რა პრობლემებს შეგვიქმნის 13.6-მილიარდიანი საგარეო ვალი?

რა პრობლემებს შეგვიქმნის 13.6-მილიარდიანი საგარეო ვალი?

გამაგრდით, არ გადმოცვივდეთ სკამებიდან: 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 13.6 მილიარდი აშშ დოლარი (23.7 მილიარდი ლარი) შეადგინა.

აქ მეტს ციფრებით აღარ გადაგღლით, საქმე რომ ვერ გვაქვს კარგად, ყველაფრიდან ჩანს. ისე, გახსოვთ, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი როგორ გვეუბნებოდა არჩევნების შემდეგ, პირველი წელი "ისე რა" წელი იქნება, მომდევნო წელი - კიდევ უკეთესი, 2015 წელს კი ყველა ერთად "გავფრინდებითო". საინტერესოა, ამხელა საგარეო ვალის ფონზე საერთოდ ოდესმე თუ გავფრინდებით?

კომენტარისთვის "ალია" დაუკავშირდა ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, დემურ გიორხელიძეს:

- თუ ქვეყანაში ეკონომიკა ნორმალურად მუშაობს, ქვეყანას საგარეო ვალები არ უნდა აშინებდეს, მაგრამ, რადგანაც ჩვენთან ეკონომიკა სუსტად მუშაობს, საეჭვოა, უახლოეს ხანში რაიმე სერიოზული ცვლილებები იყოს მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, ვალი საკმარისად დიდია, თუმცა ფორმალურად შიდა პროდუქტთან მიმართებაში და მთლიანობაში, ალბათ, 80%-ს აღწევს და ეს მართალია, მთლად კატასტროფა არ არის, მაგრამ საკმარისად საშიში ტენდენციაა ბიუჯეტისთვის. თუ ეკონომიკა წელში არ გასწორდა, ნელ-ნელა გადახდების მოცულობა ვალის მომსახურებაზე გაიზრდება და ამდენად, პრობლემებიც მოსალოდნელია, გაჩნდეს, თუ არაფერი შეიცვალა.

თუ არაფერი შეიცვალაო, ამბობთ და რა უნდა შეიცვალოს?

- უნდა შეიცვალოს ის, რომ ეკონომიკა ამუშავდეს, ბიუჯეტში შემოსავლები გაიზარდოს, ბოლოს და ბოლოს, მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდოს, თან მნიშვნელოვნად გაიზარდოს და შემოსავლებიც, შესაბამისად, გაიზრდება. ახლა ძალიან მწირი ეკონომიკაა და სურათიც სასურველი მაინცდამაინც არ არის. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, სიტუაცია ის აღარ არის და ბუნებრივია, ხელისუფლებებს, დღევანდელსა და ხვალინდელს უწევს ამაზე ფიქრი, რადგანაც ეს პრობლემა საკმაოდ სერიოზულია.

მომავლის იმედი უნდა გვქონდეს საერთოდ?

- მე შემიძლია გითხრათ, იმის პოტენციალი, საქართველოში ეკონომიკა რომ გაიზარდოს, მნიშვნელოვანია და ამაზე ჩვენც ნაფიქრი გვაქვს სერიოზულად, კონცეფციაც არის შექმნილი, მთავარია, რამდენად კომპლექსურად მიუდგება მთავრობა ამ საკითხს და რამდენად გამოიყენებს ამ პოტენციალს.

ეს თქვენი საუბარი მაინც ზოგადია, ბატონო დემურ, დამეთანხმეთ, რეალურად რა უნდა გაკეთდეს?

- რეალურად რა გაკეთდეს? ეს დიდი თემაა.

არ გვეჩქარება, კონკრეტულად მითხარით.

- იმისთვის, რომ ეკონომიკა დაიძრას, პირველ რიგში, ეკონომიკური აქტივობა უნდა გაიზარდოს, ამისთვის საჭიროა ტოტალური უმუშევრობა დაიძლიოს, ტოტალური უმუშევრობა რომ დაიძლიოს, ამის ერთადერთი რეცეპტი მთელ მსოფლიოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა, რომელიც საქართველოში საერთოდ უყურადღებოდ არის დატოვებული, მსოფლიოს სტატისტიკა ასეთია: ათი სამუშაო ადგილიდან რვა საშუალო და მცირე ბიზნესში იქმნება, ბიზნესმა უნდა გამოიწვიოს ინოვაციების განვითარება, ადამიანების შემოსავლების ზრდა. მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით არაფერი კეთდება, ამიტომ, რეალურად 70%-ზე მაღალია უმუშევრობა და შემოსავლები ძალიან მწირია, 27%-ზე მეტს ხელფასი ქვეყანაში არ აქვს. ამ შემთხვევაში ვალების გასტუმრებაზე იმედიანად ყოფნა საკმარისად რთულია, რადგანაც სახელმწიფოს ვალდებულება არამარტო ვალის მომსახურება და პენსიებისა და ხელფასების გაცემაა საბიუჯეტო სფეროში.

ბევრი გვქონია გასაკეთებელი. აბა, ორ წელიწადში როგორ ვიქნებით არაჩვეულებრივად?

- გამორიცხულია, 2014 წელს რაიმე მნიშვნელობანი ცვლილებები არ იქნება, მთავარია, ნიადაგი მაინც მომზადდეს, ჯერჯერობით კი რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები არ არის, თუ ცვლილებები არ იქნა ინსტიტუციონალური ხასიათის და საკანონმდებლო ხასიათისა, ძნელია, რამის თქმა. ფაქტობრივად, წელიწად-ნახევარი გავიდა და სიტუაცია ადგილიდან არ იძვრის.

მომავალში მაინც არის მოსალოდნელი ეს ძვრა?

- ჩემი აზრით, ის კონცეფცია, "საქართველო 2020" რომ არსებობს, თუ ამას ხელისუფლება სერიოზულად მიუდგება და ნორმატიული დოკუმენტის სახეს მისცემს და სავალდებულოს გახდის, ძვრები ნამდვილად იქნება მოსალოდნელი. რადგანაც იმ კონცეფციაში მიმართულებები სწორად არის განსაზღვრული. რაც მთავარია, როგორ გაკეთდება ეს ყველაფერი, რადგანაც ტექნიკასაც აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება ფრაზას, "ფრენა", აქვე გეტყვით, რომ ორ წელიწადში გამორიცხულია, ნამდვილად ვერ გავფრინდებით.