საქართველოს სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალი გააჩნია

საქართველოს სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალი გააჩნია

საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება იწყება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას არა მხოლოდ სტადიონები, არამედ საცურაო, საწყლოსნო სპორტისთვის გამზადებული ინფრასტრუქტურა უნდა გააჩნდეს. ამ მხრივ საქართველო სპორტული ტურიზმისთვის პერსპექტივაში მიმზიდველია. თუმცა დღესდღეობით ამ ტიპის ტურიზმისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია.

ამ დანაკლისს, ნაწილობრივ, ანაზღაურებს საქართველოს ოთხსეზონიანი კურორტები, სადაც თავისუფლად განვითარდება სპორტული ტურიზმი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ტურიზმის ექპერტი გიორგი ქემერტელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალი ნამდვილად გააჩნია. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ამას წინათ ჩატარებული სუპერთასი, სადაც საკმაოდ ბევრი ტურისტი ჩამოვიდა, იგივე ახალგაზრდული ოლიმპიადა და საერთაშორისო ტურნირები.

რაც შეეხება შიდა სპორტულ ასპარეზობებს, ექსპერტის თქმით, ეს იმდენად არ გამოიწვევს ტურისტების მოზიდვას, როგორც საერთაშორისო ასპარეზობები, რომლის დროსაც, როგორც წესი, ჩამოდიან სპორტით დაინტერესებული ადამიანები, არა მარტო ამ ასპარეზობებში მონაწილე სპორტსმენები, არამედ მათი გულშემატკივრები, ჟურნალისტები და ტურისტების მთელი მასა.

„ტურისტული სეზონების მხრივაც გვაქვს უპირატესობა, თუნდაც სამთო-სათხილამურო ტრასების მხრივ. გუდაურში არის იმის პერსპექტივა, რომ საერთაშორისო ტურნირები ჩატარდეს. ტარდება კიდეც რაღაც დონეზე საერთაშორისო ტურნირები. ახლა სვანეთის დატვირთვაც იწყება, ვგულისხმობ თეთნულდს, რაც სამთო-სათხილამურო კურორტებში ჩახედული ექსპერტების აზრით, მნიშვნელოვანი იქნება. სულ ახლახანს ჩატარდა ჯომარდობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რაც საერთაშორისო ტურნირი იყო საქართველოში. ასე რომ, ჯომარდობის მიმართულებითაც გვაქვს პერსპექტივა. ჯომარდობისთვის ძალზე ბევრ რეგიონს გამოვარჩევ, თუნდაც ბორჯომში იქნება კარგი ჯომარდობა, ასევე, რაჭაში, არაგვზე, რიონზე. ზღვის თემა კიდევ ცალკე თემაა. იახტ-კლუბები შეიძლება გავაკეთოთ არასაზაფხულო სეზონზე. კერძოდ, შემოდგომაზე, როდესაც ყველაზე კარგი პერიოდია იახტების შეჯიბრისთვის. ეს გამოიწვევს შავი ზღვის სანაპიროს შედარებით მკვდარი სეზონის გაცოცხლებას.

შეიძლება ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებებზეც გავამახვილოთ ყურადღება. ამ მხრივ საინტერესოა მეკლდეურობა. ისეთი გამოცდილი მეკლდეურები გვყავს, რომლებიც ასპარეზობენ საერთაშორისო ტურნირებში, სპორტულ აქტიობად ითვლება მეკლდეურობა და, ამავე დროს, პირდაპირი მიმართულებაა ექსტრემალური ტურიზმისთვის. იგივე შეიძლება ვთქვათ ალპინიზმზეც. ხევსურეთში კი შეიძლება ჩატარდეს სამთო ველოსიპედების შეჯიბრება. სხვათა შორის, სამთო-სათხილამურო კურორტების გაცოცხლების ერთ-ერთი მიმართულებაა სამთო ველოსიპედების შეჯიბრი“,-აღნიშნა გიორგი ქემერტელიძემ.

მისივე თქმით, სპორტული ტურიზმის მხრივ ძირითადი ქალაქები - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი შეიძლება დაიტვირთოს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსთავი, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, ავტორბოლის ფორმულას ტრასა გამოვიყენოთ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კავკასიის რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც ხშირად ტარდება ამავე რეგიონის ჩემპიონატები, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნების შემადგენლობებითაა დაკომპლექტებული.

ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ტბები პერსპექტიულია და ყველა ტბაზე შეიძლება გაკეთდეს ნავებითა და იახტებით გასეირნების სერვისები.

უფრო მეტიც, მისი თქმით, აჭარისა და გურიის რეგიონში არსებობს საწყლოსნო ტურიზმის განვითარების პოტენციალი. მთლიანობაში კი, სადაც ზოგადი ტურიზმი ნაკლებად მიმზიდველია, სწორედ იქ უნდა განვითარდეს სპორტული ტურიზმი.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში 65 მილიონი დოლარის ღირებულების სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყება დააანონსა. საუბარია უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც კანადური და სლოვაკური ინვესტიციით აშენდება.