ბიუჯეტი კვლავ გაირღვევა. 6 თვის ბიუჯეტის შესრულებას, სავარაუდოდ, 100-110 მილიონი ლარი დააკლდება.
იმ მწირი ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებას აწვდის, ბიუჯეტის გარღვევაში დამნაშავე ისევ გრანტები და კრედიტებია. ანუ 5 თვეში 100,1 მილიონი ლარის გრანტის ნაცვლად მხოლოდ 46,5 მილიონი შემოვიდა. რაც შეეხება საგარეო ვალდებულებებს, 6 თვის გეგმის მიხედვით, ქვეყანას 276,2 მილიონი ლარის შეღავათიანი სესხი უნდა მიეღო, 5 თვის მონაცემებით შემოსულია 95,7 მილიონი ლარი.
ყველაზე დიდი გარღვევა ინფრასტრუქტურულ პროექტებშია, კერძოდ, 6 თვის გეგმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 231 მილიონ ლარამდე უნდა დახარჯულიყო, ამ დროს ათვისებულია მხოლოდ 121 მილიონი ლარი, ანუ 50%-ზე ნაკლები.
კატასტროფული ჩავარდნაა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით. ამ მიზნით 6 თვის ბიუჯეტი 127,5 მილიონი ლარი გაიწერა, 5 თვეში კი მხოლოდ 36 მილიონი ლარის დახარჯვა მოხერხდა.
"კვირის ქრონიკას" ეკონომიკის ექსპერტი, პაატა შეშელიძე ესაუბრება:
- ჩემი ინფორმაციით, დანაკლისი უცხოეთიდან არმიღებული სესხებისა და გრანტების გამოა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ვეყრდნობი, ძალიან ძნელი მოსაპოვებელია რეალური ინფორმაცია.
რატომაა რთულად მოსაპოვებელი ეს ინფორმაცია?
- ფინანსთა სამინისტრო ჩვენზე ადრე ფლობს ნებისმიერ ინფორმაციას, შესაბამისად, ისინი ისეთ გზებს მიმართავენ, რაც ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. ოპერატიულად ვერ ვიღებთ ინფორმაციას, სამინისტრო კი შედეგებს აკორექტირებს და ისე გვაწვდის. გრანტებსა და სესხებს ვერაფერს უშვრება, ეს არ იმალება. ამიტომაც ვიცით შემოსავლების თაობაზე.
რატომ ვერ მივიღეთ გრატები და სესხები?
- გეგმა, რისთვისაც უნდა შემოსულიყო ის გრანტები და სესხები - არ შესრულდა. მაგალითად, რაღაც უნდა აშენებულიყო და არ აშენდა, რის გამოც არ მოვიდა მორიგი ტრანში. როცა, რაღაც არ სრულდება, უნდა ჰქონდეს თავისი ახსნა, რატომ არ სრულდება და პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
ვისი პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხს გულისხმობთ?
- როცა სამინისტროს ვალდებულებაზეა საუბარი, პასუხისმგებლობა მინისტრს ეკისრება. მერამდენედ უნდა მოხდეს, რომ ბიუჯეტი არ შესრულდეს? ხომ არ შეიძლება, ასე გაგრძელდეს უსასრულოდ? სულ ერთი და იგივე პრობლემა როდემდე უნდა გვქონდეს, ვიღაც კი იჯდეს ხელმძღვანელად და ჭამდეს? არ შეიძლება ასე! ნებისმიერ ხარვეზზე, დანაკლისზე, უნდა დადგეს პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი.
როცა რაღაც ვერ სრულდება, უნდა ახსნას მინისტრმა, რა იყო ამის მიზეზი, თუ საპატიოა, კარგი, მაგრამ, როცა არ არის საპატიო, მაშინ მინისტრმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. აბა, რისთვის ვუხდით ხელფასს?
თქვენი კოლეგა, დემურ გიორხელიძე გვარწმუნებს, რომ ფინანსთა მინისტრი მსგავს შემთხვევებში არაფერ შუაშია...
- მთავრობა იმ მინისტრებისგან არ შედგება? ცალკე ხომ არ არსებობს მთავრობა? მარტო დავალებებს ხომ არ ასრულებს მინისტრი. თვითონვეცაა ამ დავალებების შემოქმედი.
ეკონომიკის სამინისტროს არსებობის საკითხს აყენებდით კითხვის ნიშნის ქვეშ. აზრი ხომ არ შეგიცვლიათ?
- ის ფუნქციები, რაც ამ სამინისტროს კომპეტენციაში შედის, თავისუფლად შესაძლებელია, კერძო სექტორმა და პრემიერ-მინისტრის აპარატმა შეითავსოს. ფულს ვიხდით არაფერში. წამოწყებები, რომლებსაც სამინისტრო საკუთარ თავზე იღებს, თავისი ბუნებრივი ფუნქცია არც არის.
რომელ ფუნქციებს გულისხმობთ?
- მაგალითად, იაფი სესხების პროგრამაში მონაწილეობა. საქართველოს პრიორიტეტი ფინანსურ გარიგებებში მონაწილეობა არ არის. ძალიან ბევრი ხელოვნურად მოგონილი ფუნქცია აქვს შეთავსებული ამ სამინისტროს. ყველა ეს ხელოვნური ფუნქცია რომ ჩამოვაშოროთ, მაშინვე აშკარა გახდება, რომ არ არის საჭირო ეს სამინისტრო. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, ძალიან სპეციფიკური სამინისტროა. ხშირად ეშლებათ, რა უნდა აკეთონ. ეს არ არის სამინისტრო, ეს არის მთავრობის ბუღალტერია და თუ მთავრობის ბუღალტერია იქნება, მაშინ გასაგებია მისი არსებობა, მაგრამ, თუ ქვეყნის ბუღალტერია უნდა იყოს, მაშინ ასე საქმე არ გამოვა. მისი არსებობის შანსს ვხედავ, მაგრამ არა ეკონომიკასთან, არამედ მთავრობასთან მიმართებაში.