სადისტრიბუციო კომპანიებისა და სავაჭრო ქსელების ომი გრძელდება

სადისტრიბუციო კომპანიებისა და სავაჭრო ქსელების ომი გრძელდება

ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი დისტრიბუტორი „ჯიდი ალკო“ სავაჭრო ქსელ „კარფურთან“ თანამშრომლობის შეწყვეტას აპირებს. კომპანიებს შორის კონფლიქტი კარგა ხანია არსებობს. პრობლემა „ჯიდი ალკოს“ მიერ ჰიპერმარკეტიდან თანხების ამოღებას უკავშირდება. ამიტომ, შესაძლოა, ჰიპერმარკეტ „კარფურთან“ კონტრაქტი გაწყვიტოს და საკუთარი პროდუქცია სავაჭრო ქსელიდან ამოიღოს.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, „კარფური“ „ჯიდი ალკოს“ ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის „ფილიპ მორისის“ წარმოებული თამბაქოს გარეშეც დარჩეს, რადგან საქართველოში მათი ექსკლუზიური იმპორტიორი სწორედ „ჯიდი ჯგუფია“. „ფილიპ მორისის“ სიგარეტების იმპორტის უფლება ამ კომპანიამ რამდენიმე თვის წინ მოიპოვა, მას შემდეგ, რაც სიგარეტების იმპორტიორ „ომეგას“ „ფილიპ მორისმა“ ხელშეკრულება შეუჩერა.

დისტრიბუტორები დიდი ხანია საუბრობენ სავაჭრო ქსელებიდან საკუთარი თანხების ამოღების პრობლემებზე. ეს საკითხი ბოლო თვეებში განასაკუთრებულად მწვავედ სადისტრიბუციო კომპანია „გრანდმა“ დააყენა, რომელიც დიდი ხანია თანხის მიღებას ვერ ახერხებს. საქმე რამდენიმე წელია სასამართლოში განიხილება. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ სპეციალურად მის მოსაგვარებლად და საკითხის უმაღლეს დონეზე ასატანად „დისტრიბუტორთა ასოციაციაც“ შეიქმნა.

კომპანია „გრანდი“ ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომლის მიმართ „პოპულსა“ და „მარშეს“ დაახლოებით 150 ათასი ლარის დავალიანება აქვს. „გრანდის“ დამფუძნებელი ივა ჭყონია ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო წარმოება ჭიანურდება.

„პოპულსა“ და „იოლს“, რომელთა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაც ამჟამად მიმდინარეობს, მიმწოდებლების მიმართ 13 მილიონის დავალიანება ჰქონდა დაგროვილი. „ფუდმარტის“ მიერ ქსელების ყიდვის შემდეგ კრედიტორების დავალიანების ნაწილი დაიფარა, თუმცა როდის მოხდება დარჩენილი თანხების გადახდა, ჯერჯერობით უცნობია.

იურისტები, რომლებიც სხვადასხვა დროს სადისტრიბუციო კომპანიების უფლებებს იცავდნენ, არსებული პრობლემის მოგვარების გზად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას მიიჩნევენ. ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი აცხადებს, რომ სავაჭრო ქსელების გარკვეული რეგულაციების ქვეშ მოქცევა აუცილებელია.

გამოუძიებელი საქმეების ფონზე სადისტრიბუციო კომპანიები არ გამორიცხავენ, რომ თანხების ამოღებასთან დაკავშირებით პრობლემები სხვა სავაჭრო ქსელებთანაც შეექმნათ. კომპანიები იმ მკაცრ პირობებზეც საუბრობენ, რასაც მსხვილი ქსელები მიმწოდებლებს უყენებენ.

„საკმაოდ ბევრმა კომპანიამ ამ დიდ დარტყმას, რომელიც ამ ორმა გაკოტრებულმა კომპანიამ მიაყენა, ვერ გაუძლო. იგივე თუ განმეორდა სხვა კომპანიებიდან, დამერწმუნეთ, რომ ათობით დიდი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დღეს ბაზარზეა, გაკოტრდება და ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება. ბიუჯეტს ასობით მილიონი ლარი დააკლდება. ხვალ ნებისმიერმა რითეილმა ანალოგიური კუთხით რომ გამოაცხადოს და თავი რეაბილიტაციაზე გაიტანოს, ძალიან მძიმე ვითარებაში ჩავვარდებით.

არსებულ დავალიანებებს სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს ვადა უჩერდებათ. ფაქტიურად მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენს მიმართ დავალიანებად აქვთ ზემოდ ხსენებულ კომპანიებს, როგორც უფასო კრედიტი ისე აქვთ და საბრუნავ საშუალებად იყენებენ. ჩვენ ამ თანხებზე, რომელიც მათ მართებთ, ბანკში პროცენტების გადახდა გვიწევს“, - ამბობს ივა ჭყონია.

სადისტრიბუციო კომპანიებმა დავალიანებებთან დაკავშირებული პრობლემა პრემიერ-მინისტრს მცირე და საშუალო ბიზნესთან გამართულ შეხვედრაზე გააცნეს. კომპანიები მთავრობისგან საკითხის გადასაჭრელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.