„სააკაშვილის წინააღმდეგ ქართველთა სუსტი მობილიზაციის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს საპროტესტო მოძრაობა არ უნდა აშფოთებდეს“, - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა "ფიგარო" წერს.
გამოცემას მოჰყავს საერთაშორისო ორგანიზაცია "კრიზისების ჯგუფის" წარმომადგენელის, ლოურენს შითსის სიტყვები, სადაც ის აცხადებს, რომ "ასეთი სუსტი მობილიზაციის პირობებში, (აქციებზე) ზეწოლა მთავრობის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს".
გამოცემა წერს, რომ პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს, მშვიდობიანი "ვარდების რევოლუციით" მოვიდა ხელისუფლებაში; ოპოზიცია, რომელიც რამდენჯერმე შეეცადა მის გადაყენებას, კერძოდ კი 2008 წლის რუსეთთან ომის გამო, მის რეჟიმს პრობლემებს ვერასდროს უქმნიდა", - წერს "ფიგარო".
გამოცემა დეტალურად აღწერს "სახალხო კრების" საპროტესტო აქციებს.
"თბილისში, თავისუფლების მოედანზე შაბათს ოპოზიციის დაახლოებით 6 000 მხარდამჭერი შეიკრიბა; ზოგიერთმა ღამე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გაათენა, მაგრამ კვირას მათი რაოდენობა 2 000-მდე შემცირდა. კვირას პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რაც იმით ახსნა, რომ ქართული რეჟიმის მოწინააღმდეგეები პოლიციას თავს დაესხნენ. ეს უკანასკნელნი თავის მხრივ ამტკიცებენ, რომ ამ ძალადობის პროვოცირება სამართალდამცველებმა მოახდინეს. საპროტესტო აქციების მესამე დღეს, პოლიციასთან შეტაკების შემდეგ, თბილისის ცენტრში რამდენიმე ასეული ოპოზიციური აქტივისტი შეიკრიბა. ტელევიზიის შენობის წინ დაახლოებით 300-მა დემონსტრანტმა გაათენა ღამე; ბევრი მათგანი ჯოხებით იყო შეიარაღებული", - აღნიშნავს გამოცემა.
გამოცემა Telegraph იუწყება, რომ თბილისში ანტისამთავრობო აქციებს ძალადობა მოჰყვა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ანტისამთავრობო მანიფესტანტები და აქციის სხვა მონაწილეები თბილისში ერთმანეთზე თავდასხმისთვის პლასტიკურ ჯოხებს იყენებენ.
სტატის ავტორი აღნიშნავს, რომ შეტაკებები კვირას, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, იმ საპროტესტო აქციას მოჰყვა, რომელიც წინა დღეს გაიმართა და თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანს მოუყარა თავი.
"აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფმა სახელმწიფო ტელევიზიის შენობის წინ დედაქალაქში ღამე გაათენა. ოპოზიიცის დაახლოებით ორმა ათეულმა მხარდამჭერმა პოლიციის ავტომანქანას შეუტია მას შემდეგ, რაც, არსებული ინფორმაციით, ისინი მომიტინგეთა ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას შეეცადნენ", - წერს გაზეთი.
აქვე აღნიშნულია, რომ შემდეგ სპეცრაზმმა შეკრებილთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
გამოცემა დასძენს, რომ საპროტესტო აქციის დემონსტრანტები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კორუფციასა და დემოკრატიული რეფორმების ბლოკირებაში ადანაშაულებენ.
ამერიკული გამოცემა “New York Times”-ი კოსტავას ქუჩაზე მომიტინგეების დარბევის ფაქტზე წერს და საქართველოში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, პოლიციამ ანტისამთავრობოდ განწყობილი დემონსტრანტების დასარბევად, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
სტატიის ავტორის, მაიკლ შვირცის ცნობით, დემონსტრანტები, რომელთაგან ზოგიერთს ხელკეტები ეკავა და სახეზე ნიღბები ეკეთა, თბილისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ შეიკრიბნენ. ჩინოვნიკების თქმით, აქციას დაახლოებით 2000, ქართული სტანდარტებით ცოტა ადამიანი ესწრებოდა.
“ისინი სააკაშვილს პროდასავლური რეფორმების ხელყოფაში ადანაშაულებენ, რომლის განხორციელების პირობაც მან 2003 წელს უსისხლო აჯანყების დროს დადო. ისინი გაბრაზებულები არიან ასევე მუდმივი სიღატაკისა და უმუშევრობის გამო.
მართალია დემონსტრაცია დიდწილად მშვიდობიანი იყო, თუმცა კვირას დილით ათამდე მომიტინგე პოლიციის ავტომობილს ჯოხებით თავს დაესხა და პოლიციას საპასუხო ქმედებისკენ უბიძგა, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შოთა უტიაშვილმა. მისი თქმით ორი ადამიანი დაკავებულია და ხუთმა, მათ შორის სამმა პოლიციელმა, მცირედი დაზიანებები მიიღო”, – წერს “New York Times”-ის კორესპონდენტი და დასძენს, რომ მეორე ინციდენტის დროს, ჯოხებით შეიარაღებული დემონსტრანტები ქუჩაში უცნობ მამაკაცებს შეებრძოლნენ, რომლებიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები იყვნენ.
როგორც მაიკლ შვირცი აღნიშნავს, კვირის ძალადობამ, მისი მასშტაბის სიმცირის მიუხედავად, პოლიციის მიერ 2007 წელს დემონსტრანტების სასტიკი დარბევის პერიოდის მოგონებები გააცოცხლა. მაშინ დაახლოებით 500 ადამიანი დაშავდა, როდესაც პოლიციამ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად.
“მაშინ ძალადობა საერთაშორისო თანამეგობრობამ მკვეთრად დაგმო. ამან მნიშვნელოვნად შემაცირა ბ-ნი სააკაშვილის პოპულარობა ქვეყანაში. მას შემდეგ მთავრობა მსგავსი შეტაკებების თავიდან აცილებას ცდილობდა. საქართველოში დიდი საპროტესტო აქციები იშვიათი მოვლენა არ არის.
ბოლო დემონსტრაცია იმ ანტისამთავრობო აქციის გაგრძელება გახლდათ, რომელშიც წინა დღეს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ოპოზიციის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ არ შეწყვეტენ პროტესტს, ვიდრე სააკაშვილი არ გადადგება, თუმცა მსგავსი მცდელობები წარსულში უშედეგოდ დასრულდა”, – ნათქვამია სტატიაში.
ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილმა ლეგალურად პრეზიდენტის პოსტი 2013 წელს უნდა დატოვოს.
“მისი მმართველობის პერიოდში რამდენიმე სერიოზული კრიზისის, მათ შორის 2008 წლის რუსეთთან ომის და ორი აჯანყებული რეგიონის დაკარგვის მიუხედავად, ის საქართველოში საკმაოდ პოპულარულ ფიგურად რჩება. ქართული ოპოზიცია, რომლიც შიდა კონფლიქტებითაა გამოფიტული, მმართველი პარტიისთვის სერიოზული პრობლემის შექმნას დღემდე ვერ ახერხებდა. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ შაბათის და კვირის დემონსტრაციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
კვირის აქციაზე, ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ოპოზიციას პრობლემები შეუქმნა იმით, რომ მედია საშუალებებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა და არჩევნებს აყალბებს – ბრალდებები, რომელსაც მთავრობა ყოველთვის უარყოფს”, – წერს შვირცი.
მისი ინფორამაციით, სააკაშვილის ყოფილმა მოკავშირემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ოპოზიციის გამოჩენილი ლიდერი გახდა, განაცხადა, რომ პოლიციამ, საპროტესტო აქციისთვის ხელის შეშლის მიზნით ბოლო ორი დღის განმავლობაში 100-მდე ოპოზიციური აქტივისტი დააკავა.
“კვირას საღამოს რამდენიმე ასეული ადამიანი პროტესტს განაგრძობდა და ბევრმა მათგანმა პირობა დადო, რომ ღამეს აქციაზე გაათენებს. ზოგიერთებმა 25 მაისს „მრისხანების დღისკენ“ მოუწოდეს – ეს სახელი იმ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს უწოდეს, რომლებმაც წელს ახლო აღმოსავლეთის ავტორიტარულ მთავრობებს პრობლემები შეუქმნა.
„სააკაშვილი უპირობოდ უნდა წავიდეს“, – თქვა კვირის საპროტესტო აქციაზე ლაურა მაჩაიძემ, 57 წლის უმუშევარმა ეკონომისტმა და დასძინა, რომ სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ხალხმა გადაწყვიტოს ვინ სურს მას ლიდერად“, – წერს “ნიუ-იორკ ტაიმსი”
გამოცემა "Комсомольская правда на Украине" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ "ქართული ვარდები მეორედ არ ყვავის – ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის ჩამოსაგდებად მომხრეებს ვერ პოულობს”.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, "პროტესტის მეორე დღეს აქციაზე კიდევ უფრო ცოტა ადამიანი გავიდა და მათი რიცხვი ათასს არ აღემატებოდა, რაც "ვარდების რევოლუციის" დროს მასობრივ გამოსვლებს საერთოდ არ ჰგავს".
"Комсомольская правда на Украине"-ს ქართველი ჟურნალისტი გალინა ლაფერაშვილი ესაუბრება, რომლის შეფასებით, "მიტინგზე ადამიანების რაოდენობა იმიტომ იკლებს, რომ სამუშაო დღეებია და ეს კვირას პოლიციის მიერ მომიტინგეებისთვის რეზინის ტყვიების სროლის ფაქტს არ უკავშირდება".
"სამი დღის მანძილზე არც ლოზუნგები და არც მომიტინგეების მიზნები არ შეცვლილა. მათ კვლავ გადაკეტილი აქვთ კოსტავას გამზირი და პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ. ამ ლოზუნგს ძირითადად სტუდენტები და ღარიბი ოჯახების წევრები უჭერენ მხარს. ინტელიგენციას ბურჯანაძის არ სჯერა. მათ ახსოვთ, როგორი რთული იყო მასთან მუშაობა მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს. ვფიქრობ, ეს მიტინგები არაფრით დასრულდება. სააკაშვილი 2013 წლის არჩევნებამდე პრეზიდენტი იქნება, რამდენადაც აქციის ორგანიზატორები მომხრეებს ისე ექცევიან, როგორც მუშა ცხენებს. მათ სამოქმედო გეგმა არ აქვთ", - აცხადებს ჟურნალისტი.