რას ჰპირდებოდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მცირეწლოვან შვილებს საჭირო ინფორმაციის სანაცვლოდ

რას ჰპირდებოდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მცირეწლოვან შვილებს საჭირო ინფორმაციის სანაცვლოდ

არაერთი ამბავი მომისმენია და წამიკითხავს ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ. ყველა ეს ამბავი თავისებურად საინტერესოა, მაგრამ მიმაჩნია, მისი შთამომავლებისა და ოჯახის წევრების მონათხრობს, სულ სხვა სითბო და ხიბლი აქვს. ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჩვენი რესპონდენტის, გური ხუნწარიას დიდი პაპა იყო.

 გური ხუნწარია: ქაქუცა ჩოლოყაშვილს ჰყავდა ორი ქალიშვილი: ქეთევანი (ქეთია) და თამარი, რომელსაც ციცნას ეძახდნენ, რადგან ძალიან პატარა დაბადებულა. ქეთევანს ერთი ქალიშვილი ჰყავს – მეგი, ციცნასაც ასევე – ცირა. მეგის ერთადერთი ვაჟი ვყავარ მე და ცირასაც ასევე – დავითი (დათი). დათის შვილები არ ჰყავს, მე მყავს სამი ქალიშვილი. მეტი შთამომავალი ქაქუცას არ გააჩნია. საერთოდ, ქაქუცას მამას, ქაქუცას გარდა ორი ვაჟი ჰყავდა. ერთი – სვიმონი (სიკო) ქაქუცასთან ერთად ბრძოლაში დაიღუპა, რომელსაც შვილი არ დარჩენია. უფროსი ძმა ზაქარია (შაქრო) ორი ქალიშვილის მამა გახლდათ. ქაქუცას უფროს დას, ანოს ჰყავდა შვილები, ანუ ისინიც ქალის მხრიდან გამრავლდნენ და მეორე დასაც კატოსაც, რომელიც ნატო ვაჩნაძის ძმის ცოლი გახლდათ, ასევე დარჩა შვილები. ამას იმიტომ გიყვებით, რომ რამდენჯერმე წავაწყდი სხვადასხვა გამოცემებში ქაქუცა „ჩოლოყაშვილის შთამომავლების” ინტერვიუებს, არ არსებობს, ქაქუცას შთამომავალი ჩოლოყაშვილის გვარით. ეს ტყუილია!

ამ ოჯახმა ბევრი ტკივილი გადაიტანა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთადაც და მის გარეშეც.

– უპირველესად, მინდა, იმაზე გესაუბროთ, რომ ძალიან მცდარი წარმოდგენაა საზოგადოებაში, თითქოს ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისით გავიდა ტყეში ასაჯანყებლად. იყო დამკომი (დამოუკიდებლობის კომიტეტი), ეს კომიტეტი კოტე აფხაზმა, იასონ ჯავახიშვილმა, კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა და სხვებმა დააფუძნეს. სწორედ ამ კომიტეტმა რამდენიმე კანდიდატს შორის არჩევანი გააკეთა და გადაწყვიტა, ქაქუცასთვის, როგორც პირველ მსოფლიო ომში თავგამოჩენილ, ენერგიულ, საერთოდ, გამორჩეულს მხედრული ნიჭითა და სიმამაცით, მიენდოთ აღმოსავლეთის აჯანყება. გაითვალისწინეს ისიც, რომ ქაქუცას მთის მოსახლეობაზე ჰქონდა გავლენა. მატნელი ჩოლოყაშვილები ხომ მთისპირელები იყვნენ. ასე რომ, ეს აჯანყება იყო დაგეგმილი და არა თვითნებური. ეს იყო აბსოლუტურად მოწესრიგებული ოპერაცია, რომლის შესრულებაც დამკომმა დაავალა სამხედრო ოფიცერს.

ამბობენ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ეროვნულ-დემოკრატი იყოო...

– არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა ქაქუცა ჩოლოყაშვილი, თუმცა, ეროვნულ-დემოკრატებთან უფრო ახლოს იყო. მაგრამ ყველანაირ კონტექსტში ის ემსახურებოდა სამშობლოს.

ქაქუცას ტყეში გასვლის შემდეგ თელავის მაზრაში დააპატიმრეს ქაქუცას ცოლ-შვილი.

ქაქუცას შვილებზე ვისაუბრეთ, ვინ იყო მისი მეუღლე?

– ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეუღლე იყო დედისერთა ნინო მეღვინეთუხუცესი, ილია მეღვინეთუხუცესისა და ანა ავალიშვილის ქალიშვილი. ილიას შეძლებული ოჯახი ჰქონდა, მათ შვილივით უყვარდათ ქაქუცა, რომელიც 10 წლით უფროსი იყო ნინოზე. ნინო დახვეწილი ქალბატონი გახლდათ, წმინდა ნინოს გიმნაზიაში მიღებული განათლებით.

მათი შეუღლება როგორ მოხდა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, ნინოს დეიდაშვილი იხსენებდა ხოლმე ხშირად მათ ქორწილს (14 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა). ქაქუცა „თეფშზე ჩასმულს” აკეთებდა ძალიან კარგად და მოხდენილადო. იგი ასევე, უბადლო მხედარი და იარაღის ოსტატი ყოფილა.

ქაქუცა სამხედრო საქმეში იყო ჩართული და ხშირად ჰქონდა მიმოსვლები. საბოლოო ჯამში, დაევალა გენერალ დავით ჭავჭავაძესთან ერთად ქართული კავალერიის შექმნა, რომელიც შემდეგში ბრძოლებში დასჭირდებოდათ, მაგრამ ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ ეს ვეღარ მოხერხდა.

რა ბედი ეწია ქაქუცა ჩოლოყაშვილის თელავის მაზრაში დაპატიმრებულ ცოლ-შვილს?

– ბებიაჩემი, ამ დროს 3 წლის ყოფილა, ციცნა კი შვიდის. ისინი სახლში დაურიგებიათ, არაფერი მოუყვეთ, მარტო ტყუილი უთხარითო. თურმე, ჰპირდებოდნენ: კანფეტებს მოგცემთ, წითელ „ტუფლებს“ გიყიდით, ოღონდ მოგვიყევით მამა თუ მოდის ხოლმე სახლშიო. არადა, მართლა იშვიათად მიდიოდა ქაქუცა ოჯახში, ისიც შუაღამისას, როდესაც ბავშვებს ეძინათ. ქეთიას კი თავისებურად მოუტყუებია: კი როგორ არ ვნახე მამა, სულ ოქროს ქამარ-ხანჯალი ეკეთაო. მერე, თურმე თავს იქებდა: ისეთი ტყუილები ვუთხარიო...

როგორც მსმენია, ქაქუცას მუქარა შეუთვლია პოლიციისთვის, თუ ცოლ-შვილს არ გამითავისუფლებთ ქვას ქვაზე არ დავტოვებო.

– ეს გადმოცემითაა ცნობილი. ისე, ისინი რომ ყველაფერს იკადრებდნენ, მაგას, რად უნდა ბევრი ლაპარაკი. ქაქუცას უთვლიდნენ: ცოლ-შვილს მოგიკლავთ, ციცნას ცეცხლს წავუკიდებთ, ქეთიას ჩავახრჩობთო... ქაქუცამ შემოუთვალა: მაგ ბინძური წესებით ნუ მეომებით, თორემ ქვას ქვაზე აღარ დავტოვებო! მოკლედ, სამივენი გადაიყვანეს მეტეხის ციხეში და ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტია, რომ პატარა ქეთიას, თურმე ციხის სარკმელთან რაფაზე აყენებდნენ. მას გისოსებს აქეთ მთელი ნათესაობა ტაშს უკრავდა, ქეთია კი მათ საკნიდან უმღეროდა და ცეკვავდა.

მოგვიანებით ნინო ლავრენტი ბერიას დაუბარებია, რომელიც იმხანად არ იყო მაინცდამაინც დიდი და ცნობილი ჩინოვნიკი. მას ჩემი დიდი ბებიისთვის უთქვამს: შენ დახვრეტა გემუქრება და ისევ და ისევ ბავშვების სასიკეთოდ, პატარები ჩვენ გადმოგვეციო. მათაც არ უნდოდათ ბავშვები ციხეში. ნინოს მოფიქრების დრო მისცეს. ნათესაობაში ჯანდიერის ქალი ყოფილა, მას უთქვამს: არაფრით არ დასთანხმდე, ბერიას წინადადებას, ბავშვებს ვერაფრით ვერ წაგართმევენო. ნინო ასეც მოიქცა. ცოტა ხანში კი ლენინის ბრძანებაც გამოვიდა, რომლის თანახმადაც კონტრრევოლუციონერების ოჯახებზე შურისმაძიებლური ქმედებები უნდა შეწყვეტილიყო.

ამის შემდეგ რა ხდება?

– ამის შემდეგ, ნინო ციხეში დარჩა, ილია მეღვინეთუხუცესმა კი შვილიშვილები წაიყვანა. დაახლოებით ორ თვეში ილია სახლიდან გამოიყვანეს და დახვრიტეს. ბავშვები უპატრონოდ დარჩნენ. პატარები მალულად საქათმეში დამალა ილიას მოურავმა და გააფრთხილა: თუ ვინმე მოვიდა, უთხარით, რომ თქვენით შემოიპარეთ და დაიმალეთ ამ საქათმეშიო. გარკვეული ხნის განმავლობაში ასე მალავდა, – უზიდავდა პურს, გუდის ყველს...

ეს ყოველივე რამდენ ხანს გაგრძელდა?

– ზუსტად ვერ გეტყვით. ვიცი მხოლოდ ის, რომ მთელ ნათესაობას გული უკვდებოდა და ბავშვების დახმარებას ვერავინ ბედავდა. ამის შემდეგ გამოჩნდა ილიას მეუღლე ანეტა, რომელიც მანამდე სად იყო, ჩემთვის არაა ცნობილი. მან წაიყვანა ბავშვები თბილისში. მალე ნინოც გაათავისუფლეს. ჩემი დიდი ბებია ქარგავდა, ასე წვალებით გადიოდნენ ფონს. სამსახურს ვერ ინარჩუნებდა: როგორც კი გაიგებდნენ, რომ ქაქუცას ცოლია, მაშინვე ათავისუფლებინებდნენ. ეგეთი შემთხვევაც ყოფილა, თურმე, რომელიღაც ინსტიტუტში დამლაგებლად მუშაობდა. ერთ-ერთ ხელმძღვანელს უკითხავს, გატყობთ ქალბატონო, რომ არა ხართ ამ საქმისთვის და რატომ წვალობთო. საწყალ ნინოს ტირილი ავარდნია ამ სიტყვებზე. როდესაც გაუგია, მის ხელმძღვანელს, თუ რაშიც იყო საქმე, ცუდად გამხდარა. როგორც მომავალში მისი შვილი ყვებოდა: ინფარქტმა დაარტყაო. ეგ არავინ იცის, მაგრამ ძალიან ცუდად გამხდარა ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ. ის გულშემატკივარი ყოფილა ქაქუცასი და ამიტომ ნინო არ გაუთავისუფლებია სამსახურიდან. ქეთიას და ციცნასაც მთელი რიგი პრობლემები ჰქონდათ სკოლასთან დაკავშირებით. ძალიან გაჭირვებაში იყვნენ.

ამ პერიოდში ქაქუცა ჩოლოყაშვილი სადაა?

– ის ჯერ ისევ საქართველოშია და პარტიზანულ ბრძოლებშია ჩაფლული.

1924 წლისთვის, ბოლო მომენტში მთელი დამკომი ქაქუცასთან ყოფილა ტყეში ასული და როგორც ალექსანდრე სულხანიშვილი ყვებოდა, შეუთავაზებიათ: ფული ამათ არ დაუტოვოთ, თან წაიღეთო. ქაქუცას უთქვამს: ისედაც ცდილობენ, რომ გაგვაშაონ, ბანდიტებს გვეძახიან და ათას სიბინძურეს გვაბრალებენ. ეს რომ გავაკეთოთ, შეიძლება, ვეღარც მოვიშოროთ სამარცხვინო ლაქაო. ამიტომ ქვეყნიდან საერთოდ უფულოდ გასულან. თურქეთში გადასულებს ცხენები და ცხენების აღკაზმულობა გაუყიდიათ და იმით გაუგრძელებიათ გზა. ამის შემდეგ 6 წელი იცოცხლა საფრანგეთში და საბოლოოდ, ფილტვის პრობლემით გარდაიცვალა 1930 წელს.

როგორ ცხოვრობს ამ პერიოდში ქაქუცას ოჯახი საქართველოში?

– ერთი პერიოდი შემსუბუქდა მთავრობის დამოკიდებულება. ვისაც უნდოდა, ემიგრაციაში წასვლის უფლება მისცეს. მათ შორის, წასვლის ნება დართეს ნინოს და მის გოგონებსაც. ეს ოციანი წლების ბოლოა. მოკლედ, აპირებდნენ წასვლას, მაგრამ ამ პერიოდში ნინოს დედას, ანეტას ინსულტი მოუვიდა. ნინომ ვერ დატოვა დედა და დარჩნენ საქართველოში. რომ არ დარჩენილიყვნენ, მე, ალბათ, არ ვიქნებოდი.

გარკვეული ხნის შემდეგ, გოგოები წამოიზარდნენ. ციცნამ დაიწყო კერვა, რაღაცა ხელწერა ჰქონია, ქალაქში თურმე ციცნას კაბებს ეძახდნენ. ცოტა ამოისუნთქეს, რა თქმა უნდა, მატერიალური თვალსაზრისით, სხვა მხრივ უჭირდათ. მანამდე ქარგავდნენ, ტორტებს აცხობდნენ, ქირით ცხოვრობდნენ ხან ზემელზე, ხან მთაწმინდაზე, ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებლებს.

როგორც ცნობილია, მოგვიანებით ციცნა და ნინო გადაასახლეს. რა იყო ოფიციალური მიზეზი ამ გადასახლებისა?

– მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ორი ადამიანი მისულა მათთან სახლში და უთქვამთ ჩვენ ქაქუცას მეგობრები ვართ და გვინდა ურთიერთობების დამყარება რაღაც კატეგორიის ხალხთანო. რა თქმა უნდა, ჩოლოყაშვილებმა უარი უთხრეს და გამოისტუმრეს. სახლიდან გამოსულები დააპატიმრეს, თურმე უთვალთვალებდნენ. იმათ დაჭერას მოჰყვა ამათი დაჭერა და გადასახლება. ბებიაჩემი ქეთია კი იძულებული შეიქმნა თვითნებურად წასულიყო ცოტა ხანში მათთან შუა აზიაში. დაახლოებით შვიდი წლის შემდეგ ისინი შეიწყალეს და გაათავისუფლეს.

ალბათ, ძალიან ბევრი ამბავი გსმენიათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ.

– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ამბები ძირითადად გადაუმოწმებელია და ისეთია – ერთი ხმლის მოქნევით, მოაცლიდა, გააცლიდა, გადაახტებოდა გალავანს, „აქეთ გორას წიხლსა ვკრავ...”… ბევრი ამბავი ასეთი ხასიათისაა.

ბავშვობაში ნინო არაფერს მიყვებოიდა.  სულ ვეკითხებოდი: მაგარი იყო? ღონიერი იყო? ხმალს როგორ იქნევდა?.. რაღაც პერიოდის შემდეგ, ეგეც აღარ მაინტერესებდა და მახსოვს, ყველაზე შთამბეჭდავი იყო ის, რომ ფული, რომელზეც ეუბნებოდნენ წაიღეო, თქვა:  არ წავიღოთ, იმიტომ რომ „ისტორიაში ბანდიტებად დავრჩებითო!” ეს ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო და საამაყო მომენტი.

თურმე, როდესაც ქაქუცა გასული იყო, შაქრო, მისი ძმა, მიუგზავნიათ მასთან და ფული შეუძლევიათ. ქაქუცას უთქვამს: შენ, კი ხარ ჩემი ძმა, მაგრამ მეორედ აქ აღარ მოხვიდეო.

როგორი კაცი იყო იცით, იმიტომ არ ვამბობ, რომ პაპაჩემი იყო, საშა წერს სულხანიშვილი – როგორი მშიშარა და პანიკიორი კაციც არ უნდა მოხვედრილიყო მასთან, ქაქუცას გვერდით ვეფხვად იქცეოდა. გადამდები სიმამაცე ჰქონია.

ერთი შემთხვევა ყოფილა: ძალიან მაგარი რეპრესიები წავიდა, არადა აუცილებელი იყო ქაქუცას ჩამოსვლა თბილისში. ერთ-ერთ სახლში გარკვეული საზოგადოება ელოდა, მაგრამ ვიღაცას უთქვამს: თუ გამოაღწიეს, ალბათ გატყიურებულები შემოვლენო. მოკლედ, ველოდით ნაბადმოსხმულს, წვერმოშვებულ მამაკაცს, ის კი სმოკინგში გამოწყობილი გამოცხადდა, თანაგუნდელთან ერთად. ორივე გაპიწკინებული იყო. შემოვიდა, სულ უჟუჟუნებდა თვალებიო. ძალიან იმედიანი ყოფილა.

ამბობენ, გარეგნობა ჰქონია ძალიან კარგი და იმასაც ამატებენ, რომ ქალბატონებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდაო...

– ჰო, ეგ მეც მსმენია. ჩემს ოჯახში სულ იხსენებდნენ ამგვარ ამბებს, უკვე სიცილით. ნინო ყვებოდა ხოლმე, ჩემი დიდი ბებია: მეჯლისზე არ მიყვარდა სიარული ქაქუცასთან ერთად. მივიდოდით თუ არა, დაუწყებდნენ მაშინვე თვალების ჟუჟუნს, მე ვეუბნებოდი: „ქაქუც, მნე პლოხა”. კი არ მეტყოდა: ნინა, რა მოგივიდაო. გავიდოდა, მეეტლეს გასძახებდა, „კუჩერ”, ჩამსვამდა ფაეტონში და გამომისტუმრებდა, თვითონ კი მეჯლისზე ბრუნდებოდაო.

ქაქუცა და სიმონ მუხრანსკი ასეთი სიტუაციებიდან იკარგებოდნენ ხოლმე რამდენიმე დღით და იყვნენ განცხრომაში.

მაგრამ, სანამ რაიმე დასკვნებს გააკეთებდეთ ამ მონათხრობიდან, შეფიცულობაზეც გიამბობთ. რა იყო ეს, მხოლოდ ორ მუხლზე გეტყვით: პარტიზანული ბრძოლების დროს არაფრით ქალთან არ უნდა მისულიყვნენ. ერთი მუხლი ეს იყო და აქ ცოლი იგულისხმებოდა. ასევე, ღვინოც არ უნდა დაელიათ დასათრობად.

ნინო თუ ელოდა ქმარს?

– ქაქუცას ძალიან ბევრი ელოდა. საერთოდ, ფშავ-ხევსურეთში, მე რომ 20-25 წლის ვიყავი, მაშინაც კი ელოდნენ. ვიღაც მოხუცები იძახდნენ: ჩამოვა ჩოლოყაშვილი და ასე და ისე იზამსო.

თუ საყვედურობდა ნინო მეუღლეს?

– არა, არასდროს მსგავსი არაფერი დასცდენია.