რა პრემიები გამოიწერეს სამინისტროს ხელმძღვანელებმა? რაში იხარჯება სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის უცხოეთიდან გადმორიცხული 60 მილიონი დოლარი?
"ალიას" ესაუბრება მასწავლებელთა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი დავით ფერაძე:
- მინდა, საზოგადოებამ იცოდეს განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის 2014-15 წლის ხარჯები, ამ ინფორმაციის ნაწილი მათ ვებგვერდზე უდევთ, რადგანაც ეს ინფორმაცია, წესით, საჯაროა, მაგრამ ხარჯის ნაწილი, რაც არ იყო განთავსებული, ის მოვიპოვეთ სამინისტროდან. მაშინ, როცა მასწავლებლების დიდი უმრავლესობა ლამისაა შიმშილის ზღვარზეა, ნახეთ, როგორია ეს მონაცემები. ანალიზი ჩავუტარეთ ამ თანხებს და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსების დიდი წილი მიდის განათლების სამინისტროზე, მის უწყებებზე, ვგულისხმობ, მის სსიპ-ებს და ამ ბიუროკრატიულ აპარატს. მათ ხმარდება თანხების ლომის წილი და საბოლოო ჯამში, ვინც განათლება უნდა შექმნას და, კონკრეტულად, ვისზეც განათლების ხარისხია დამოკიდებული, ის არარაობას წარმოადგენს თურმე. სანამ ამ სიას ჩამოვყვები, აქ საინტერესოა ის, რომ მთელი წლის მანძილზე არა მარტო ხარჯების მიზნობრიობა-არამიზნობრიობაში ვამხილეთ მინისტრი, არამედ, ასევე, ვამხილეთ ნეპოტიზმში, რაც გამოიხატა დირექტორების დანიშვნის შემთხვევაში. ასევე, ვამხილეთ არაპროფესიონალიზმში. ამას უნდა დავამატოთ ხარჯები და ეს ყველაფერი, ერთიანობაში, არ გახლავთ თურმე მიზეზი იმისა, რომ მთავრობას გადაეხედა თავის შემადგენლობაში ამ პოსტზე მინისტრის შესაცვლელად და უფრო მეტიც, შეკითხვაც არ დასვეს პარლამენტში არც უმრავლესობიდან და არც შესაბამის კომიტეტში, თუ რატომ რჩება სანიკიძე ადგილზე? ამდენი ადამიანი ვამხელთ და კრემლიდან რომ არ ხდება ეს მხილება? აქ ვართ, ხომ? ამ ქვეყანაში და ესეც კი არ გახდა თუნდაც ერთი შეკითხვის საფუძველი! ლამის ყველა შეიცვალა ამ მინისტრის გარდა, მეორე გადახალისება არის მინისტრთა კაბინეტისა და ეს ქალი რჩება და რჩება უცვლელად!
რატომ? ვინ აფარებს ხელს?
- მეც ეგ კითხვა მაქვს, რატომ? ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ისევ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ჩვენ ვიცით, რომ თავად სანიკიძეს უამრავ ტენდერში გამარჯვებული უახლოესი ნათესავები ჰყავს, რომლებმაც მშვენივრად მოიწყვეს საკუთარი ბიზნესები, თან, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი "ატკატებთან" არის დაკავშირებული, ოღონდ ვის სასარგებლოდ ხდება და ვინ ლობირებს ამ "ატკატებს" მეორე მხრიდან, მე არ ვიცი, ეტყობა, ორმხრივი ლობირებაა, ჩემი აზრით: სამინისტროდან და ბიზნესიდან.
რა "ატკატებზეა" საუბარი?
- აქ ვგულისხმობ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წამოსულ თანხებს, მაგალითად, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან 60 მილიონი დოლარია გადმორიცხული განათლების ხარისხის ამაღლებისთვის, შარშანაც იყო გარკვეული თანხები გადმორიცხული. ეტყობა, ეს თანხები არამიზნობრივად ნაწილდება. გარდა ამისა, სსიპ-ებშიც დიდი რაოდენობის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეა ლაპარაკი.
კონკრეტულად?
- პროფესიული განვითარების ცენტრი აქვს სამინისტროს, სადაც ხელმძღვანელი მაჩაბელია და ეს სსიპ-ი გადაიქცა ფიქციად. ასევე, შეიძლება ითქვას განათლების ხარისხის ცენტრზე, ეს სსიპ-ები ცალკე შესასწავლია, ამას უნდა ჩავუჯდე და ამის შესახებ ინფორმაციებს ცალკე მოგაწოდებთ, რადგანაც დაწყებული გვაქვს ამის კვლევა და გაცნობებთ, რა მიზნობრიობით ხარჯავენ ისინი სახელმწიფო თანხებს. გარდა ამისა,
თამარ სანიკიძე მოიაზრებოდა მუდამ მარგველაშვილის მოყვანილ კადრად, თუმცა მან თავისი განცხადებებით, მაგალითად, ალასანიას თემასთან დაკავშირებით, როცა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის იყო შეუთანხმებლობა, ამ პერიოდში მან ცალსახად დაიჭირა მინისტრთა კაბინეტის მხარე და, როგორც ამბობენ, ამით მარგველაშვილის ნდობა დაკარგა. ასევე, როგორც მაცნობეს, რამდენჯერმე დადგა საკითხი პრემიერისგან მისი განთავისუფლებისა, ეს იყო გასული წლის დეკემბერში, მერე თებერვალში უპირებდნენ გაშვებას, მერე ორი თვის წინ უნდა გაეშვათ, მაგრამ შიგნით რა მოხდა და ვინ მოახდინა გავლენა პრემიერზე, კაცმა არ იცის.
შეიძლება, ეს კიდევ გარკვეული პერიოდით გადაიდო, მაგრამ ამჯერად უკვე ჩამიჩუმი არ გამოდის სამინისტროდან.
მაშინ, როცა მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, ასეთ სიტუაციაში 2014 წლის განმავლობაში განათლების სამინისტრომ შეიძინა 4 ავტომანქანა, ჯამი: 59.915 ლარი. მაგათ ისედაც ახალი შეძენილი ჰყავდათ მანქანები, 2013 წელს, მაგრამ ეს _ დამატებით იყიდეს. არადა, ეს თანხა 200 მასწავლებლის ხელფასს წარმოადგენს. შემდეგ, სამინისტროს სატელეფონო და საკომუნიკაციო ხარჯმა შეადგინა 51.588 ლარი. ეს არის 170-ჯერ მეტი მასწავლებლის ხელფასზე. საწვავზე დახარჯულია ერთი თვის მანძილზე 170 397 ლარი, რაც 500-ზე მეტ მასწავლებელს ეყოფოდა, ხელფასის სახით რომ გაცემულიყო.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წელს უკვე 54 000-ლარზე მეტია დახარჯული საზღვარგარეთ მივლინებებზე. საერთოდ, სანიკიძის უცხოური ვიზიტის თითოეული დღე ჯდება 280-დან 800 ლარამდე, ანუ მასწავლებლის თვიური ხელფასი და მეტიც იხარჯება მის ერთ დღეზე. არადა ეს ვიზიტები გრძელდება 5 დღიდან ორ კვირამდე. მაგალითად, 2014 წლის ნოემბერში მისი ვიზიტი აშშ-ში დაჯდა 10 855 ლარი. სულ კი სამინისტროს მაღალჩინოსანთა უცხოური ვოიაჟები დაჯდა 105 364 ლარი. წლევანდელ წელს უკვე მოასწრეს 44 151 ლარის გახარჯვა შინ და გარეთ სირბილზე. ასევე, იანვარ-თებერვალ-მარტში გაცემულია, პრემიის სახით, ხელმძღვანელებზე 133 417 ლარი, ანუ, 475-ჯერ მეტი ლარი მასწავლებელთა ხელფასებზე, ხოლო დანარჩენ თანამშრომლებზე - 217 568 ლარი.
რამდენ თანამშრომელზეა აქ ლაპარაკი?
- 30-ზე, ეს მათი პრემია კი 713-ჯერ მეტია მასწავლებლის ხელფასზე. ამის გარდა, ჩვენ გავაკეთეთ პატარა კვლევა, რამაც გვიჩვენა, რომ პედაგოგის საბაზო ხელფასი რომ გადავანაწილოთ ყოველდღიურობაზე, გამოდის 16,10 ლარი. იმ დროს, როცა ამ ქალბატონის ყოველდღიური ხარჯი ბიუჯეტს 666 ლარამდე უჯდება!
ჰოი, ბიჭო, რა რიცხვისთვის გაურტყამს?
- რამდენად სამართლიანია ეს გადანაწილება, თავად განსაზღვრეთ. ოფიციალურად, ანუ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმის ღირებულება 2015 წლისთვის 161,9 ლარია. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა მასწავლებლის მაგალითზე. იმის მიუხედავად, რომ ქვემოჩამოთვლილ მონაცემებში მაქსიმალურად ვეცადეთ, "ეკონომიური" ხარჯვა მოგვეხდინა, აღმოჩნდა, რომ რეალობა მკვეთრად განსხვავდება ოფიციალური მონაცემებისგან: ჩამონათვალში, არ შედის ტანსაცმელი, სამედიცინო გამოკვლევის ხარჯები და ა.შ. მასწავლებლისთვის, ისევე როგორც ყველა შრომისუნარიანი ადამიანისთვის, აუცილებელი მინიმალური საარსებო საშუალება სინამდვილეში შეადგენს თვეში 684 ლარს, კვირაში - 171 ლარს, ხოლო ყოველდღიურად ეს თანხა, საშუალოდ, 24 ლარია და ძალიან გვაინტერესებს, როგორ უნდა შეძლოს მასწავლებელმა საბაზო თვიური ხელფასის - 305 ლარის გადანაწილება ამ ყველაფერზე, მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ეს თანხა 16,10 ლარი გამოდის?! სამაგიეროდ, მინისტრზე ყოველდღიურად იმდენი იხარჯება, რასაც მასწავლებელი ორ თვეშიც ვერ იღებს.
ჩემი ინფორმაციით, თქვენ აპირებდით საპროტესტო აქციის მოწყობას და გადაიფიქრეთ?
- ამ აქციას ვაპირებდით მაშინ, როცა პარლამენტში მთავრობა წარადგენდა ამ ქალბატონს დასამტკიცებლად, მაგრამ ეს ისე სწრაფად და ისეთ დროს მოხდა, ისე მოულოდნელად ჩავიდნენ ქუთაისში ეს მინისტრები და ისეთი ლავირება მოხდა, რომ ფაქტობრივად, ვერ მოვახერხეთ ეს დაგეგმილი აქცია.
და რას აპირებთ?
- ვერ გეტყვით, ეტყობა, ისევ სძინავთ ჩემს ძვირფასს კოლეგებს და ისევ მარტო ვრჩებით რამდენიმე პედაგოგი. ისინიც ჩემთან სოციალური ქსელებით არიან შემოერთებული, მაგრამ რეალურ პროტესტს დანარჩენები არ აპირებენ. არადა საბაზო ხელფასი ჩვენი, ვიმეორებ, არის 305 ლარი! ამით როგორ გავიტანოთ თავი? შვილები გვყავს, მოხუცი მშობლები, ჩვენც ხომ გვინდა არსებობა? ლაპარაკი არსებობაზეა, ხალხო! ამიტომ არის ყველაზე არაპოპულარული ჩვენი პროფესია, ლამისაა სულს რომ ვღაფავთ, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ბრძოლას, რადაც არ უნდა დამიჯდეს, მაინც არ გავჩერდები.
კომენტარისთვის დავუკავშირდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, კერძოდ, ნატა ასათიანს:
"ფერაძის მიერ მოწვდილ ინფორმაციაზე თანხების შესახებ, კომენტარს არ გავაკეთებთ, რაც შეეხება მინისტრის მიმართ დასმულ კითხვებს, მას პარლამენტმა კითხვები მრავლად დაუსვა, ეს პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა და დავით ფერაძეს შეეძლო, ამისთვის თვალი ედევნებინა, ქალბატონ თამარს ყველა კითხვაზე ჰქონდა ამომწურავი პასუხი".