ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას ვიდეოხიდით ჩაერთო და სხვა მრავალ საკითხებთან ერთად, რატომღაც, ემზარ კვიციანიც "გაახსენდა". "...რა თქმა უნდა, არ შეიძლება ემზარ კვიციანის გამოშვება, რომელიც არის ნომრიანი აგენტი რუსეთის უშიშროების. კოდორი ერთ-ერთი პირველი ნაღმი იყო, რომელიც რუსეთმა აგვიფეთქა, კოდორში ჩვენ საერთოდ რატომ შევედით? იმიტომ, რომ კვიციანმა გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. კვიციანი ჩვეულებრივი ნომრიანი აგენტია, მკვლელი და ბანდიტი, "ეფესბე"-ს დაცვის ქვეშ იყო, 2 წელი ცხოვრობდა გუდაუთაში. დღეს კვიციანს აცხადებენ პოლიტპატიმრად? არის რაღაცები, რაც არ შეიძლება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რას აპირებს სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ კვიციანის ოჯახი?
"ალიას" ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი ესაუბრა:
ქალბატონო ნორა, როგორ ფიქრობთ, რატომ გაახსენდა თქვენი ძმა სააკაშვილს?
- თუ თვლიდნენ, რომ ემზარი კრიმინალი იყო, გაქცევამდე თბილისში რომ იყო ჩასული, რატომ არ დააკავეს და რატომ არ აიყვანეს. თუ ჩვენ კრიმინალები ვიყავით, მაშინ იარაღი ხეობაში რატომ დარიგდა? რატომ გაუქმდა ბატალიონი "მონადირე" 2005 წელს, როცა ოქრუაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი? ეს ყველაფერი პრეზიდენტის ბრძანებით მოხდა, ოქრუაშვილმა ისე გააუქმა ბატალიონი, არავითარი გაფრთხილება ჩვენ არ მიგვიღია, რომ იარაღი ჩაგვებარებინა და ხალხს ეს იარაღი შერჩა ხელში. ამ დროს კი ჩვენ ბანდფორმირებად გამოგვაცხადეს და მე და ჩემს ძმას უკანონო ფორმირების შექმნის მუხლი მოგვცეს. მაშინ როდესაც რუსის დესანტი იყო გადმოსხმული, ერთადერთი ემზარი იყო, ვინც თავს წირავდა. ხომ შეეძლო, არ გაეკეთებინა და უბრალოდ წამოსულიყო.
რას აპირებთ ახლა?
- კოდორელებს საუბარი უნდათ ამ ყველაფერზე. სამარცხვინოდ, დღეს ხეობა ჩაბარებული და გაყიდულია. ფული გაათეთრეს "ნაციონალებმა" და დღემდე მოიხმარენ იმ ფულს. მე მეგონა, მტრები რუსები იყვნენ და თურმე მტერი თვითონ ყოფილან. დღეს ემზარი პოლიტპატიმარია, მე პირადად სააკაშვილის მძევალი ვიყავი, მაგრამ ჩემში ერთი დანაშაულიც ვერ იპოვეს. ამდენი ხანია, გამოძიება მიდის, ამდენი ხალხი დაკითხეს და ერთი ადამიანი ვერ იპოვეს ემზარზე აუგის მთქმელი, ერთსა და იმავე შეთხზულ ამბებს იმეორებს პროკურორი. 10 მაისს წიგნი გამოდის კოდორის ამბებზე, საიდანაც ყველა კარგად დაინახავს, ვინ არის გმირი და ვინ არის მოღალატე. მეცნიერ-მუშაკებს აქვთ ეს წიგნი შედგენილი და ყველაფერი ზუსტად წერია.
სააკაშვილს შიში აქვს ჩანერგილი, რადგან თვითონ არიან დამნაშავეები და გვამების დამკვეთები. ემზარს მთელი ხეობა ჰყავდა ჩაბარებული და მტერი რომ მტერია, იმას არ უღალატებს, ისეთი კაცია, რუსეთში ყოფნას საქართველოს ციხე არჩია.
კოდორის ხეობა ერთად გროვდება და წერს საჩივარს პროკურატურაში შესატანად, რათა გამოიძიონ კოდორის ხეობის საქმე. კიდევ ჩემს პირად საქმეზე შევიტან განცხადებას, ჩემს ძმაზე ერთი ყალბი ჩვენების მიმცემი არ ჰყავთ მაგათ, გამომძიებლები გაოგნებულები არიან, ამდენ ხალხს ვკითხავთ და ეს ვინ ყოფილა, ერთი ადამიანი ვერ გვიპოვია მის წინააღმდეგ, რომ მისცეს ჩვენებაო. უამრავი ადამიანი ჰყავს ემზარს თავდებში, 34 დეპუტატი, 33 გენერალი, უმრავლესობის ლიდერიც აწერს ხელს, არავის არ ახსოვს, ამდენი დეპუტატი ვინმეს დადგომოდეს თავდებში. ყველაფერს იგნორი გაუკეთეს, ახლა გასაჩივრებულია სარჩელი უზენაეს სასამართლოში და დღე-დღეზე ელოდებიან პასუხს. მიშა კი ვერ ჩამოდის დასაკითხად, ვერ ბედავს დაკითხვაზე მოსვლას, იმდენი ფაქტია მის წინააღმდეგ. ემზარი კი ჩამოვიდა და ჩაბარდა, რომ თავისი სიმართლე დაემტკიცებინა.
საქართველოში ორხელისუფლებიანობაა, ერთი არის პროკურატურა და სასამართლო, რომელიც "ნაციონალებისაა", და მეორე ღარიბაშვილის ხელისუფლება, რომელიც ჭეშმარიტი ქართველია და იცავს ქართველობას.
როგორც ამბობთ, თუ პროკურატურა "ნაციონალებისაა" როგორ გამოიძიებენ ემზარ კვიციანის სასარგებლოდ საქმეს?
- დღეს ისევ ის პროკურორები და მოსამართლეები არიან, ვინც მაშინ იყვნენ და შეხმატკბილებულად მუშაობენ, მათი დანაშაული მართლდება და ჩვენი სიმართლე - არა. ბრიფინგებს გავმართავთ, სარჩელებს შევიტანთ და მთელ საქართველოს გავაგებინებთ ყველაფერს, რომელიმე გადაცემაში გვინდა რომ მოვიწვიოთ ოქრუაშვილი, ბარამიძე და გვინდა, რომ სახალხოდ გვიპასუხონ იმ ბრალდებებზე, რაც მათ საწინააღმდეგოდ გვაქვს.