ეკონომიკური ზრდა 3%-იან პროგნოზს ვერ გაუტოლდა

ეკონომიკური ზრდა 3%-იან პროგნოზს ვერ გაუტოლდა

2016 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა, წინა წელთან შედარებით, 2.9%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში ყველაზე მაღალი - 4.3%-იანი - ზრდა აპრილში, ყველაზე დაბალი - 0.8%-იანი ზრდა კი იანვარში დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის გეგმა წელს 3%-ია და ხელისუფლებას ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ამოცანა.

რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, აქ წინა წელთან შედარებით დღგ-ის ბრუნვის ყველაზე მაღალი ზრდა თებერვალსა (10.4%) და აპრილში (9%) დაფიქსირდა, მაისში კომპანიების ბრუნვა წინა წელთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა, ივნისში კი წინა წელთან შედარებით მხოლოდ 2%-ით გაიზარდა.

ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს მთავრობის საფინანსო პოლიტიკა წარმოადგენს, მთავრობამ ივნისის პერიოდში 132 მილიონი ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი მიიღო. ამ პერიოდში მთავრობის შემოსავლები 559 მილიონი ლარი იყო, მისმა ხარჯმა კი 691 მილიონი ლარი შეადგინა.

მთავრობაც და საქართველოს ეროვნული ბანკიც გაზაფხულის თვეების შემდეგ მეტად ოპტიმისტურად უყურებდნენ მომვალს და ორივემ გააუმჯობესა პროგნოზი. სებ-ში ფიქრობენ 2016 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი 3,5%-მდე მოიმატებს. ეს ინფორმაცია სპეციალურ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემაც დაადასტურა.

„ეკონომიკური აქტივობის ზრდას კვლავ ხელს უშლის საგარეო ფაქტორები. თუმცა შედარებით გააქტიურებულია შიდა და უცხოური ინვესტიციები. წინა პროგნოზების დროს, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით 3-პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი, ხოლო ამჟამად ეს პროგნოზი 3,5 პროცენტია“, - განაცახადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია მშენებლობის სექტორის დადებითი წვლილი, ასევე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის პოზიტიური ეფექტები. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას და შეცვლას ამავე დროს ხელი შეუწყო დაგეგმილმა ფისკალურმა სტიმულმა და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებამ, ასევე ინვესტიციებისა და მოხმარების ზრდის პერსპექტივამ.

როგორც აღვნიშნეთ, წლის დასაწყისში მთავრობამ 2016 წელს ეკონომიკის 3%-იანი ზრდა დაგეგმა. ამ პროგნოზს იმთავითვე დაეთანხმა მსოფლიო ბანკი, რომელმაც ახალ ანგარიშში საქართველოს ეკონომიკის 3%-იან მატება უწინასწარმეტყველა. მსოფლიო ბანკის გაანგარიშებით, გაისად 4,5%-იანი ეკონომიკური წინსვლა გვექნება, ხოლო 2018 წელს - 5%-იანი.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის განცხადებით, ეკონომიკის 3%-იანი ზრდა იმდენად დაბალი მაჩვენებელია, სალაპარაკოდ არც ღირს, მაგრამ მთავრობა ვერც ამას ასრულებს.

„მუდმივად არის სტრესული ვითარება, რომ უფრო მეტი პრობლემა იქნება, ვიდრე ახლა არის. არსებული ეკონომიკური პოლიტიკა გამოწვევის ადეკვატური არ არის და როგორც ჩანს, მისი ცვლილება ამ გუნდის ფარგლებში შეუძლებელია“, - მიიჩნევს პაატა შეშელიძე.

სხვათა შორის, გაცილებით უარესი ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. 2016 წელს სომხეთის ეკონომიკა - 1.8%-ით მოიმატებს, უკრაინისა კი - 1.5%-ით, ყაზახეთს მხოლოდ 0.8%-იანი ზრდა ექნება. რუსეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკა კი შემცირდება, შესაბამისად, 1.8%-ით და 3%-ით.