ცნობილია, რომ ინსტიტუტები განსაზღვრავენ როგორც მთელი საზოგადოების, აგრეთვე მისი ეკონომიკური ბაზისის, ანუ საბაზრო ეკონომიკის, ნორმალური ფუნქციონირების პირობებს, ამიტომ მათი დეფორმაცია და გავლენის ცალკეული ჯგუფების ინტერესებზე მორგება განაპირობებს ინფორმაციის ასიმეტრიულობას, ბაზრების არასრულყოფილებას, მონოპოლიური ურთიერთობების გაბატონებასა და ალტერნატიულ მიმართულებებს შორის რესურსების არაეფექტიან განაწილებას. ეს კი, თავის მხრივ აფერხებს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობას, მათი ნიჭისა და უნარის გამოვლენა–გამოყენებას, შესაბამისად ახშობს მათ აქტიურობას ინვესტიციების, ინოვაციებისა და სოციალური მოღვაწეობის სხვა სფეროებში, რაც ხელს უშლის ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას.
უახლეს კვლევებში ცივილიზაციების, მ.შ. სახელმწიფოების აყვავებისა და დაცემის, აგრეთვე ცალკეული ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონეებში არსებული განსხვავების მიზეზებად სახელდება ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების განსხვავება, მათი ხასიათი, ხარისხი და განვითარების დონე. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა დ. ასემოგლისა და დ. რობინსონის ნაშრომი: “რატომ განიცდიან ერები დამარცხებას” [Acemoglu D., Robincon J.. Why Nations Fail: The origins of power, prosperity, and poverty. 2012], სადაც ქვეყნებსს შორის ეკონომიკური განვითარებაში არსებული განსხვავების მიზეზად აღიარებულია არა კულტურული, კლიმატური თუ გეოგრაფიული ფაქტორები, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების პროგრესულობა.
აღნიშნული დებულების ჭეშმარიტება ნაშრომში ნაჩვენებია, მაგალითად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ეკონომიკური განვითარების დონეების შედარების საფუძველზე - მათი განვითარების ისტორიული ასპექტის გათვალისწინებით. საერთო ისტორიული წარსულის, ეთნიკური იდენტობის, საერთო ტრადიციებისა და ერთიანი კულტურის პირობებში, მათი ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებული უზარმაზარი განსხვავების ძირითად მიზეზად წარმოდგენილია საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობილების, შესაბამისად კი, სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების განსხვავებულობა.
აღნიშნული მკვლევარები განსაკუთრებული მნიშვნელობას ანიჭებენ ინსტიტუტების ხასიათს ინოვაციებისადმი დამოკიდებულების კონტექსტში. შესაბამისად, ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური წარმატების (ან წარუმატებლობის) მიზეზად მიიჩნევენ ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების არსებობას (ან არარსებობას), რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენლის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა–გამოყენების წახალისებას, თითოეული ინდივიდის ძალისხმევისა და ინოვაციების წამახალისებელი სტიმულების შექმნას.
ამ ავტორების აზრით, მხოლოდ ინკლუზიური ინსტიტუტები უზრუნველყოფენ სტიმულებს ეკონომიკურ აქტივობაში საზოგადოების ყველა ფენის ჩასართავად. ექსკლუზიური ინსტიტუტები კი განამტკიცებენ ელიტების მონოპოლიას, ავტორიტარული მოდერნიზაციის პირობებში უზრუნველყოფენ ეკონომიკურ ზრდასაც, მაგრამ დროებით, ვინაიდან ასეთი ინსტიტუტების პირობებში შეუძლებელია გრძელვადიანი მდგრადი სოციალურ–ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება – განვითარებისთვის აუცილებელი სტიმულების დეფიციტის შედეგად.
ამრიგად, ეკონომიკურ განვითარებას განსაკუთრებით ხელს უშლის პოლიტიკურ–ეკონომიკური ძალაუფლების მქონე ელიტის ინტერესების შესატყვისი ესკლუზიური ინსტიტუტების არსებობა. ამიტომ, განვითარების ხელისშემშლელი ესკლუზიური ინსტიტუტები ან უნდა გაუქმდეს, ან უნდა განხორციელდეს მათი დახვეწა და საზოგადოების ინკლუზიურ ინტერესებთან მორგება.
ქვმოთ მოვიყვანთ ელიტის სასარგებლოდ ესკლუზიური ინსტიტუტების ფორმირების რამდენიმე მაგალითს:
ა) ბოლო ცვლილებების შეტანამდე საქართველოში მოქმედი “საქართველოს შრომის კოდექსი” [17.12. 2010, #4113] მთლიანად დამსაქმებლის ინტერესებზე იყო მორგებული და პრაქტიკულად, სრულიად უუფლებო მდგომარეობაში ტოვებდა დასაქმებულს.
ეს კოდექსი, საკუთარი ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, დასაქმებულს ავალდებულებდა, არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობითი შეტყობინებით, დამსაქმებელის გაფრთხილებას. ასეთი ვალდებულება არ ეკისრებოდა დამსაქმებელს. დამსაქმებელს შეეძლო წინასწარი გაფრთხილებისა და ყოველგვარი კონკრეტული მიზეზის გარეშე (აღნიშნული კანონით გაწერილი არ იყო შრომითი ხელშეკრულების მოშლის მიზეზები) გაეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან. ამასთან, აღნიშნული კოდექსი არ ცნობდა გაერთიანების თავისუფლებას, შესაბამისად, კოდექსით აკრძალული არ იყო დასაქმებულის დისკრიმინაცია დასაქმებულთა გაერთიანებაში მისი წევრობის, ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის შემთხვევაში.
აღნიშნული ხარვეზები ძირითადად აღმოიხვრა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ [12.06.2013. #729].
ბ) სასათბურე პირობების შექმნისას, ელიტა აღწევს მისი მერკანტელისტური ინტერესებისთვის შეუსაბამო, მაგრამ ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი ინსტიტუტების გაუქმებასაც. ამის მაგალითია, წინა ხელისუფლების მიერ “მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” კანონისა [25.06.1996. #228] და ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება იმ მოტივით, რომ იგი წარმოადგენდა კორუფციის წყაროს. კორუფციის არსებობის მოტივით, აღნიშნული გადაწყვეტილების გამართლება, მეტისმეტად უსუსურად გამოიყურება, ვინაიდან აღნიშნულმა ხელისუფლებამ ყველგან, სადაც კი ამის სურვილი გააჩნდა, შეძლო კორუფციის აღმოფხვრა.
აღნიშნული კანონის სანაცვლოდ 2005 წელს მიღებულ იქნა ახალი კანონი: “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” [03. 06. 2005. #1550.], რომლის ტექსტშიც საერთოდ გაქრა “მონოპოლიის”, “მონოპოლიური მდგომარეობისა” და “მონოპოლიური საქმიანობის” ცნებები. შესაბამისად, მონოპოლიურ წარმონაქმნებს გზა გაეხსნათ თავისუფალი, შეუზღუდავი საქმიანობისკენ. აღნიშნული გადაწყვეტილება, ძირითადად ნაკარნახევი იყო პოლიტიკურ–ეკონომიკური ძალაუფლების მქონე ელიტის პირადი ინტერესებით. საზოგადოების, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან პერმანენტულმა პროტესტმა და საერთაშორისო საფინანსო–ეკონომიკური ორგანიზაციების რეკომენდაციებმა ხელისუფლება აიძულა 2012 წელს მიეღო ახალი კანონი: “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” [08.05.2012. #6148]. მასში გაჩნდა “დომინირებული მდგომარეობისა” და “კონცენტრაციის” ცნებები, თუმცა სათანადოდ არ იქნა განსაზღვრული საბაზრო ძალაუფლების მქონე ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობის რეგულირების სამართლებრივი საფუძვლები, რამაც მონოპოლიური ძალაუფლების მქონე, ურთიერთ შეთანხმებაში მყოფ ოლიგოპოლიურ წარმონაქმნებს თავიანთი საქმიანობის შეუზღუდავად გაგრძელების საშუალება მისცა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გზით მოსულმა ხელისუფლებამ, 2014 წლის გაზაფხულზე მიიღო ახალი კანონი: “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” [21.03.2014. #2159], რომლის თანახმადაც კანონმა მიიღო “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის სახელწოდება. აღნიშნული კანონშიც არსად ფიგურირებს “მონოპოლიისა” და “საბაზრო ძალაუფლების” ცნებები. ამ თვალსაზრისით, იგი იმეორებს წინა კანონის ტრადიციას. ამასთან, წინამორბედთან შედარებით, აღნიშნული კანონით უფრო მკაფიოდ დაკონკრეტდა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვის სამართლებრივი ასპექტები. ასევე გადაწყდა კონკურენციის სააგენტოს შექმნა და განისაზღვრა მისი ფუნქციები. მასვე დაევალა ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და დამტკიცება 2014 წლის 1 ოქტომბრამდე.
ამრიგად, ამ მიმართულებით გარკვეული პოზიტივი შეინიშნება, თუმცა ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვა და ამ სფეროში კანონდარღვევის გამოვლენის თითო-ოროლა, შემთხვევითი ხასიათი, ცხადყოფს რომ ხელშესახები შედეგების მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
გასულ წელს საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ფარმაცევტული კომპანიების მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ, კერძოდ, ფასების გაუმართლებელი ზრდისა და კონკურენტების მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების ფაქტმა. მონოპოლიური მდგომარეობის სათავისოდ გამოყენებაში მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიების (ისევე როგორც სხვა დანარჩენი ოლიგოპოლიური წარმონაქმნების) დადანაშაულება უსამართლობაა. არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებასაც, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია ყოველმხრივ ხელს უწყობს ქვეყანაში მოქმედი ოლიგოპოლიური წარმონაქმნების არამართლზომიერ და ანტისაზოგადოებრივ ქმედებებს. მართალია, ბოლო წლებში ამ მიმართულებით გარკვეული სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია.
მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა იმდენად, რამდენადაც განამტკიცებს ელიტების მონოპოლიურ ძალაუფლებას, იწვევს რესურსების არაეფექტიან განაწილებას, ხელოვნური გზებით ახშობს მცირე და საშუალო ბიზნესის აქტივობას, სპობს ბაზრის ატომიზირებული სუბიექტების ინოვაციური ძალისხმევის წამახალისებელ სტიმულებს და ა. შ.
ამა თუ იმ დარგში ოლიგოპოლიის ფორმირების, ოლიგოპოლიურ ერთეულებს შორის შეთანხმებისა და ამ გზით მათ მიერ მონოპოლიური ძალაუფლების მოპოვების მიზეზი შეიძლება იყოს: ა) მასშტაბის ზრდადი ეფექტი, ანუ წარმოების მასშტაბის ზრდისას საშუალო დანახარჯების შემცირება და მნიშვნელოვანი ეკონომიის წარმოქმნა; ბ) ე.წ. “შესვლის ბარიერები”. მ.შ. გამოყოფენ: სამართლებრივ შეზღუდვებს (პატენტები, ლიცენზიები და ესკლუზიური უფლების უზრუნველმყოფი სხვა სახის შეზღუდვები), დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე წარმოების დაწყებასთან დაკავშირებულ მაღალ დანახარჯებს, აგრეთვე პოტენციური მეტოქეებისათვის ბარიერების შექმნას რეკლამისა და პროდუქტების დიფერენციაციის გზით.
საქართველოში არსებული არასრულყოფილი კონკურენციის შესატყვისი სტრუქტურების უმრავლესობას არ გააჩნიათ ეკონომიკური საფუძველი. მათი ჩამოყალიბება ხელოვნურად მოხდა ბოლო 20 წლის მანძილზე. ხელისუფლებასთან მჭიდროდ ინტეგრირებულმა ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენლებმა სახელმწიფო–ბიუროკრატიული აპარატის რესურსების გამოყენებით შეძლეს კონკურენტებისათვის “შესვლის ხელოვნური ბარიერების” (ძირითადად ლიცენზიებისა და ესკლუზიური უფლების უზრუნველმყოფი სხვა შეზღუდვების სახით, მ.შ. სახელმწიფო-ბიუროკრატიული რესურსის არაფორმალური გამოყენების გზით) დაწესება და ამ გზით მონოპოლიური, ან მასთან მიახლოებული ძალაუფლების მოპოვება არა მხოლოდ ოლიგოპოლიურ, არამედ მთელ რიგ მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრებზე.
მონოპოლიური ძალაუფლების შესატყვის სტრუქტურებს ხელეწიფებათ მომხმარებელთა მდგომარეობის მნიშვნელოვანი გააუარესება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება, თუკი ისინი მიაღწევენ უკანონო (ოლიგოპოლიურ) შეთანხმებებს ბაზრის გაკონტროლების, ანუ წარმოების მოცულობისა და ფასების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ოლიგოპოლიური, რიგ შემთხვევაში მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარიც კი, შიინაარსობრივად მონოპოლიურის იდენტური ხდება, ვინაიდან ფასებზე მყარდება აბსოლუტური კონტროლი, ანუ წარმოების მოცულობა, ფასები და მოგება იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც იქნებოდა წმინდა მონოპოლიის შემთხვევაში, ანუ ბაზარზე გამოირიცხება წარმოების ეფექტიანობის ამაღლებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ყოველგვარი კონკურენციული მეტოქეობა.
მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებისას საზოგადოების მიერ ოლიგოპოლიური სტრუქტურებისგან მიღებული სარგებელი (მასშტაბის მნიშვნელოვანი ეკონომიის და საშუალო ხარჯების შემცირების, მსხვილი სამეცნიერო–კვლევითი ღონისძიებების დაფინანსების შესაძლებლობების და ა. შ. შედეგად) ვეღარ დაფარავს საზოგადოებისთვის მათ მიერ მიყენებულ ზიანს (წარმოების მოცულობის შემცირება, ფასების დაუსაბუთებელი ზრდა, რესურსების არაეფექტიანი განაწილება, ელიტების მონოპოლიური ძალაუფლების განმტკიცება და მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენების მდგომარეობის არსებითი გაუარესება), რაც ხელს შეუშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური კანონის მიღება-ამოქმედებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კონკურენციის საყოველთაო წახალისების პოლიტიკის გატარება და ახალი ფირმებისათვის მონოპოლიურ, ოლიგოპოლიურ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრებზეც კი, სადაც წესით ასეთი ბარიერები არ უნდა არსებობდეს, შესვლის შესაძლებლობათა გაადვილებაა.
გ) ელიტა და/ან მასთან ასოცირებული “საქმიანი” ადამიანების ჯგუფი ხშირად აღწევს საკუთარი ინტერესების რეალიზაციას (მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ხარჯზე) - შესაბამის საკანონმდებლო-ინსტიტუციურ სფეროში სრული ვაკუუმის შექმნით. ასე მაგალითად, საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას გააჩნია ფორმალური, არაარსებითი ხასიათი.
“მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონში არაფერია ნათქვამი გაუთვითცნობიერებელი და/ან ეკონომიკური სიდუხჭირის შედეგად სასოწარკვეთილი და კედელთან მიყენებული მსესხებლის (საკუთარი მოქალაქის) ინტერესების დაცვისა და გამსესხებლის არაკეთილსინდისიერი ქმედებების (არაბუნებრივად მაღალი საპროცენტო განაკვეთების დაწესება, დასაბუთებული მიზეზის გარეშე სესხის რესტრუქტურიზაციაზე უარის თქმა, გირაოში ჩადებული მთელი ქონების მითვისება და ა. შ.) აღმკვეთი ღონისძიებების შესახებ. კანონის მე-9 მუხლის თანახმად, “მიკროსესხების გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება . . .”, თანაც “მიკროსესხების გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია” და ამ სფეროში მას მარეგულირებელი არ ყავს.
თავისთავად ცხადია, რომ ასეთი სამართლებრივი ოაზისის არსებობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მსესხებლებთან კაბალური საკრედიტო ხელშეკრულების დადებისა და მისი უმოწყალო ძარცვის, გირაოდ ჩადებული მისი მთელი ქონების ხელში ჩაგდების შესაძლებლობას აძლევს.
ამ სფეროში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიზანს თითქმის ყველა კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს არა მოვალის მიერ სასესხო ვალდებულების შესრულება, არამედ მისი გირაოში ჩადებული ქონების (როგორც წესი, მისი საბაზრო ღირებულება სესხის თანხას მინიმუმ ორჯერ, ხშირ შემთხვევაში კი 3-4 ჯერ აღემატება) ხელში ჩაგდება. დათქმულ ვადებში სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია, სესხის ყოველგვარი რესტრუქტურიზაციის გარეშე, მიითვისოს აღნიშნული ქონება. ყველაზე სავალალო ისაა, რომ აღნიშნული კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უფლებას აძლევს მსესხებელს ფული ასესხოს ერთადერთი თავშესაფრის (ბინა, სახლი) ზემოაღნიშნულ კაბალურ პირობებში გირაოში ჩადების შემთხვევაშიც. შედეგიც სახეზეა: ათეულობით ათასი ოჯახი საკუთარი ბინიდან გამოსახლების რეალური კანდიდატია.
ამრიგად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მარეგულირებელი კანონის მიზანი მათი განვითარებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა და/ან საკრედიტო რესურსის მიწოდების ალტერნატიული არხების გაფართოების გზით ეკონომიკის სუბიექტების საქმიანობის ხელშეწყობა კი არის, არამედ სპეკულაციური მოტივების მქონე ვიწრო ჯგუფისა და მათი მფარველების ინტერესების დაცვა.
საფინანსო-საკრედიტო ბაზარზე ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებიც. მათი წარმატების მიზეზი მოკლევადიანი მცირე სესხების გაცემის სიმარტივეშია. ისინი აღნიშნულ სესხებს გასცემენ უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე. ამიტომ, მეტისმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და დათქმულ ვადებში სესხების არაგადამხდელი მოვალეების მიმართ არაბუნებრივად მაღალი ჯარიმების დაწესების მიუხედავად, კლიენტების ნაკლებობას არ განიცდიან. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა ჩვენთან ჯერჯერობით საერთოდ არ არსებობს, რაც თავისთავად საფრთხეების შემცველია და უამრავ კითხვას ბადებს. მაგალითად, გაუგებარია, დღემდე რატომ არ შეიმუშავა სახელმწიფომ მათი საქმიანობის მარეგულირებელი კანონი და რატომ არ დაუწესა მათ საპროცენტო განაკვეთისა და ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმების ზედა ზღვარი. აგრეთვე, გაუგებარია, სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ურთიერთობის, მ. შ. მსესხებლის ამა თუ იმ ქონებაზე გამსესხებლის მიერ პრეტენზიის გაცხადების საფუძველი, ვინაიდან ინტერნეტ-ხელშეკრულების მიხედვით, რომელზეც მსესხებლის პირადი ხელმოწერა დაფიქსირებული არ არის, საეჭვოა აღნიშნული პრეტენზიების წარდგენის კანონიერება.
ამგვარად, ადექვატური კანონმდებლობის არარსებობა მიკროსაფინანსო და ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციებს, აგრეთვე მათ მონათესავე საკრედიტო კავშირებსა და ლომბარდებს, მოსახლეობის ძარცვა-დაკაბალების განუსაზღვრელ შესაძლებლობას ანიჭებს. ეს იმას არ ნიშნავს რომ არასაბანკო სექტორის აღნიშნული სეგმენტები ქვეყანას არ სჭირდება. პირიქით, სიმარტივისა და დროის მცირე დანახარჯების გამო, აღნიშნულ სეგმენტს ნამდვილად გააჩნია განვითარების კარგი პერესპექტივა. საფინანსო-საკრედიტო სფეროში ჯანსაღი კონკურენციის გაღრმავების მიზნით საჭიროა მათი საქმიანობის ხელშეწყობა. იმავდროულად, საზოგადოების ინკლუზიური ინტერესების დასაცავად აუცილებელია ამ სფეროში დასაქმებული კომპანიებისთვის ეფექტიანი რეგულაციების დაწესება.
შრომითი ურთიერთობებისა და ანტიმონოპოლიური სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, აგრეთვე მიკროსაფინანსო და ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების ფუნქციონირების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ საქართველოში მოქმედ ინსტიტუტებს ხშირ შემთხვევაში ესკლუზიური ხასიათი გააჩნიათ და ამიტომაც არ შეესაბამებიან საზოგადოების განვითარების ინტერესებს. თავისთავად ცხადია, რომ ამა თუ იმ პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართულ პირებს (მეწარმეები, სამეწარმეო სექტორის მომსახურებით დაკავებული ადვოკატები, ფინანსისტები და ბუღალტრები, სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები და ა. შ) ბევრად მეტი ინფორმაცია გააჩნიათ საზოგადოების ინტერესებთან შეუსაბამო ინსტიტუტებთან და ამ სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ამიტომ, ეფექტიანი ინსტიტუციური ტრანსფორმაციის განხორციელებისთვის და ეფექტიანი ინკლუზიური ინსტიტუტების ფორმირებისთვის აუცილებელია მათი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება.
ამრიგად, საბაზრო ეკონომიკის თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი ინსტიტუციური გარემოს ჩამოყალიბების მიზნით საჭიროა სახელმწიფო და საბაზრო კოორდინაციის ინსტიტუტების განვითარება და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა-დახვეწა. არანაკლებ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ნორმების რეალიზაციის ქმედითი მექანიზმების ფორმირება. ასეთი მექანიზმების არარსებობა, თავის მხრივ არის საკანონმდებლო ბაზის დაუხვეწაობის და/ან ქვეყანაში გამეფებული სამართლებრივი ნიჰილიზმის შედეგი. ასეთი მექანიზმების არარსებობისას თვით ყველაზე სასარგებლო ინსტიტუტების ეფექტიანობაც კი მცირდება, უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი სრულიად უსარგებლო ხდება.
ამიტომ აუცილებელია სისტემური ინსტიტუციური ცვლილებების მიმართ ხელისუფლებაში არსებული ინერტულობის დაძლევა. მ. შ. აუცილებელია ინერტიულობის დაძლევა ეკონომიკის მარეგულირებელი ინკლუზიური ინსტიტუტების ფორმირების სფეროში. იმედია, რომ მომავალ პარლამენტში მმართველ ძალას ეყოლება ინიციატივიანი კვალიფიციური ეკონომისტები, რომლებიც შეძლებენ ამ მიმართულებით ნაყოფიერ საქმიანობას.
ეფექტიანი ინკლუზიური ინსტიტუტების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს: ბაზრების ეფექტიანობის ამაღლებას, კონკურენციული ურთიერთობების გაღრმავებას, ტრანსაქციული დანახარჯების შემცირებას, საზოგადოების წევრებსა და ეკონომიკის სუბიექტებს შორის ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შესაძლებლობებისა და შედეგების შედარებით სამართლიან განაწილებას და ა. შ., რაც თავის მხრივ ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების აუცილებელი პირობაა.