ამაზე ოცნებობდნენ და აიხდინეს კიდეც!!!

ამაზე ოცნებობდნენ და აიხდინეს კიდეც!!!

2013 წელს ახალი მინისტრების ნაწილმა სიხარბით გამოიჩინა თავი... მაგალითად, ჯერ კიდევ გამხდარმა თეა წულუკიანმა იმდენი მოახერხა, რომ თავის შეყვარებულთან ერთად იტალიაში გაქუსლა და მერე, ახალ წელს პარიზში შეხვდა. ამაზე მე უკვე ახალ წლამდე დავწერე და რამდენიმე ადამიანმა მისაყვედურა კიდეც: რაო, წულუკიანს სადმე წასვლა არ შეუძლიაო? მის პირად ცხოვრებაში რატომ ერევიო?! არა, ბატონებო, მე წულუკიანის პირად ცხოვრებაში კი არ ვერევი, მხოლოდ ის მაინტერესებს, მინისტრის ხელფასი ამდენის საშუალებას იძლევა? არა, არ იძლევა, მაგრამ ესენი ხომ მინისტრები კი არა, ილუზიონისტები არიან?! მაგას რომ ქვეყნის ბედი ფეხებზე არ ეკიდოს, როცა მთავარი პროკურორის გარშემო ასეთი სკანდალი ატყდა, საახალწლო შვებულებას შეწყვეტდა და თბილისში დაბრუნდებოდა. მან ეს არ გააკეთა, არ შეწყვიტა თაფლობის თვე და ბუნებრივია, ქართველ საზოგადოებას აქვს უფლება, თავისი აზრი გამოთქვას. ისე, რაღა დაგიმალოთ და... თუ პირადი ცხოვრების გამჟღავნება არ გინდა, მაშინ არც საჯარო სამსახურში უნდა იმუშაო მაღალ თანამდებობაზე. თუ მინისტრობა გინდა, მაშინ იმასაც შეეგუე, რომ გამადიდებელი შუშით დაგაკვირდები და ვერც იტალიაში გაქუსვლას გამომაპარებ, ვერც ბინის ყიდვას, ვერც პრემიის გამოწერას. აღარაფერს ვამბობ საყვარლებში სირბილზე და მერე ცოლთან საქმის ჩაწყობაზე!

ბინის ყიდვა ვახსენე და ეგრევე თვალწინ დამიდგა სოზარ სუბარი... საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციის თანახმად, მან 2013 წლის 13 მარტს "ბანკი ქართუდან" აიღო სესხი 140 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით. ამ ფულით იყიდა ბინა. კეთილი და პატიოსანი, ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, აიღოს სესხი და წელში გაიმართოს, მაგრამ პატიმრების მინისტრმა 2013 წელს დამატებით კიდევ შეიძინა ორი ბინა: ერთი - 190 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების, თბილისში, სულხან ცინცაძის #49-ში, რომლის ფართობიც 187.9 კვ.მ გახლავთ, ხოლო მეორე - ისანში, რომლის ღირებულებაც 12 ათას 500 დოლარია (სოზარ, სად იშოვე ასე იაფად ბინა, იქნებ მიმასწავლო? მე მგონი, შენ სახელმწიფოს დაუმალე რაღაც, არა?). მოკლედ, სუბარების ოჯახიდან ამხელა თანხების გადინება ხდება მაშინ, როცა მთელი წლის განმავლობაში მინისტრის შემოსავალმა 11 389 (აქ შეცდომაა, სუბარი ამდენს ერთ თვეში იღებს თავის პრემიიანად) ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის, თამარ ყუბანეიშვილის შემოსავალმა - 19 138 ლარი.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ მან სამი კი არა, მხოლოდ ორი ბინა იყიდა. რაც შეეხება 12-ათასიან სახლს, თურმე ისანში იშენებდა 2005 წლიდან, მშენებლობა შეჩერებული იყო და ახლა განახლდა.

კაი, ბატონო, სოზარ სუბარი მეოჯახე კაცია და ბინებზე ფიქრობს, მაგრამ გაუგებარია, რა უბედურება სჭირს ნოდარ ხადურს, რომელიც ყველაზე ხელმომჭირნე უნდა იყოს ამ ქვეყანაში? ესე იგი, ფინანსთა მინისტრი ორ თვეში იწერს 25 ათას ლარ პრემიას და 30 ათას ლარს ხარჯავს ტუალეტის სურნელოვან ქაღალდში (სხვათა შორის, ხადურის პაპა სურნელოვანი ქაღალდის ხმარებამ მოკლა)!

მე არ ვიცი, რა უბედურება სჭირთ (ფაღარათი?) ფინანსთა სამინისტროში, ამდენ ქაღალდს რომ ხმარობენ, მაგრამ გამიგონია, შემცვლელიც არსებობსო... მაგალითად, შპალერი და "შკურკა"!

მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ასეთი განცხადება გაავრცელა: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული ორგანიზაციების მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი უწყების თითოეული თანამშრომლისა და ფინანსთა მინისტრის დისკრედიტაციას.

სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში 2014 წლის 2 იანვარს ერთ-ერთმა ასეთმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა პრემიის სახით წინასაახალწლოდ მიიღო 25 ათასი ლარი.

ვინაიდან აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად ჩვენ დაგვიკავშირდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრს პრემიის სახით არ მიუღია არც ერთი თეთრი.

აქვე ვიტოვებთ უფლებას, არ მივიღოთ მონაწილეობა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების ბინძურ კამპანიაში და ყოველ შემდგომ ცილისმწამებლურ განცხადებაზე პასუხი გავცეთ მხოლოდ სამართლებრივი გზით.

ამასთანავე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იყო, არის და იქნება ღია ყველა, თუნდაც უაღრესად კრიტიკული, რეალურად თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელთათვისაც ღირებულია სიტყვის თავისუფლება, ობიექტურობა და ადამიანის უფლებები..."

კუმ ფეხი გამოყო... პრემიების საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძეც გამოეხმაურა და თქვა არაკი: ხელფასი უნდა ეყოს ადამიანსო. ამას უკვე რამსები აქვს არეული, ვითომ მუშნი ზარანდიას სიტყვები შეგვახსენა და სინამდვილეში უაზრობა გამოუვიდა:

"პრემიების თემა ჩემთვის საკმაოდ მტკივნეულია. პირადად მე, მომხრე ვარ, ის გაიცემოდეს რიგითი თანამშრომლებისთვის, როდესაც ის კარგად მუშაობს, ან ცოტა ზარმაცობს, რითაც მისი გარკვეული სტიმულირება მოხდება. საკუთარ თავზე პრემიის გამოწერასთან დაკავშირებით, ცოტა თავშეკავებულ პოზიციას გამოვთქვამ. ვფიქრობ, ხელფასი უნდა ეყოს ადამიანს".

გეუბნებით, რამსები აქვს-მეთქი არეული... მოდით, პრემიები იმათ გამოვუწეროთ, რომლებიც კარგად მუშაობენ, ან კიდევ ზარმაცობენო. მე პირადად, პირველად გავიგე, სიზარმაცეში პრემიებს წერდნენ... თუ ადამიანი ზარმაცობს, პანჩური და მაგისი ჯანი, უნდა დაახვევინო სამსახურიდან. თუმცა, ჩემო ძვირფასო მკითხველო, აღარ გამახსენდა, რომ საჯარო სამსახურებში სულ მაგათი ნათესავ-მეგობრები არიან, თუ მუშაობა ეზარებათ, პრემიები უნდა ჩამოვურიგოთ, რომ წახალისდნენ. საკუთარ თავს რომ პრემიას გამოუწერ ჩემი ჯიბიდან, თურმე ამაზე საგანელიძეს თავშეკავებული პოზიცია აქვს, რადგან ხელფასი უნდა ეყოს ადამიანს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე "მოსთქვამს":

"მართლაც, ყველანაირ ზღვარს სცდება `ნაცების~ პროპაგანდა... საქართველოს დღევანდელი (მერვე მოწვევის) პარლამენტის არც ერთი წევრი, თანამდებობის მიუხედავად, არ იღებს არანაირ პრემიას და არც საახალწლოდ მიგვიღია არც ერთი თეთრი პრემია და არც კანონით ნებადართული ე.წ. მე-13 ხელფასი. ვითომ თავად იქ არ იყოთ და არ იცოდეთ სიმართლე!"

მოკლედ, თქვენი არ ვიცი და... მე უკვე მეცოდებიან ჩვენი პარლამენტარები, საახალწლოდ არც პრემიები გამოუწერიათ და არც მე-13 ხელფასი აუღიათ, საცოდავ 7 ათას ლარზე გადაიარეს. ახლა რომ არ მახსენდებოდეს მავანთა "პრადოები", 2-ათასლარიანი მობილურები და ტუალეტის სურნელოვანი ქაღალდი, ნამდვილად ვიტირებდი.

სხვათა შორის, მე უკვე ვიცი, როგორი სლოგანები იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში: "ამირჩიეთ, წინა მოწვევის პარლამენტში არ ამიღია პრემია და მე-13 ხელფასი!" არ გაგეცინოთ, მომავალში პატიოსნების ინდიკატორი აუცილებლად იქნება პრემიის რაოდენობა.

დაბოლოს... ამ დღეებში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია გურამ დონაძის, ირმა ნადირაშვილისა და მიშა მაჭავარიანის ერთობლივი მეცადინეობით იმის თაობაზე, რომ მთავრობაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები. თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე დაიკავებს სოზარ სუბარის ადგილს სასჯელაღსრულებაში, ხოლო ჭიკაიძის ადგილზე დანიშნავენ მის პირველ მოადგილეს, გიორგი ზედელაშვილს. რაც შეეხება სუბარს, ის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ ფონდს უხელმძღვანელებს. რაღაც მსგავსი გადაადგილებები რომ მწიფდება მთავრობაში, ეს ცხადია, მაგრამ როგორც "ქრონიკას" ინკოგნიტო წყარო უმტკიცებს, ეს ყველაფერი დონაძე-ნადირაშვილის ფანტაზიის ნაყოფია, უახლოეს ხანში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ იგეგმება. ვნახოთ, დაველოდოთ, უახლოესი მომავალი ყველაფერს თავად გვაჩვენებს.