რატომ აცახცახებდა ირანში ნანა მჭედლიძეს დოდო აბაშიძის გვერდით

რატომ აცახცახებდა ირანში ნანა მჭედლიძეს დოდო აბაშიძის გვერდით

„კინორეჟისორობა რთული საქმეა; ჯერ მამაკაცებისთვის არის რთული და, მით უმეტეს – ქალისთვის. კინორეჟისორი რომ არ გამოვსულიყავი, ისტორიკოსი ვიქნებოდი, მაგრამ, მოხდა ისე, რომ გამოცხადდა მიღება კინოსტუდია „ქართულ ფილმთან” არსებულ სამწლიან კინომსახიობთა სკოლაში. მახსოვს, როგორ დავდიოდი იქ ჩუმად – ვიცოდი, რომ სახლში არ მომიწონებდნენ. მერე ეს სკოლა შეუერთდა თეატრალურ ინსტიტუტს, სადაც იყო კინოგანყოფილება, რომელიც 1950 წელს დავამთავრე და რამდენიმე წელი ვიმუშავე რუსთაველის თეატრში”.   

მისი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ამ ფილმმა შეცვალა, თუმცა, ის თეატრალურ თუ კინო წრეებში უკვე პოპულარული იყო. „იმერული ესკიზები” მისი სავიზიტო ბარათია, მანამდე კი იყო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და ერთიც სრულმეტრაჟიანი ფილმი – „პირველი მერცხალი”. მართალია, საკუთარი თავი ეკრანზე ვერ წარმოედგინა, მაგრამ, გადამღები ჯგუფის დაჟინებული თხოვნით, მაინც მოსინჯა და ფილმიც არაჩვეულებრივი გამოვიდა. ფილმი აგებულია რეალურ, მისი ბავშვობის ისტორიებზე, ამიტომ, დღეს ნანა მჭედლიძის  დღიურებს „იმერული ესკიზებით” დავიწყებთ და ცოტა-ცოტა სხვა ამბებით გავაგრძელებთ.

გახსოვთ, ალბათ, „იმერულ ესკიზებში” ბავშვები მეგობრის დასახმარებლად სპექტაკლებს რომ მართავენ სახლის აივანზე – ტანსაცმლის ფული უნდათ, რომ  შეუგროვონ – ჩემი ბავშვობიდან არის ეს ეპიზოდიც. ჩემი სახლის წინ ორი ნაძვი იდგა, გავაბამდით ბაწარს, გადავკიდებდით ტილოს; რომ მოსაღამოვდებოდა, ლამპას დავდგამდით და ვთამაშობდით. ეს ყველაფერი ფარდის მიღმა ჩანდა, ლანდი – ვითომ კინო იყო. ბილეთებს ვყიდდით მეზობლებზე – ჩვენი მაყურებლები ისინი იყვნენ. ეს ფილმი გადავიღე 1979 წელს. ერთ დღეს, ვიჯექი ჩემთვის მოწყენილი, ჩაფიქრებული. გამიჩნდა ნოსტალგია ჩემს ბავშვობაზე, დავჯექი და ყველაფერი დავწერე როგორც პატარ-პატარა ნოველები, რომლებსაც „იმერული ესკიზები” დავარქვი, მერე ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ამის ეკრანზე გადატანა-მეთქი და გადავწყვიტე გადაღება. ძალიან მინდოდა, ეთამაშათ არა ცნობილ მსახიობებს, არამედ, იმ მსახიობებს, რომლებიც ხონში ცხოვრობდნენ. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი მთავარი როლის შესრულებას. მთავარ როლზე სესილია თაყაიშვილს ვფიქრობდი, მაგრამ, მოხდა ისე, გადაღებებზე რომ მივდიოდით, სესილია უცებ ავად გახდა და ვეღარ გადავიღე. საგონებელში ჩავვარდი. მერე ვიფიქრე, ქეთევან ბოჭორიშვილს გადავიღებ-მეთქი – „ჯარისკაცი მამაში” სერგო  ზაქარიაძის ცოლის როლს თამაშობს. მართალია, ქართლელი იყო, მაგრამ, შეიძლებოდა, იმერელი ეთამაშა. გავიარეთ გორში მის სანახავად და, დავინახეთ ყავარჯნებით მოდის – დაცემულა და ფეხი მოუტეხავს. კინოსტუდიის დირექტორს, რეზო ჩხეიძეს, სიტყვა მივეცი, რომ მთავარი როლის  შემსრულებელს ვიპოვიდი. ჩემთან ერთად გადაღებებზე იყო რეზო ესაძე. მან მითხრა, შენ თვითონ ითამაშე მთავარი როლიო და ყველა აჰყვა – თუ არ მოგეწონება, ნუ ითამაშებო. დავიწყეთ სინჯები. მასალა რომ ვნახე მომეწონა – ვიფიქრე, არა უშავს-მეთქი, სხვებს უფრო მეტად მოეწონათ და ასე დავრჩი ფილმში. ვცდილობ ხოლმე ჩემს თავს მაყურებლის თვალით შევხედო, ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ – არა. რაც შეეხება პატარა გოგოს, რომელმაც მაყურებლის ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია,  ბავშვის როლის შემსრულებელს რომ ვეძებდი, მთელი საქართველო მოვიარე – მინდოდა, ხასიათი დამეჭირა. ვეძებდი პიონერთა სასახლეშიც, ერთმანეთზე უკეთესი ბავშვები იყვნენ, მაგრამ, ვერავინ შევარჩიე. გადაღებები ხონში გვქონდა და იქ რომ ჩავედი, ეს გოგო თვითონ მოვიდა ჩვენთან – იდგა და გვიყურებდა. დამიძახეს: ნანა, ისეთი ბავშვი მოვიდა, როგორიც შენ გინდაო. ძალიან საცოდავი ჩანდა, მოკლესახელოიანი პალტო ეცვა, დახეული ფეხსაცმელებიდან წინ თითები უჩანდა, მხარზე გადაკიდებული ნაჭრის ჩანთა ეკიდა. გაკვეთილები დამთავრებოდა. ვიღაცას უთქვამს, კინოს იღებენო და ჩვენკენ გამოქცეულა. რომ დავაყენეთ აპარატის წინ არ იუცხოვა – თითქოს აპარატთან ყოფილიყო დაბადებული, ისე იქცეოდა. მაშინვე დავამტკიცეთ როლზე. როცა ფილმს ვახმოვანებდით, ისიც ახმოვანებდა და სახლში წამოვიყვანე, ჩემთან ცხოვრობდა. სხვათა შორის, მონათლული არ იყო და მე მოვნათლე. ვინმე რომ დარეკავდა კარზე ზარს, აქედან გაჰყვიროდა – მობრძანდიო. ერთი ახლობელი ქალი გვყავდა სახლში, ის ეტყოდა: გოგო, ჯერ გაიხედე კარში, ვინ არის და მერე უთხარი, ასე არ შეიძლებაო. ავიწყდებოდა და ისევ იძახდა – „მობრძანდით!” ძალიან საყვარელი ბავშვი იყო, ვერ აგიწერთ, იმდენად საყვარელი. გაზრდილ ნანას უკვე ჩემი ქალიშვილი – მაგდა თამაშობს. მერე პატარა ნანა გადავიღე საბავშვო ზღაპარში – „უკვდავების ვარდი”. მაგდამ სკოლა რომ დაამთავარა, ძალიან უნდოდა თეატრალურში ჩაბარება და მე არ ვურჩიე, თან, ქვეყანაში ისევ არეულობა იყო. რომ გასინჯეს, აღმოჩნდა რომ ის სითამამე არ აქვს, რაც მსახიობს სჭირდება, ბავშობაში უფრო თამამი იყო. ეტყობა, დაკომპლექსდა; თან, ისეთი დრო იყო, მსახიობებისთვის არავის ეცალა, სრულიად უპერსპექტივო პროფესია გახდა.

როდესაც ამ ფილმს მოვკიდე ხელი („პირველი მერცხალი“), ყველა დამცინოდა – ფეხბურთზე რომ იღებ ფილმს, კაცი რეჟისორები დაილიაო?! თუმცა, ჩემი დიდი იმედი ჰქონდა რეზო ჩხეიძეს. ეს ფილმი 1974 წელს დავიწყე. დირექცია ძალიან მონდომებული იყო და ყველაფერში ხელს მიწყობდა. რაც არ უნდა მიმეტანა, ყველაფერს იღებდნენ. „პირველი მერცხალი” ირანში საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს. მე და დოდო აბაშიძე ვისხედით და ვუცდიდით, როდის გამოგვაცხადებდნენ. დოდომ მითხრა, შაჰის ცოლს ვაკოცებო. ეს წარმოუდგენელი იყო. გაგიჟდი-მეთქი? შიშისაგან მაცახცახებდა, მართლა არ აკოცოს-მეთქი. რომ გამოგვაცხადეს, პირველი დოდო გავიდა. კოცნით არ უკოცნია, მაგრამ, ხელი ხელზე რომ მოკიდა, აღარ უშვებდა, იმ ქალს კი უხერხულობისგან უაზროდ ეცინებოდა.

რატომღაც, მამაკაცებთან უფრო მიადვილდებოდა მუშაობა, კარგი ურთიერთობა მქონდა“.