შრომის ინსპექცია მომავალი წლიდან უფრო გააქტიურდება

შრომის ინსპექცია მომავალი წლიდან უფრო გააქტიურდება

წლის ბოლომდე მთავრობამ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი უნდა მიიღოს. მანამდე კი შრომის ინსპექცია აგრძელებს კომპანიების შემოწმებას, თუმცა მას ამ ეტაპზე მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეუძლია. ამ კუთხით ვითარება მომავალი წლიდან შეიცვლება.

ევროპასთან ასოცირების სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი პარლამენტში 2016 წლის მეოთხე კვარტალში უნდა შევიდეს. სამოქმედო გეგმის მიხედვით, წლის ბოლოდან „შრომის ინსპექცია“ უნდა ამუშავდეს სრულფასოვნად, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსპექციას ექნება დაჯარიმებისა და ნებართვის გარეშე საწარმოს შემოწმების უფლება.

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის გოჩა ალექსანდრია განმარტებით, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე მუშაობა შარშან დაიწყო. იგი 4-5 თვეში უნდა მიიღონ, თუმცა მისი სრულყოფა უნდა მოხდეს დასაქმების კანონთან დაკავშირებით.

„თუ მთავრობა შარშან შემუშავებულ დოკუმენტს შეიტანს პარლამენტში, ამაზე ჩვენ ნამუშევარი გვაქვს და ეს განსაზღვრავს შრომის ინსპექციის როლს, ფუნქციებს, სანქციების საკითხს, სრულყოფილი კანონპროექტია და წესით წლის ბოლომდე უნდა მიიღონ კიდეც“, - აცხადებს ალექსანდრია. კანონის მიღების შემდეგ საწარმოებში გაჩნდება ვალდებულება დაინერგოს თანამედროვე სტანდარტები, შრომის უსაფრთხოების წესები.

როგორც ალექსანდრიამ „კომერსანტს“ განუცხადა, ასოცირების შეთანხმებაში „შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზეცაა საუბარი, რაც ეხება სამუშაო დროის, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მიმართულებებს. ამას გარდა, კანონდებლობის სრულყოფაა საჭირო პროფესიული გადამზადების, შრომის ბაზრის ანალიზისა და დასაქმების კანონთან დაკავშირებით.

ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოში სერიოზული გამოწვევები რჩება შრომის ინსპექციის სისტემის უზრუნველყოფისა და ამ მექანიზმის ეფექტური ფუნქციობის მიმართულებით. კომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ეკონომიკის სამინისტროსა და კერძო სექტორის მხრიდან განხორციელებული მწვავე წინააღმდეგობისა, შრომის სამინისტროში მაინც შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

ამ ფაქტს კომისია აფასებს, როგორც მოსამზადებელ ეტაპს და მიიჩნევს, რომ დროულად უნდა გადაიდგას ნაბიჯები შრომის ინსპექციის აღსრულების მექანიზმებით, სანქცირების სიტემებითა და სათანადო კადრებით უზრუნველყოფის კუთხით. სწორედ ასეთი შრომის ინსპექცია იქნება ქმედუნუარიანი და შესაბამისობაში მოვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან.

თავად შრომის ინსპექციაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უწყება შესაძლებლობის ფარგლებში უკვე მუშაობს. შრომის ინსპექტორის ოთარ გრიგოლიას განცხადებით, მოთხოვნის შემთხვევაში შრომის ინსპექცია ამოწმებს სხვადასხვა კომპანიაში შრომის უსაფრთხოებას, ჰიგიენას და სამუშაო პირობებს, რის შემდეგაც ინსპექციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ორგანირზაციები ითვალისწინებენ.

„არსებობს რამდენიმე ფაქტი, რომ ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულფასოვნად იქნა ათვისებული, კომპანიებმა დაიწყეს მუშაობა ამ შეუსაბამობის გამოსწორებაზე. იყო შემთხვევა, როდესაც ნაწილობრივ მოხდა რეაგირება, თუმცა შემთვევას, როცა საერთოდ არ მოხდა რეაგირება ჩვენ მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა გრიგოლიამ.

შრომის ინსპექცია 2015 წლის ზაფხულში შეიქმნა. ბიუჯეტიდან ამ მიზნით, 4 მლნ ლარი გამოიყო, 2016 წელს კი 4 025 000 ლარია გამოყოფილი.