ტურისტული რეკორდები ლარის კურსს ოდნავადაც ვერ შველის

ტურისტული რეკორდები ლარის კურსს ოდნავადაც ვერ შველის

მთელი მთავრობა ზაფხულის დადგომას დიდი იმედით ელოდა, რადგან გაზრდილი ტურიზმი დააბალანსებდა ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებას და ლარის კურსსაც გამყარებისკენ წაიყვანდა. ზაფხული უკვე იწურება, ტურისტები მართლაც მოზღვავდნენ, მაგრამ ლარის კურსს მაინც არაფერი ეშველა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილ ტურისტული სტატისტიკით მეტად მოხიბლულია. მისი ინფორმციით, 7 თვეში ტურისტების რიცხვმა 3 400 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია და დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

„ასევე რეკორდული გამოდგა კონკრეტულად ივლისის თვე. საქართველოს ეწვია 764 022 საერთაშორისო მოგზაური, რაც 26124-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ზრდის ტენდენცია მეზობელ ქვეყნებთან ერთად შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამომსვლელების კუთხით. ასევე 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 354 მლნ დოლარი, რაც 15,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით. ვფიქრობ, ეს ტენდენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის შემოსავლების ზრდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში ჩართული ყველა ადამიანისთვის, დაწყებული მიკრო და საოჯახო სასტუმროებიდან, დიდი ტურისტული კომპლექსებით დამთავრებული. ეს არის მეტი დასაქმებული ადამინი საქართველოში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მთელ გუნდს, ვინც ამ მიმართულებთ იმუშავა, განსაკუთრებით კი ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციას, მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა კულტურის სამინისტროს, ვინაიდან მისი თქმით, გარკვეული ღონისძიებების შედეგად, რომელიც სახელმწიფომ გაატარა, ასეთი მაჩვენებელი იქნა მიღწეული.

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კი ის ქვეყნები დაასახელა, საიდანაც ტურისტების რაოდენობამ განსაკუთრებით მოიმატა. მუდმივი ზრდა აღინიშნება მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

„კარგი ზრდა გვაქვს, რა თქმა უნდა, ირანიდანაც და რამდენიმე ასეულ პროცენტს უტოლდება ეს მაჩვენებლი. ასევე მატებაა არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. ავიაკომპანია „ფლაი დუბაი“, პრაქტიკულად, სამჯერ დაფრინავს ყოველდღე და სულ დატვირთულია. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც ჩვენ თავის დროზე არა მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებს მივეცით უვიზოდ შემოსვლის უფლება, არამედ იმ ხალხსაც, ვისაც მიღებული აქვს იქ მცხოვრების სტატუსი. ჩვენ ახლა ვსუბრობთ იმაზე, რომ არა მხოლოდ თბილისში, არამედ „ფლაი დუბაიმ“ დანარჩენი მიმართულებითაც გაააფართოვოს თავისი გეოგრაფია“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მიუხედავად ასეთი ციფრების სააშკარაოზე გამოტანისა და საყოველთაო თავმოწონებისა, ტურისტული რეკორდი, ეკონომიკაზე, ბიუჯეტზე და რაც მთავარია, ლარის კურსზე გავლენას ვერ ახდენს. ეკონომიკა მიზნობრივი ზრდის ტემპს ჩამორჩება, ბიუჯეტი წლის შუა წელში უკვე გარღვეულია, ხოლო ლარის კურსი საგანგაშოდ მაღალ ნიშნულზეა. ამ ყველაფერზე მთავრობის წევრები ბუნდოვან პასუხს იძლევიან.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე და ხელოვნური ჩარევა არ ხდება“, - სწორედ ასე უპასუხა ქუმსიშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არის ეროვნული ვალუტა ასეთ მაღალ მაჩვენებელზე იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ოდნავ უფრო იმედიანადაა განწყობილი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი. ნოდარ ხადურს სჯერა, რომ ლარი სტაბილურობას მომავალშიც შეინარჩუნებს. მინისტრი ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაშიც და მომავალშიც ლარი სტაბილურობას არ დაკარგავს და გამყარებისკენაც გაიწევს.

„მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაშიც და მომავალშიც ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და გამყარების ტენდენციას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.