რა საფრთხე გემუქრებათ კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში?

რა საფრთხე გემუქრებათ კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში?

რა უნდა ვიცოდეთ, როცა გალამაზებას დავაპირებთ და ნემსს გაგვიყრიან სახის რომელიმე უბანში? სანამ მხედველობას დავკარგავთ, სახე მოგვექცევა და საერთოდ, სიცოცხლეს გამოგვასალმებენ?

"ალიას" ესაუბრება მედიცინის დოქტორი, ნანა ლაპიაშვილი:

- ქალაქში ძალზე მომრავლებულია კოსმეტიკური ცენტრები, სადაც არაექიმები აკეთებენ ისეთ პროცედურებს, რომელიც მათთვის აკრძალულია. პრობლემაა ისაა, რომ საამისო კანონმდებლობა ჩვენთან არ არსებობს. მანამდე კი თქვენ შეგიძლიათ, განაცხადოთ, რომ გნებავთ, გახსნათ კოსმეტიკური კაბინეტი, 15 წუთში მოგცემენ ამის უფლებას და გექნებათ შპს. ამის შემდეგ შეგიძლიათ, წახვიდეთ, გაიაროთ ათდღიანი კურსი, აქვე გეტყვით, რომ საკმაოდ ძვირი ღირს ეს კურსი და ხდებით კოსმეტოლოგი, აი, ამის შემდეგ კი, შეგიძლიათ, თქვენს თავს მისცეთ უფლება, რომ გახსნათ სახლში კაბინეტი, შემდეგ გამოაქვეყნოთ რეკლამა და თქვენთან მოვლენ ადამიანები, ხოლო თქვენთან მოსულ ადამიანს, მათივე ენით რომ ვთქვათ, შეუყვანთ ტუჩში პრეპარატს და ტუჩს გაუბერავთ, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ამას არ უნდა აკეთებდეს არაექიმი.

კი, მაგრამ ამას თბილისში ყოველ ფეხის გადაბიჯებაზე აკეთებენ.

- ამაზეა ლაპარაკი, ძალიან ბევრი აკეთებს, მაგრამ შედეგი რა არის? არის ასეთი კოსმეტიკური შეთავაზება, მეზოთერაპია და ექიმებს ასწავლიან უმაღლეს სასწავლებელში, თუ რომელი პრეპარატი რომელ პრეპარატთან არის თავსებადი და შენ თუ ბიოქიმია არ გაქვს გავლილი და ეს არ იცი, შესაძლოა, ავნო ადამიანს. აი, ამ წამს დაგვიკავშირდა პაციენტი, რომელსაც არასწორი პილინგის შედეგად აქვს უმძიმესი გართულება, მას დარჩა ნაწიბურები სახეზე. ცხადია, ეს პილინგი მას არაპროფესიონალმა გაუკეთა, რადგანაც პილინგი არის მჟავა და ექიმმა თუ კანის სტრუქტურა არ იცის, ვერ მიხვდება, ამ მჟავამ რა დაზიანება შეიძლება, გამოიწვიოს.

კი, მაგრამ ექიმს არ შეიძლება იგივე შეცდომა მოუვიდეს?

- შეიძლება, მაგრამ უფრო იშვიათად უხდება ეს შეცდომა. კვალიფიციურმა ექიმმა იცის სახეზე კუნთის მიმაგრების წერტილები, არადა, როცა ხდება ბოტოქსის გაკეთება სახეზე, ამის ცოდნა აუცილებელია. ჩვენთან კი, ხომ გეუბნებით, ნებისმიერმა შეიძლება ეს გარისკოს და პაციენტს მსგავსი პროცედურა ჩაუტაროს.

ამ თქვენს ჩამოთვლილ პროცედურებს რა შეიძლება მოჰყვეს? რითია ეს ყველაფერი საშიში?

- ის, რომ ადამიანმა სახის კანის მოჭიმვის ნაცვლად შეიძლება, თვალი ვეღარ გაახილოს. შეიძლება, მოხდეს ის, რომ უზარმაზარი ნაწიბურები დარჩეს სახეზე.

რაც შეეხება ბოტოქსს, ეს ხომ დროებითი ეფექტის მქონე პროცედურაა?

- კი, მაგრამ ბოტოქსის კანში არაპროფესიონალურმა შეყვანამ შესაძლოა, მხედველობა დაუქვეითოს ადამიანს. ეს საკითხი იმიტომაც წამოვჭერი, კონფერენციებზე ამ ბოლო დროს რომ ვხვდები ადამიანებს, გაოგნებული ვარ, საერთოდ არანაირი სამედიცინო განათლება არ აქვთ, თუმცა გამოცდილები არიან. მაგრამ, თუ დიპლომირებული ექიმი არ ხარ და სათითაოდ ყველა საგანი არ გაქვს გავლილი, იგივე ანატომია, ფიზიოლოგია და ბიოქიმია, რაც უნდა პრაქტიკული გამოცდილება გქონდეს და ბევრი ადამიანი გყავდეს გატარებული, ეს არაფერს ნიშნავს.

და ამ, ეგრეთწოდებული ექიმების კონტროლი არ ხდება?

- სამწუხაროდ, არა. ჯერჯერობით არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამას გააკონტროლებდა. ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ახლაღა დაიწყეს კანონმდებლობაზე მუშაობა, არადა ამ სფეროში სხვა სპეციალობის დიპლომირებულ ექიმსაც არ შეუძლია მუშაობა, ისე, როგორც მე არ შემიძლია, გავაკეთო ოპერაცია, თუ არ ვარ ქირურგი. ვაცხადებ, დაცვის მექანიზმი თუ არ შეიქმნა, არაფერი გამოვა. ის ცალკე თემაა, სადღაც სარდაფებში რომაა ეს კოსმეტიკური კაბინეტები მოთავსებული, სადაც პროცედურების ჩატარება არ შეიძლება ხდებოდეს და სანამ კანონმდებლობა არ იქნება, ამ სარდაფებსაც არავინ შეამოწმებს.

გასაგებია, მაგრამ ამ ეტაპზე მე, რიგითი ადამიანი, რომელსაც მინდა გარკვეული პროცედურის ჩატარება, რით ვარ დაცული? კი, ბატონო, სარდაფი არ არის, არის კარგი, გასისინებული ოფისი, მხვდება ადამიანი, რომელსაც თეთრი ხალათი აცვია და მეუბნება, რომ ჩემგან შექმნის მერლინ მონროს?

- არაფრით ხართ დაცული მაშინაც, თუ მოხვდით შესანიშნავ კაბინეტში, რადგანაც ვერ მიხვდებით, ვინ გემსახურებათ. სერტიფიცირებულ ექიმებს დიპლომები აქვთ გამოკრული და შეიძლება, რაღაც დიპლომი იქაც იყოს გამოკრული, მაგრამ მაინც ვერ მიხვდებით. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ნიუანსია ამ სპეციალობაში. ნიღბების დადება, ალბათ, ყველა სპეციალობის ადამიანს შეუძლია, მაგრამ იმ ნიღბებშიც ზოგჯერ ისეთი პრეპარატები შედის, რომლის ბრმად გამოყენება არ შეიძლება. მაგრამ გაცილებით რთულად არის საქმე, როცა ინექციასა და ჩხვლეტას ეხება საქმე. სულ ახალი მიმართულებაა კოსმეტოლოგიაში, როცა კანში უნდა შეიყვანონ ძალიან გრძელი ერთჯერადი ნემსით პრეპარატი, ესაა პლასტიკური ქირურგის მიერ ჩასატარებელი პროცედურა და ყველა ქირურგიც არ აკეთებს ამას. მეუბნებიან, შემთხვევითი ადამიანები აკეთებენ ამ ინექციასო. მეც ვიცი, რომ კეთდება, მაგრამ ეს ოპერაციაა, მცირე, მაგრამ ოპერაციული ჩარევაა. ამ დროს გრძელი ნემსით შედიან ყურიდან და ჩხვლეტით მიდიან ტუჩამდე, მერე უკან აბრუნებენ ნემსს და ისევ ყურიდან გამოდიან. ეს ძალიან ძვირადღირებული პროცედურაა და ფასები იწყება 500 ლარიდან და ადის 3 000 ლარამდე, მაგრამ არასწორად ჩატარებულმა ამ ინექციამ შეიძლება, დააზიანოს ნერვი, რომელიც შემდეგ აღარ აღდგება, ან სისხლძარღვი, რომელიც შეიძლება აღდგეს, შეიძლება - არა. იგივე ფილერები რომ არის, შეიძლება ეს ფილერები შეიყვანო და ამას სასიკვდილო შედეგი მოჰყვეს, რადგანაც, თუ ფილერი მოხვდა სისხლძარღვში, იქვე ვითარდება სიკვდილი, იმას ვერაფრით ვერ შველი.

და ლეტალური შედეგი ხშირად დაფიქსირებულა ამასთან დაკავშირებით საქართველოში?

- საბედნიეროდ, ხშირად არა. რუსეთიდან იყვნენ ჩამოსული სპეციალისტები და მათ გვითხრეს, რომ მათთან ხშირია, მაგრამ ჩვენთანაც არის ამის საშიშროება.

თქვენ კი ამბობთ, კანონმდებლობა არ არსებობსო, მაგრამ ჯანდაცვამ ამას ყურადღება მაინც უნდა მიაქციოს.

- ამიტომ ვახმაურებ ამ საკითხის, რომ ვინმემ ყურადღება მიაქციოს და მიხვდეს, რომ ამ თემაზე დაიწყონ მუშაობა.

მასობაში, ჩემთან მოსულ პაციენტს ყურიდან შევუყრი გრძელ ნემსს და შეიძლება, პაციენტი სამუდამოდ მაგიდაზე დავტოვო?

- დიახ. შეგიძლიათ!

და ამაზე პასუხი არ მომეთხოვება?

- თუ პაციენტმა გიჩივლათ, იმ შემთხვევაში.

და მკვდარი რას მიჩივლებს?

- სანამ მართლა ასეთი შემთხვევა არ მოხდება, მანამდე გააგრძელებთ ამ საქმიანობას თამამად. ჩვენთან, სამწუხაროდ, არ აღიქმება, რომ ეს არის სამედიცინო სფერო. ამ დროს ესთეტიკური მედიცინა და კოსმეტოლოგია ჩვეულებრივი სამედიცინო სფეროებია, ისევე, როგორც დერმატოლოგია და პედიატრია და კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს, ვის აქვს ასეთ კაბინეტებში მუშაობის უფლება.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, მარინა დარახველიძის განცხადებით:

"ეს რთული და დასაფიქრებელი თემაა. იმავე საქმიანობას როცა სპეციალიზებული ცენტრები ეწვიან, იქ ექიმების საქმეს ვარეგულირებთ, მაგრამ თუ ამას კანონგარეშედ გააკეთებს ექიმი, რომლის შესახებაც შეტყობინება არ მაქვს, ეს რთულია. ეს ნამდვილად საყურადღებო თემაა და უახლოეს ხანში დაინტერესდება თუ არა ჯანდაცვა ამ საკითხით, ვერ გეტყვით, ამას დიდი და ხანგრძლივი მუშაობა უნდა, 2007 წლიდან გაუქმებულია ნორმები და ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ეს ასე იოლი არ არის და ბევრი ნიუანსია გადასაჭრელი".