საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პატიმრების უმრავლესობა ციხეში ტუბერკულოზით არის დაავადებული. საკნის ცივ კედლებში მოხვედრილი ადამიანები ამ დაავადების რისკის ქვეშ ყოველთვის იყვნენ და დღესაც რჩებიან. მართალია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინიტრი ხათუნა კალმახელიძე აცხადებს, რომ მისმა უწყებამ უკვე შეიმუშავა პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზის პრევენციისა და ეფექტური მკურნალობის ახალი სამოქმედო გეგმა, მაგრამ ფაქტია - დღემდე პრობლემა პრობლემად რჩება. ხშირად, იმდენად რთულდება ავადმყოფი პატიმრის მდგომარეობა, რომ მკურნალობა აზრს ჰკარგავს. უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე პატიმარი ბოლოს ტუბდისპანსერშიც გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ოჯახის წევრებს მათი ცხედრები გადასცეს.
ისიც ფაქტია, რომ ბოლო დროს ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობამ საგრძნობლად იმატა. არაერთ მათგანს აღენიშნებოდა სხეულზე ძალადობის კვალი, - მოტეხილობები და უამრავი სისხლჩაქცეევები. სტატისტიკის მიხედვით კი, პატიმართა დიდი ნაწილი მაინც ტუბერკულოზით იხოცება. მათი ასაკი 45 წლამდეა.
ადვოკატი ვლადიმერ ტაბაღუა ტუბერკულოზით დაავადებული 30 წლის პატიმრის გადარჩენას დღემდე უშედეგოდ ცდილობს. პაციენტის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას იგი ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროს აკისრებს.
- ვაჟა ჯამატაშვილი ციხეში ტუბერკულოზით დაავადდა და ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულებაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ახალგაზრდა ბიჭი ქურდობისთვის გაასამართლეს და 7 წელი მიუსაჯეს. სასჯელის თითქმის ნახევარი, 4 წელზე მეტი, მოხდილი აქვს. ბოლო დროს მისი მდგომარეობა საგანგაშოა. ტუბერკულოზის უმძიმეს ფორმასთან ერთად, მას ცეროზის ბოლო სტადია აღმოაჩნდა. იგი იმ მედიკამენტებს ვერ იღებს, რაც ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის სამკურნალოდ საჭიროა, რადგან ეს წამლები ღვიძლს ვნებს. შესაძლოა, მოულოდნელად გარდაიცვალოს. ასეთ ვითარებაში, გადავწყვიტეთ კანონით მონიჭებული უფლება გამოგვეყენებინა და სასამართლოსთვის მისი გათავისუფლების მოთხოვნით მიგვემართა, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ.
რატომ?
- სასამართლოს დოკუმენტურად უნდა დავუდასტუროთ პაციენტის უმძიმესი მდგომარეობა, ამისთვის ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო. 2011 წლის 2 თებერვალს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მივმართე, რომ ვაჟა ჯამატაშვილისთვის ექსპერტიზა ჩაეტარებინათ. ოფიციალურად დავდეთ ხელშეკრულება, საჭირო თანხა გადავიხადეთ და ავადმყოფს მარტში ჩაუტარდა ექსპერტიზა.
7 აპრილს ექსპერტებმა დასკვნა დაწერეს და სასამართლო სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ბახტაძემ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უფროსის მოადგილეს, ვახტანგ კარგარეთელს დასკვნა ხელმოსაწერად გადასცა. 7 აპრილიდან მოყოლებული, დღემდე ეს დასკვნა კარგარეთელის კაბინეტში დევს და პასუხს არ გვაძლევენ. ბევრჯერ მივაკითხე, საჩივარიც დავწერე და ვითხოვე პასუხი, მაგრამ მეუბნებიან, რომ ჯერ განხილული არ არის, არადა, მხოლოდ ფორმალური ხელმოწერაა საჭირო.
ვერ გავაგონე, რომ ამ დასკვნამ უნდა გადაწყვიტოს ადამიანის ბედი, რომ შეიძლება პატიმარი ციხეში დაიღუპოს. პროკურატურაშიც დავწერე საჩივარი, მაგრამ უშედეგოდ, არც იქიდან მომხდარა რეაგირება.
თქვენი აზრით, დასკვნის გაცემა რატომ ჭიანურდება?
- ვფიქრობ, ეს უშუალოდ ჩემს წინააღმდეგ არის მიმართული. ასეთი ფაქტებით, კლიენტის თვალში ჩემი დისკრედიტაცია ხდება. სხვა რა უნდა ვიფიქრო? ვინც ჩემს შემდეგ შეიტანა მოთხოვნა, პასუხი ყველას მისცეს, მარტო მე არ მაძლევენ. ან პატიმრის მიმართ აქვთ ინტერესი, ან ჩემს მიმართ. ვიცი, რომ გაცემული დასკვნა მძიმეა და ეს დამეხმარებოდა პატიმრის სასჯელის გადავადებაში.
ამ დასკვნის საფუძველზე სასამართლოს უნდა მიმართოთ?
- წინ კიდევ სხვა პროცედურები გვაქვს გასავლელი. სასამართლოში უნდა შევიტანოთ სასარჩელო განცხადება და უნდა მოვითხოვო მისი პატიმრობიდან სასწრაფოდ გათავისუფლება. დასკვნის გარეშე ამის საშუალება არ გვეძლევა. უმძიმესი ავადმყოფი, რომელიც ყოველ წუთს სიკვდილის მოლოდინშია, ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. იცის, შეიძლება გაათავისუფლონ და შეიძლება თავის საწოლში მაინც დალიოს სული. რა ვქნა – პატიმარს პასუხს ვერ ვაძლევ. ეს ხომ ასეთი მძიმე პატიმრისთვის კიდევ ერთი სულიერი ტრავმის მიყენებაა.
ეტყობა, უნდათ რომ დაჩქარდეს მისი სიკვდილი. ვერ მივიღე პასუხი, თუ რატომ ჭიანურდება დაწერილი დოკუმენტის გადმოცემა. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ მივედი ბიუროში და მითხრეს, კარგარეთელი შვებულებაში წავიდაო. თურმე, ხელმოუწერელი დოკუმენტი თავის კაბინეტში ჩაკეტა. მითხარით, რას ჰგავს ეს? როდემდე უნდა იყოს გამეფებული ქვეყანაში უსამართლობა და როდემდე უნდა დადიოდნენ ადამიანები დაუსჯელები ასეთი უკანონონების გამო? პირდაპირ ვაცხადებ – პატიმრის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მას ვაკისრებ.