ეკონომიკის სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგი კაპანაძე ირწმუნება, თითქოს 2016 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2,9%-ია, რაც, მისივე განმარტებით, საქართველოს ტიპის განვითარებადი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალია. სერგი კაპანაძე თვლის, რომ ამ მონაცემით, 2030 წელს ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც დღეს არის აზერბაიჯანი, სურინამი, გრენადა და თურქმენეთი.
ეკონომიკური ზრდის ტემპებთან დაკავშირებით ნაციონალების ბრალდებებს პოლიტიკური დივიდენდების მიღებად აფასებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. უწყებაში აცხადებენ, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს 2012 წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველო გაღარიბდა და 2013 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალზე დაბალია.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ნომინალურ დოლარში გამოხატული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის შედარება სხვა ქვეყნის ან სხვა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან ეკონომიკურად არასწორია, რადგან ერთი აშშ დოლარის რეალური ღირებულება სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს განსხვავებულია. აღნიშნულის გამო არსებობს საერთაშორისო დოლარის ცნება, რომელიც ეყრდნობა მსყიდველუნარიანობის პარიტეტს და შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა პერიოდის მთლიანი შიდა პროდუქტის შედარებას.
შესაბამისად, მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საერთაშორისო დოლარებში გამოხატული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტემპით ხასიათდება. თუკი 2012 წელს საერთაშორისო დოლარებში გამოხატული საქართველოს მშპ 30.7 მილიარდს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 35.6 მილიარდია, ანუ გაიზარდა დაახლოებით 16 პროცენტით.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, იზრდება საერთაშორისო დოლარებში გამოხატული მშპ ერთ სულ მოსახლეზე. 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 8,002 საერთაშორისო დოლარი იყო, დღეს კი 9,630 საერთაშორისო დოლარს შეადგენს.
ამასთანავე, ეკონომიკის სამინისტრო იშველიებს მსოფლიო ბანკის შეფასებებს, რომლის თანახმადაც, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანათა რიცხვში. უფრო მეტიც, მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოში მნიშვნელოვნად არის შემცირებული სიღარიბე.
კერძოდ, კვლევის მიხედვით, საარსებო მინიმუმს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, რომელიც დღიურად 2.5 საერთაშორისო დოლარზე ნაკლებს ხარჯავს, 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით 490 ათასი ადამიანით შემცირდა.
„ბოლო სამი წელია, რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. მიუხედავად ამისა, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს და საშუალო ეკონომიკური ზრდა 2013-2015 წლების პერიოდში საქართველოში 3.6% იყო, თურქეთში 3.6%, სომხეთში 3.3%, აზერბაიჯანში 3.2%, ბელორუსიაში -0.4%, რუსეთში -0.6% და უკრაინაში -5.5%. ჩვენივე პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 3.0 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2017 წელს 4.5%-ით, 2018 წელს კი 5.0%-ით გაიზრდება. უფრო მეტიც, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 21 ქვეყნიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება“,-მიიჩნევენ ეკონომიკის სამინისტროში.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა, მას საგანგაშო ზარები მისთვის სათაყვანო მაშინდელი ხელისუფლების დროს შემოეკრა. მაშინ იქნებოდა მისი განცხადება წონის მქონე. დღეს კი არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი ქვეყანა უსაშველოდ ღარიბია, აქ ტოტალური უმუშევრობაა და რაღაც განსაკუთრებული არც ექვს თვეში მომხდარა და არც უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში.
„მრავალი ობიექტური და უფრო მეტი სუბიექტური ფაქტორის გამო ჩვენ განვითარების მძლავრ ტემპებზე ვერ გავედით. 3, 6 % განვითარებადი ქვეყნისთვის არ არის მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს სტაგნაციას ან უკან სვლას. პრობლემა სხვა რამეშია, ჩვენ გვაქვს უსაშველოდ პატარა ეკონომიკა, გამოუყენებელი რესურსები არა მხოლოდ მატერიალური, არამედ ადამიანური თვალსაზრისით. ის, რაც ანბანურია და გასაკეთებელია, რამაც ყველა ქვეყანა ფეხზე დააყენა, ჯერჯერობით ეს არ გვაქვს, მაგრამ კატასტროფა არ ხდება“,-აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
მანვე განმარტა, რომ ჩვენს რეალობაზე დაკვირვებით, მსოფლიო ბანკის მონაცემები ძალზე გადამეტებულად გამოიყურება და ისე ჩანს, თითქოს სასურველი გვინდა გავხადოთ რეალობად. სინამდვილეში, საჭიროა გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რადგან, თუ დღეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა ვართ, მაშინ ჩვენ ეს არ გვცოდნია და ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე.
„არ გამოვრიცხავ, ამ ოლიგარქიზირებულ სახელმწიფოში ვიწრო წრე ძალიან კარგად ცხოვრობდეს. გამოკვლევები უჩვენებს, რომ მოსახლეობის 5% ძალიან კარგად ცხოვრობს. კიდევ ერთი პატარა ფენაა კარგად მაცხოვრებლებისა და ეს 9%-ია. ჯამში, სულ 14 %-მდე იქნება, დანარჩენი კი ცუდად ცხოვრობს, ან სიღარიბესთან ახლოსაა, ან ღარიბია. არანორმალურად მაღალია უთანასწორობა. თუმცა, ამის მიუხედავად, 3%-ით თუ გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა, ძალიან კარგი იქნება. ეს ბევრი არ არის და აღფრთოვანებას არ იწვევს, მაგრამ სულ არაფერს, რა თქმა უნდა, სჯობს. ყოველ შემთხვევაში, მთავარია, რომ უკუსვლა არ არის, ტემპი დაბალია, მაგრამ ზრდა მაინც იგრძნობა“.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღესდღეობით გაცილებით უკეთესი ეკონომიკური პირობებია, ვიდრე ნაციონალების დროს და მთლიანი შიდა პროდუქტი ჯამურად 16%-ით გაიზარდა. თუმცა აქ ერთი ფაქტორიცაა. სულ მცირე, მოსახლეობის რაოდენობა სტატისტიკურად შემცირდა და ამიტომაც გაიზარდა პერ კაპიტალი.
ექსპერტის თქმით, საქართველოში პრობლემად რჩება საკრედიტო დავალიანებები. კრედიტის მომსახურება დღითი დღე უფრო მეტ თანხას ითხოვს, რაც აუარესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას.
„ის, რომ მეტი ადამიანია დასაქმებული, გაიზარდა პენსიები, ხელფასები, ამას არ შეუძლია გადაფაროს ის ტვირთი, რაც ბანკის კრედიტების გამო აწევს მოსახლეობას მხრებზე. ეს არის პრობლემა. ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 3%-ით გაიზრდება და ეს ინვესტიციებისა და სოფლის მეურნეობის ხარჯზე მოხდება“.