კანონდამრღვევი აფთიაქები დაიხურება

კანონდამრღვევი აფთიაქები დაიხურება

ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანიის აღმოფხვრა ვერ ხერხდება. მეტიც, ბოლო დროს კვლ შეინიშნება რამდენიმე ათეული ფარმაცევტული ობიექტის გააქტიურება არალეგალური საქმიანობის კუთხით. ამის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც ცნობილია. ამიტომ, ახალი გადაწყვეტილებით ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტები საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. ჯანდაცვის მინისტრმას დავით სერგეენკომ ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

მინისტრის ინფორმაციით, დღემდე მოქმედი ფულადი ჯარიმის მიუხედავად, გარკვეული აფთიაქები მაინც განაგრძობენ უკანონოდ წამლის გაცემას, შესაბამისად, ახალი რეგულაციების დაწესების აუცილებლობა გაჩნდა, რასაც საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება.

„არსებული კანონი მოითხოვს, ფსიქოტროპული მედიკამენტები გაიცეს მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ. რიგ შემთხვევაში, ეს დაცული არ არის და გარდა ჯარიმებისა და ადმინისტრაციული სახდელისა, ზემოქმედების სხვა მექანიზმი არ არსებობს. ამ ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, თუ ისინი დაარღვევენ კანონს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ახალ რეგულაციას ჯანდაცვის მინისტრი მთავრობას დასამტკიცებლად 3 აგვისტოს წარუდგენს.

„გამოიკვეთა აფთიაქები, რომელთაც არ სურთ კანონის დაცვა. შესაბამისად მოვამზადეთ ჩვენ წინასწარი დოკუმენტი, კონსულტაციები გავიარეთ პროფესიულ ასოციაციებთან და უახლოეს მთავრობის სხდომაზე ამ რეგულაციას განვიხილავთ.

ჩვენ კანონში არ შეგვაქვს ცვლილებები. არსებული კანონი მოითხოვს, ფსიქოტროპული მედიკამენტები გაიცეს მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ. რიგ შემთხვევაში ეს დაცული არ არის, გარდა ჯარიმებისა. ამირიდან კი კანონდამრღვევი ფარმაცევტები დიდი რისკის წინაშე დადგებიან“, - განაცხადა სერგეენკომ.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ეს ღონისძიება ზრდის სპეციალისტის პასუხისმგებლობას, ნებისმიერი პროფესიული პასუხისმგებლობის გაზრდა კი პრობლემის გადაჭრას წაადგება.

ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტის ირინა ჭელიძის აზრით, ცვლილება აუცილებლად შეამცირებს აფთიაქებში ურეცეპტოდ მედიკამენტების გაცემას.

„ნარკომანიას, ალბათ, ეს ვერ აღმოფხვრის, მაგრამ ჩვენს სფეროში რეგულაციები მკაცრდება და მისი შესრულების ვალდებულება გვაქვს. ფარმაცევტულ ობიექტებში მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა თვალშისაცემად შემცირდება“, - აცხადებს ირინა ჭელიძე.

ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, სააფთიაქო ნარკომანია ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს. მათგან პირველი სააფთიაქო ინტრავენული ნარკომანიაა, როდესაც ინტრავენულ ნარკოტიკებს ამზადებდნენ სხვადასხვა წამლებით. მეორე კი არის აბები. ინტრავენულს რაც შეეხება, ეს არის „კრაკადილი“, „ვინტი“, „ჯეფი“ და ა.შ. რომლის მოხმარება დღესდღეობით 95%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება აბებს, 2014 წლის რეფორმების შემდეგ მათი გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ბოლო თვეებში ზრდის ტენდენცია შეინიშნება.