პენსია იქნება მზარდი, რომელსაც დაგროვებითი საპენსიო სისტემა დაემატება.

„იმის მიუხედავად, რომ საპენსიო განაკვეთი 65%-ით გაიზარდა, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში სექტემბრიდან 216 ლარი ხდება, პენსია, ფაქტობრივად, არის შემწეობა და ჩვენ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე სწრაფად უნდა გადავიდეთ. ამისათვის საკანონმდებლო ბაზა მომზადებულია და ვფიქრობ, რომ 2017 წლის მესამე კვარტლის პერიოდისათვის დაგროვებითი პენსიის პროგრამა ამოქმედდება“.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გაანალიზდა სამი სახის კერძო დაგროვებითი სისტემის მოდელი: ნებაყოფლობითი, სავალდებულო და ჰიბრიდული (შერეული). გადაწყდა, რომ ჰიბრიდული მოდელის დანერგვა საქართველოსთვის ყველაზე ეფექტური იქნება.

საპენსიო დაგროვების ეს მოდელი მუშაობს შემდეგნაირად: ორგანიზაცია ვალდებულია, თანამშრომელს შესთავაზოს ყოველთვიური საპენსიო შენატანი ხელფასის 2%-ის ოდენობით, რომელიც გადაირიცხება დასაქმებულის მიერ არჩეულ კერძო საპენსიო ფონდში. თუ დასაქმებული დათანხმდება შეთავაზებას, მაშინ მან საკუთარი შემოსავლიდან 2%-ით უნდა მიიღოს თანამონაწილეობა. დაქირავებულს უფლება აქვს, უარი თქვას მონაწილეობაზე. დასაქმებულის მონაწილეობის შემთხვევაში, სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადიდან მიიღებს თანაკონტრიბუციას და დამატებით გადარიცხავს ანგარიშზე 2%-ს. უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, 2%-ზე მეტი შეიტანოს ფონდში.

დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის ახალ გეგმაზეც ასაკით პენსიონერებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იგი პარლამენტის მიერ მიღებულ დაბერების პოლიტიკის დოკუმენტს უკავშირდება. ბოლო წლებში ქვეყანაში აშკარად მიმდინარეობს ერის აქტიური დაბერების პროცესი, რასაც სწორი პოლიტიკა და სწორი მართვა სჭირდება.

60-იანი წლების მონაცემებით, ქვეყანაში 750 ათასით ჭარბობდა ბავშვთა რაოდენობა ხანდაზმულთა რაოდენობას, ხოლო დღეს არის პირიქით, როცა ხანდაზმულ პირთა რაოდენობა 100 ათასით ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ პარლამენტში დადგენილების სახით, დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი მივიღეთ. გამომდინარე იქედან, რომ ერის დაბერების აქტიური პროცესი მიმდინარეობს, ასაკით პენსიონერთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, რისთვისაც საჭიროა სწორი პოლიტიკის შემუშავება. ყოფილმა ხელისუფლებამ ხელი ჰკრა და ჩარეცხილებიც კი უწოდა პენსიონერებს. ჩვენ მათ დასაცავად შევქმენით დოკუმენტი, რომელიც გულისხმობთ იმას, რომ მაქსიმალერად უნდა იქნას ასაკით პენსიონერთა უფლებები დაცული, უნდა შეიქმნას მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო, უნდა მოხდეს საზოგადოებაში მათი სრული ინტეგრაცია.

დასაქმების კუთხით იქნება გადამზადების პროექტი, სადაც მოხდება მათი პროფესიული გადამზადება, რადგან ადამიანს შეიძლება აქვს მისი ძირითადი პროფესია, რომლის განხორციელება ხანდაზმულობის პერიოდში მისთვის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება იმის ხარჯზე, რომ თუკი პირი სოციალურად დაუცველია, მას სოციალურად დაუცველის სტატუსი ან საპენსიო განაკვეთი მოეხსნას. სამართლიანი იქნება, რომ შეღავათები დაწესდეს არა მხოლოდ მათთვის, არამედ დამსაქმებლისთვისაც, თუკი ისინი პენსიონერთა დასაქმებას შეუწყობენ ხელს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დიმიტრი ხუნდაძემ.