რიკოთის უღელტეხილზე, 52 კილომეტრზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 2020 წელს უმსხვილესი საგზაო პროექტი დასრულებული იქნება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის ინფორმაციით, ასეთი სირთულის პროექტი ევროპაში დღეს არსად მიმდინარეობს. 4-ზოლიანი გზის პროექტირებისთვის მომდევნო 1 წლის განმავლობაში, 40 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ალტერნატიულ მარშრუტად კი ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება.
მისი თქმით, დაგეგმილია 100-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ავტობანს ექნება განშტოებებიც – ახალი გზები მივა ფოთსა და ანაკლიაში.
ჩუმათელეთი-არგვეთას 52 კმ-იანი თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზის მონაკვეთის ასაშენებლად 50-მდე გვირაბის და ამდენივე ხიდის აშენება გახდება საჭირო.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რიკოთზე ავტობანი მაქსიმუმ სამ წელიწადში გვექნება. მაშინ ჯავახიშვილმა განმარტა, რომ მონაკვეთი დაყოფილია ოთხ ლოტად. პირველი ლოტის მშენებლობას მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მეორე, მესამე და მეოთხე ლოტებს კი აზიის განვითარების ბანკი, აზიის საინვესტიცო ბანკთან ერთად.
„მომავალ წელს სამუშაოები უნდა დავიწყოთ. რაც ადრე დავიწყებთ მით უკეთესი. ეს ინება მაქსიმუმ 30 თვე და ჩვენ უკვე გვექნება რიკოთზე ავტობანი“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
გზების მშენებლობა სხვა მიმართულებითაც იგეგმება. კერძოდ, აშენდება: საირმე – აბასთუმნის დამაკავშირებელი მოკლე გზა, იმერეთიდან რაჭასთან დამაკავშირებელი გზა, გოდერძის უღელტეხილზე გზა, სვანეთის მიმართულებით უმოკლესი გზა და ასევე ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთის დამაკავშირებილი გზა, რომელიც იქნება ევროპაში ყველაზე გრძელი, ექსტრემალაური გზა, სადაც მომავალში შესაძლებელი გახდება ტურისტული კლასტერების წარმოქმნა.
იქნება თუ არა რიკოთის უღელტეხილის ავტობანი ფასიანი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე, უცნობია პროექტის დაწყების და დასრულების ვადები. დადგენილი არ არის არც მშენებლობისთვის საჭირო თანხის ოდენობა.
„რიკოთის უღელტეხილზე, ჩუმათელეთი-არგვეთას 52 კმ-იანი თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზის მონაკვეთის ასაშენებლად 50-მდე გვირაბის და ამდენივე ხიდის აშენებაა საჭირო. ეს მონაკვეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ერთ-ერთი ურთულესია. როდესაც პროექტირება დასრულდება ვადებისა და საჭირო თანხების შესახებაც მაშინ გვექნება ინფორმაცია“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, ჯერჯერობით, დასრულებულია მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.
„დონორთა უმრავლესობამ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ამ დროისათვის, გრძელდება დონორებთან წინასწარი მოლაპარაკებების პროცესი, აღნიშნული მონაკვეთის დეტალური პროექტირების სამუშაოების დაფინანსებაზე. პარალელურ რეჟიმში განიხილება პოტენციურ დონორებთან მშენებლობის დაფინანსების საკითხი. წინასწარი ტექნიკურ–ეკონომიკური შესწავლის შედეგად მომზადებული ალტერნატიული მოსაზრებებიდან, საბოლოოდ შეირჩა მიმართულება, რომელიც ძირითადად, არსებულ გზას მიუყვება. ზუსტი მარშრუტი დადგენილი იქნება დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ“, – განაცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.