საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ცნობილი ეკონომისტის დანი როდრიკის განვითარების თეორიით. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ დღეს რაღაც დამატებითია საჭირო, რომ საქართველოს სწორი განვითარება უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომაა გასათვალისწინებელი თურქული წარმომავლობის, მაგრამ ამერიკაში მოღვაწე, ჰარვარდის ჯონ კენედის უნივერსიტეტის პროფესორის -დანი როდრიკის განვითარების თეორია.
აღსანიშნავია, რომ ამ გლობალიზაციის პირობებში დანი როდრიკი აღნიშნულ პრობლემას სპეციალური წიგნით „გლობალიზაციის პარადოქსი“ გამოეხმაურა და ეკონომიკის გლობალიზაცია მსოფლიოს უთანასწორობის ტოტალური გაღრმავების მიზეზად დაასახელა.
როდრიკი შორსაა ეკონიმიკური ლიბერალიზმისა და ლიბერტარიანიზმისგან და თვლის, რომ ბაზართან ერთად ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოც აქტიურად უნდა მონაწილეობდეს. მისი თვალთახედვით, თითოეული ქვეყანა, თავისი ტრადიციისა და ისტორიის გათვალისწინებით უნდა აყალიბებდეს ეკონომიკური განვითარების საკუთარ მოდელს და რომელიმე სხვა ქვეყნის მოდელის ბრმად მიბაძვა არ შეიძლება.
როდრიკი და სხვა საერთაშორისო დონის ეკონომისტები საქართველოს უკვე სტუმრობდნენ. აშკარაა, რომ ჩვენი ხელისუფლება ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით რეკომენდაციებს საერთაშორისო ექსპერტებისგან იღებს. თუმცა რა კვალს დატოვებენ უცხოელი ეკონომიკური მრჩევლები საქართველოში და ხომ არ გაიმეორებენ ისინი მათი წინამორბედების გზას, როცა ვერც ერთმა რჩევამ საქართველო ვერ გააბედნიერა?!
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლია ელიავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უცხოელი ექსპერტებისა და ჭკუის მასწავლებლების მოზიდვის პრაქტიკა საქართველოს ხელისუფლებას პერიოდულად ჰქონდა ხოლმე. მათ შორის იყვნენ ბალცეროვიჩი და სხვები და, სამწუხაროდ, არცერთ მათგანმა არ გაამართლა. არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც კი ასეთი პრაქტიკა არ ამართლებს, რადგან ქვეყანა რომ დააყენო ფეხზე, უნდა იცოდე მისი სპეციფიკა. ზუსტად ამ სპეციფიკის ცოდნა აკლიათ უცხოელ ეკონომისტებსა და ექსპერტებს და მათი ცოდნა გამოსაყენებელია უფრო სხვა ტიპის, ან განვითარებული ქვეყნებისთვის.
„საქართველოში ეკონომიკური პროცესები არ მოქმედებს ისეთივე წესით, როგორც სხვა ქვეყნებში. ამიტომ ყველაზე გონივრული იქნებოდა, დღევანდელ და მომავალ ხელისუფლებას საქართველოში არსებული კვალიფიციური სპეციალისტები მიეზიდა. მართალია, ეს ადამიანები ზედაპირზე არ ჩანან, მაგრამ ქვეყნაში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული ცოდნა გააჩნიათ. უნდა შეიქმნას ძლიერი საკონსულტაციო ჯგუფი და ესგუნდი აუცილებლად ამოქაჩავს ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება დანი როდრიკის თეზისებს, კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება. სავალუტო ფონდს იმდენი გონივრული რჩევა აქვს მიცემული საქართველოს მთავრობისთვის, მაგრამ მათი რეალიზაციის პროცესი მოიკოჭლებს. როდრიკის მსგავსად, სულ ამას ვიძახი, რომ სახელმწიფო უფრო ინტენსიურად უნდა მონაწილეობდეს ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ არავინ არის ამის გამგონე. პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ქონება მოაცილონ სახელმწიფოს და არ ჩაერიონ ბიზნეს პროცესებში. ეს ღუპავს ქვეყანას. ბუმბერაზი ეკონომისტები გვყავს, გამოუყენებელი პოტენციალით. მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, მინისტრები, მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები - ყველა, რომ იყოს პროფესურა, ცნობილი ეკონომისტები, მაშინ საქართველო ორ-სამ წელიწადში დაემსგავსებოდა განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყანას. უბრალოდ, მე არვიცი, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების დროს საკადრო პოლიტიკა რა პრინციპით ხორციელდება?! ადამიანებს პროფესიონალიზმის ნიშნით კი არ არჩევენ, არამედ ერთგულები ნიშნით“, - აცხადებს ლია ელიავა.
ამასთან, განმარტავს, რომ ვერც ლიბერალიზმმა და ვერც ლიბერტარიანიზმმა ვერ მოგვიტანა შედეგები და 25 წელია, პრობლემებიდან ვერ ამოვყვინთეთ. მისი თქმით, არ შეიძლება ბიზნესი მართავდეს ქვეყანას, მეცნიერებმა უნდა მართონ ქვეყანა და იპოვონ ოქროს შუალედი ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის, რათა არ დაიჩაგროს არც ბიზნესი, არც სახელმწიფო და არც მოსახლეობა. ბიზნესს კი ამის გაკეთება არ შეუძლია, მას თავისი პრობლემები აქვს და საკუთარი მოგების გარდა არაფერი აინტერესებს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თანამედროვე კაცობრიობა თავიდან საბაზრო პრინციპის ერთგული იყო, შემდეგ შემოვიდა სახელმწიფო რეგულირების მოდელი, შემდეგ უკვე მოდის მონეტარისტები, რომლებიც სახელმწიფოს როლს ამცირებენ ეკონომიკაში და შემდგომ უკვე ნეოლიბერალები, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ერეოდეს ეკონომიკაში. ჩვენთან, წინა ხელისუფლების დროს ძირითადად აქცენტი გადატანილი იყო ნეოლიბერალიზმზე, სადაც სახელმწიფო პრაქტიკულად არანაირ როლს არ ასრულებდა.
„ალბათ, გახსოვთ ფრაზები „აქტიური პრივატიზაცია, იყიდება ყველაფერი“ - ეს სწორედ ლიბერალიზმის გამოხატულება იყო. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როცა გამოვიყენეთ პოლონური მოდელი, აგრესიული პრივატიზაციის მოდელი, შოკური თერაპიის მოდელი, გვახსოვს ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო მითითებებით ვაწყობდით ეკონომიკურ პოლიტიკას, როცა მსოფლიო ბანკი გვითითებდა, რა უნდა გაგვეკეთებინა, გამოვიარეთ ის დროც, როცა შევარდნაძის ბოლო პერიოდში ბალცეროვიჩი მოიყვანეს. პოლონეთმა ბალცეროვიჩის ეკონომიკური პოლიტიკით მიაღწია აღმავლობას, მაგრამ იგივე ვერ გაკეთდა საქართველოში, რადგან ბალცეროვიჩი არ იცნობდა ქართულ სინამდვილეს. ეს გამოცდილება თვალწინ გვაქვს და ვიცით, რომ უცხოეთის გადმომღერება დადებითის მომტანი არ არის. არანაირი ასლი არ გამოდგება, რაგინდ განვითარებული ქვეყნისაც არ უნდა იყოს, თუნდაც გერმანული მოდელი გადმოვიტანოთ და თუნდაც ამერიკული. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ვინ ვართ, რა მენტალობა, ტრადიციები გაგვაჩნია, როგორ მუშაობს ჩვენთან ეკონომიკა. არა მგონია, უცხოელი ეკონომისტების მოყვანა მრჩევლების რანგში პანაცეა იყოს. სამწუხაროა, რომ ქართველ მეცნიერთა როლი უგულებელყოფილია. შეიძლება, ცხრა კლასის განათლების მქონე პარლამენტარმა აკადემიკოსს მიუთითოს და მასზე უფრომეტი „იცოდეს“. ამ დროს კი ყველა ის ქვეყანა უმაღლეს დონეზეა განვითარებული, სადაც მეცნიერება სახელმწიფოს მართვის ავანგარდშია. თუნდაც ისრაელი ავიღოთ“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.
მისივე განმარტებით, მეცნიერება თანამედროვე საბაზრო პრინციპების შესატყვისი უნდა იყოს და არ ეშინოდეს ექსპერიმენტებისა და რეფორმების. ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენთან დაიწყებოდა რაღაც რეფორმა და შუა გზაზე შეჩერდებოდა. შუა გზაზე მიტოვებული რეფორმა ყველაზე ცუდია და შეიძლება ქვეყნის კატასტროფაც გამოიწვიოს. ამიტომ აქაც უნდა ჩამოყალიბდეს ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო, როგორც ეს ამერიკის პრეზიდენტს აქვს ჩამოყალიბებული, სადაც ყოფილი მეცნიერები, ნობელის პრემიის ლაურეატები შედიან. ამით ხდება ეკონომიკის განვითარება და გაძღოლა და არა - საზღვარგარეთიდან წამოყვანილი მეცნიერებით.