საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი საფინანსო ინსტიტუტებს არ ენდობიან, ქვეყნის მოსახლეობას კი საშუალო ფინანსური ცოდნა აქვს. სპეციალისტების ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს, ნაწილი კი ობიექტური მიზეზების ძიებაშია.
„კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობას საბაზისო ფინანსური ცნებების - როგორიცაა პროცენტი, რისკი და უკუგება, ინფლაცია - დამაკმაყოფილებელი ცოდნა აქვს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამა თუ იმ ფორმით ზოგავს ფულს, ხოლო გამოკითხულთა 87%-მა აღნიშნა, რომ მონაწილეობას იღებს პირადი ან ოჯახის მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.
აღნიშნულმა კვლევამ ასევე წარმოაჩინა, რომ ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლებს ფინანსური პროდუქტების არასათანადო ცოდნა აქვთ და შესაბამისად, ნაკლებად იყენებენ მას. გარდა ამისა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფულს სახლში ინახავს და მხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური მიზანი აქვს, ან საერთოდ არ გააჩნია არავითარი მიზანი“, - ნათქვამია კვლევაში.
საბანკო სფეროსთან დაკავშირებით კვლევა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, „ევროპული ფონდის სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და კვლევითი ორგანიზაცია „სონარის“ ჩართვით განხორციელდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1100 ადამიანი გამოიკითხა მოსახლეობის ფინანსური ცოდნის, ქცევისა და დამოკიდებულების შესასწავლად.
„ვამაყობთ იმით, რომ დავაფინანსეთ კვლევა და მონაწილეობა მივიღეთ ბროშურების გამოცემის პროცესში. ეს ორი პროექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური განათლების გაუმჯობესების კუთხით, რაც ჩვენი პროგრამის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს“, - განაცხადა EFSE-ს განვითარების პროგრამის კომიტეტის წევრმა, ევა ვან დერ ჰოიველმა.
საბანკო ექსპერტ ლია ელიავას კვლევის შედეგებში ეჭვი შეაქვს და აცხადებს, რომ ქართულ კომერციულ ბანკებში საქართველოს მოსახლეობას 4 მილიარდ ლარამდე აქვს დანაზოგი გაკეთებული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„მოსახლეობის მიერ შენახული ფული კომერციულ ბანკებში არის 4 მილიარდზე მეტი. წარმოიდგინეთ, 3 მილიონიან ქვეყანაში, სადაც ნახევარი მილიონი ბავშვია, 600 ათასი კი არის ასაკოვანი ხალხი. გამოდის, რომ 1,5-2 მილიონ ადამიანს - ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს - 4 მილიარდზე მეტი თანხა აქვს შენახული კომერციულ ბანკებში. ამიტომ იმის თქმა, რომ ადამიანები სახლში ინახავენ ფულს, ნამდვილად არ შეიძლება“, - აცხადებს ლია ელიავა.
საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძის აზრით კი, კომერციული ბანკების მიმართ მოსახლოების ნდობის ნაკლებობა გამოწვეულია ორი მიზეზით - ჰიპერინფლაციით, რომელიც ხალხის მეხსიერებაში კიდევ კარგადაა ჩარჩენილი და ასევე, იმით, რომ დღემდე დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვეყანაში არ არის ამოქმედებული.
„ხალხს ჰიპერინფლაციის მწარე გამოცდილება აქვს. არ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომელმაც ფული არ დაკარგა. ეს დიდხანს რჩება მეხსიერებაში და ამიტომ არ ენდობიან ბანკებს. მეორე მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ დღემდე არაფერი გააკეთა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ შიშს გაანეიტრალებდა და უფრო მეტი ანაბარი შევიდოდა ბანკში“, - განაცხადა გოჩა თუთბერიძემ.