„საქართველოში საწვავის ხარისხი დამაკმაყოფილებელია“ - გარემოს დაცვის სამინისტროს ამ დასკვნას არ ეთანხმებიან სპეციალისტები. გარემოსადმცველები ფიქრობენ, რომ საქმე გაცილებით რთულადაა და კანონმდებლობიდან მოყოლებული სტანდარტების ჩათვლით, ყველაფერი დასახვეწია.
გარემოს დაცვის სამინისტრომ დედაქალაქში ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი 2016 წლის მაისიდან დაიწყო. სამინისტროს თანამშრომლებმა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის სინჯები აიღეს და მას ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარეს.
როგორც სამინისტროში განმარტევენ, ქვეყანაში დადგენილ სტანდარტებთან საწვავის ხარისხის შეუსაბამობის შემთხვევაში ჯარიმა 8 ათას ლარს შეადგენს. ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავი საქართველოს დადგენილებით დაწესებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება (საუბარია ნავთობპროდუქტში ტყვიის, ბენზოლის, გოგირდისა და სხვა ნივთიერებების განსაზღვრულ მოცულობებზე, რომელსაც არ უნდა აჭარბდებდეს სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავი).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინპსექტორი ნელი კორკოტაძე განმარტავს, რომ შემოწმდა თბილისში არსებული 9 ავტოგასამართი სადგური, როგორც ბრენდირებული, ისე არაბრენდირებული ობიექტები. მათ შორის, „სოკარის“, „ლუკოილის“, „ვისოლის“, „რომპეტროლის“, „გალფის“, „ფრეგოს“ და „ინტერგანის“ საცალო სარეალიზაციო პუნქტები.
კორკოტაძე ამბობს, რომ ბენზინის საწვავში შემოწმდა ოქტანობის და ტყვიის შემცველობა, ასევე გოგირდის მასური წილი, ხოლო დიზელის საწვავში ცეტანუსის და გოგირდის მასური წილი.
სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ავტოგასამართ სადგურზე აღებული სინჯი შესაბამისობაში იყო დღეს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან. არსად დარღვევა არ დაფიქსირდა.
როგორც კორკოტაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ყველა დასახელებულ ავტოგასამართ სადგურზე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები გაუფრთხილებლად შევიდნენ. სამინისტრო უახლოეს მომავალში საწვავის კვლევის მიმართულებით შემოწმებას რეგიონებშიც გეგმავს.
ჩატარებულ შემოწმებას გარემოსდამცველები სკეპტიკურად უყურებენ და ეჭვქვეშ მის შედეგებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძე აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც მუდმივად მიდის საუბარი, რომ ჰაერი დაბინძურებულია და ამას კვლევებიც ადასტურებს, ასეთი შედეგის დადება ცოტა გაურკვეველია.
მისი შეფასებით, აუცილებელია მოხდეს შედეგების სხვა ორგანოში გადამოწმება. „გარემოს დაცვის სამინისტრომ ეს შეასრულა ისე, როგორც კანონმდებლობაშია, თუმცა არსებობს ქიმიის ინსტიტუტი, ასევე არსებობენ ლაბორატორიები, რომლებსაც ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ვფიქრობ, უნდა მოხდეს ალტერნატიული შემოწმება. ეს აუცილებელია. მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობა არ შეიძლება“, - განუცხადა „კომერსანტს“ რუსუდან სიმონიძემ.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს“ ანგარიშის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო, რომ მსოფლიო მასშტაბით ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა საქართველოშია. გარემოს დაცვის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება, რომ საქართველოში დაბიძნურება მართლაც პრობლემურია, თუმცა არც ამ მასშტაბებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხოგზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილიც ამბობს, რომ საქართველოში არსებული საწვავის სტანდარტი ევროპული არ არის. ამიტომ, რამდენიც უნდა ვამოწმოთ, სარეალიზაციო ქსელში არსებული პროდუქტი ყოველთვის დააკმაყოფილებს იმ ნორმას, რაც ქვეყანაშია. სწორედ ამიტომ აუცილებელია მოხდეს არსებული სტანდარტების ევროპულთან მიახლოება.