რაზე მოუწია უარის თქმა ნოდარ ახალკაცს „დინამოს” გამო

რაზე მოუწია უარის თქმა ნოდარ ახალკაცს „დინამოს” გამო

ასეთი ტრიუმფალური ეპოქა, წლების განმავლობაში გამარჯვებების სერიები, არასდროს განმეორებულა ქართული ფეხბურთის, ზოგადად კი – ქართული სპორტის ისტორიაში. მეტიც, გამიჭირდება, დავასახელო სხვა მსგავსი ქართული გუნდური წარმატების მაგალითი საქართველოს ახალი ისტორიიდან. ახალკაცის „დინამო” იყო  განსაკუთრებული… რა თქმა უნდა, ახალკაცის დინამოელებსაც მოსდიოდათ შეცდომები და იყო რაღაც, რითაც ნოდარი უკმაყოფილო რჩებოდა, მაგრამ, ხმას არ აუმაღლებდა… ნოდარის გუნდში იყო განუმეორებელი დისციპლინა. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მკაცრი ან სამხედრო დისციპლინა. ეს იყო მკაფიო დისციპლინა, რომელსაც მიზნად ჰქონდა მაქსიმალურად კარგი სპორტული ფორმის მიღწევა,“ – იხსენებს „დინამოს“ გუნდის ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი.

ნოდარ ახალკაცმა სკოლა მედალზე დაამთავრა. უგამოცდოდ ჩაირიცხა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ხიდებისა და გვირაბების საინჟინრო ფაკულტეტზე. ამავე დროს დაიწყო ფეხბურთის თამაში ჯერ „ნორჩ დინამოელში“, შემდეგ მისი საფეხბურთო კარიერა თბილისის „ლოკომოტივში” გაგრძელდა.  თავიდანვე გამოირჩეოდა ტექნიკური, გააზრებული თამაშის მანერით, ბურთის უბადლო ფლობით. ხშირი ტრავმების გამო ფეხბურთისთვის თავის დანებება ადრე მოუწია, თუმცა, მალევე, 28 წლის ასაკში, ისევ დაუბრუნდა თბილისის „ლოკომოტივს,” უკვე უფროსი მწვრთნელის რანგში. მის ხელში „ლოკომოტივი” ძლიერ და ერთ მუშტად შეკრულ გუნდად ჩამოყალიბდა და საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა, თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, რკინიგზის სამინისტრომ გუნდის დაშლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

თბილისის „დინამოში” ნოდარ ახალკაცი გუნდის უფროსად 1974 წელს მივიდა  მიხეილ იაკუშინისა და გივი ჩოხელის დროს, 1976 წელს კი უფროს მწვრთნელად დაინიშნა. პირველივე წელს „დინამომ” ორჯერ აიღო საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი და პირველად კლუბის ისტორიაში საკავშირო თასიც მოიგო. 1979 წელს გუნდი კვლავ იგებს საკავშირო თასს, ხოლო 1981 წლის 13 მაისს განუმეორებელ წარმატებას აღწევს და ევროპის თასების მფლობელთა თასს ეუფლება.

მედეა ახალკაცი (შვილი): რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, 1979 წელს, საკავშირო თასის მოპოვების მიუხედავად, ზოგიერთმა პარტიულმა ფუნქციონერმა გუნდიდან ნოდარის გადაყენება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ „დინამომ“ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. წერილი მთავრობაში შეიტანეს დასამტკიცებლად. იმდროინდელმა პირველმა პირმა წერილი ბოლო მომენტში დახია და ნოდარი გუნდში დატოვეს. რაღაცით მაინც რომ გაემწარებინათ, საკავშირო თასის მომგები ნოდარ ახალკაცი საქართველოს 10 საუკეთესო მწვრთნელთა სიაში არ მოახვედრეს. თუმცა, მამა ასეთ უსუსურ ინტრიგებზე არც კი რეაგირებდა. 1981 წელს, გამარჯვებული „დინამო” დიუსელდორფიდან მოსკოვში რომ ჩაფრინდა, მამას აეროპორტში საკავშირო სპორტკომიტეტის წარმომადგენელმა მილოცვის მაგივრად წერილი დაახვედრა. წერილში მამას საყვედურს უცხადებდნენ პირად საქმეში შეტანით იმის გამო, რომ გუნდი „ადიდასის” ფორმით ათამაშა. მამას ვარაუდით, ამ საყვედურის ნამდვილი მიზეზი სხვა იყო – დიუსელდორფში შეკრებილი „დინამოს“ გულშემატკივარი, წითელი საბჭოთა დროშის ნაცვლად „დინამოს“ ცისფერ-თეთრ დროშას აფრიალებდა, რაც კომუნისტური პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ეს ნოდარის პირველი და ერთადერთი საყვედური არ ყოფილა. ერთხელ, მოსკოვში თამაშის დროს, გუნდები შესვენებაზე რომ გადიოდნენ, მამამ გაიგო, ერთ-ერთმა მსაჯმა მეორეს როგორ უსაყვედურა – ამ შავტრ... ქართველებს რატომ არ ახრჩობო და ამ მსაჯს ისეთი დღე აყარა, ძლივს გააშველეს.

1985 წელს იგი მეორედ დააბრუნეს გუნდში, სადაც, წარუმატებელი თამაშების ფონზე (სამი ფრე და ექვსი წაგება) ძალიან არეულ-დარეული სიტუაცია იყო შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ მამა გუნდში მოსკოვის „სპარტაკთან“ თბილისში 3 სექტემბერს გასამართ მატჩამდე 9 დღით ადრე მივიდა, მაინც მოახერხა გუნდის ძირეული გარდაქმნა. იმ წელიწადში გუნდი გავარდნას გადაურჩა. მომავალ სეზონში კი მამამ „დინამო“ ხუთეულში და, შესაბამისად, „უეფას“ თასზე გაიყვანა. სეზონის დამთავრებამდე ოთხი თამაში რომ იყო დარჩენილი, ისევ, მიუხედავად წარმატებული სეზონისა, მამა გუნდიდან გაათავისუფლეს. ასეთი ალოგიკური გადაწყვეტილების გასამართლებლად სასაცილო შავი ფიარ-კამპანია იქნა წამოწყებული კომპარტიული აპარატის ზოგიერთი წევრის მხრიდან: მამაზე დაუჯერებელი ჭორები გაავრცელეს – თითქოს ის უნივერსიტეტში ხალხს აწყობდა და ამაში ფულს იღებდა; ამას გარდა, თითქოსდა „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზიდან ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი თაფლს ყიდდა! მამას მეგობრებს მილიციაში იბარებდნენ და დაჭერით ემუქრებოდნენ, თუ ნოდარზე ცუდ რაღაცეებს არ იტყოდნენ. ხან, მამას მიერ ჯაფარაულში აშენებული სახლის შესამოწმებლად კომისიებს გზავნიდნენ – იქნებ, დარღვევები აღმოეჩინათ; ხან კი, ამ გაურემონტებელ სახლში (ჭავჭავაძეზე) ლიფტებსა და მარმარილოს ეძებდნენ, მაგრამ, დასაჭერ მიზეზს ვერ პოულობდნენ. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ საქმეში ქვეყნის პირველი პირი ჩაერია და მამას წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია შეაჩერა. „დინამოდან” წამოსვლის შემდგომი ოთხი წელიწადი მამას მწვრთნელად აღარ უმუშავია. რომ არა მისი სამეგობრო წრე, ამ წლების გადატანა როგორც პირადად მისთვის, ისე მთელი ოჯახისთვის, შეუძლებელი იქნებოდა.

ამ პერიოდში მამას უამრავი შემოთავაზება ჰქონდა სხვა გუნდებიდან – რუსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და იმ დროისთვის არნახულ ხელფასს სთავაზობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა, მამამ ამ შემოთავაზებებზე უარი თქვა. მეგობრები სულ სთხოვდნენ, დათანხმებულიყო, მაგრამ, მამას პოზიცია მტკიცე და უცვლელი იყო. ის პასუხობდა, რომ რაც დასამტკიცებელი ჰქონდა, „დინამოში“ დაამტკიცა და სხვა ქვეყანაში ისეთ გუნდს არ გააკეთებდა, რომელიც მის „დინამოს“ დაამარცხებდა!

1990 წლის 15 თებერვალს მამას ცხოვრებაში ახალი პერიოდი დაიწყო. ამ დღეს ჩატარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობა. ორგანიზატორების გეგმა იყო, ჩამოეყალიბებინათ დამოუკიდებელი ფედერაცია, მაგრამ, საბჭოთა ჩემპიონატიდან გამოყოფას არ აპირებდნენ. მამას მოსაწვევი მხოლოდ წინა დღეს მოუტანეს. მისი ყრილობაზე დასწრება ორგანიზატორებს მაინცდამაინც არ აწყობდათ – იცოდნენ, რომ ნოდარს თავისი აზრი ექნებოდა. ასეც მოხდა. ყრილობაზე მთავარი საკამათო საკითხი სწორედ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა გახდა. კამათმა რამდენიმე საათს გასტანა. ბოლოს დარბაზმა მოითხოვა – ნოდარ ახალკაცი, ჩვენი ფეხბურთისთვის ყველაზე დიდი წარმატების მომტანი, აქ არის და მისი აზრიც მოვისმინოთო. უაღრესად განათლებულ ნოდარ ახალკაცს საოცარი გავლენის მოხდენა შეეძლო აუდიტორიაზე. მისი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა ერთ წელიწადში გარდაუვალი იყო და, საქართველოს დღესვე უნდა დაეწყო დამოუკიდებელი ფეხბურთის მშენებლობა. მამას მიერ მოყვანილი არგუმენტები ყრილობის მონაწილეებმა აიტაცეს და მამა პრეზიდენტად აირჩიეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შექმნა და საბჭოთა ჩემპიონატიდან გამოყოფა პირველი პრეცედენტი გახდა ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე... იმდროინდელი მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩაეშალა ეროვნული ჩემპიონატი, თუმცა, არაფერი გამოუვიდა. ახლად შექმნილმა ფედერაციამ საბანკო ანგარიში რომ გახსნა, პირველი თანხა საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჩაურიცხა. ნოდარი დარწმუნებული იყო, პატრიარქის თანადგომას ისეთი დიდი ძალა ჰქონდა, რომ ფედერაციის „წაქცევა” შეუძლებელი იქნებოდა.  მამა ყოველთვის ამბობდა, რომ ილია მეორეს დიუსელდორფში თასის მოპოვებაშიც აქვს დიდი წვლილი შეტანილი – მან მხარდაჭერის დეპეშა გაუგზავნა გუნდს, რომელიც მამამ მინდორზე გასვლის წინ წაუკითხა ფეხბურთელებს. პრეზიდენტობის ამ წლებში, ქვეყანაში არსებული სასტიკი გაჭირვების მიუხედავად, მაინც ახერხებდა ფეხბურთის განვითარებას და წარმატებით უძღვებოდა თავის საქმეს. სამოქალაქო ომის დროსაც კი არ ჩაშლილა არც ერთი თამაში. უამრავი სირთულის ფონზე, მამა მაინც არ კარგავდა იუმორს. ფედერაციიდან შინ რომ დაბრუნდებოდა და „ჩვეულ“ მაკარონს დაინახავდა, – დღეს მეშვიდე კილომეტრზე გადავედითო, – ჩაილაპარაკებდა ღიმილით.

მამასთვის განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა 1997 წელი. მისი თანამდებობის ხელში ჩაგდების მიზნით, სახელმწიფო ორგანოებმა ფედერაციის საქმიანობაც კი შეაჩერეს. ბოლოს საქმეში „ფიფა” ჩაერია და ქვეყნის პირველ პირს ამ გადაწყვეტილების გაუქმება დასჭირდა. მამა დაუმარცხებელი წავიდა ცხოვრებიდან. ის საქართველოს მეოცე საუკუნის  საუკეთესო სპორტულ მწვრთნელად იქნა აღიარებული,  მას მიღებული აქვს „ფიფასა“ და „უეფას“ ორდენები.

მის ამდენ ნერვიულობას უკვალოდ არ ჩაუვლია: 1998 წლის 2 იანვარს მამას 60 წელი შეუსრულდა და მეგობრებთან ქეიფობდა. ახალი წელი, 60 წლის იუბილე, შობა, დაბადების დღეები... თითქოს გრძნობდა, რომ ეს მისთვის ბოლო დღეები იყო. სულ ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების წრეში სურდა ყოფნა. ღამღამობით თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ, მკურნალობაზე უარს ამბობდა, თან, იტყოდა: ამაღამ თუ გადავრჩი, დიდხანს  ვიცოცხლებო. ჩვენც გვჯეროდა მისი, თუმცა...  25 იანვარს მოსკოვში „ფიფას“ პრეზიდენტთან – ბლატერთან შესახვედრად გაფრინდა. ალბათ, წინათგრძნობა ჰქონდა და წასვლა არ უნდოდა. მისი ბოლო სიტყვები იყო: „ნეტა, ფრენა არ იყოს!” ფრენა არ გადადებულა. მოსკოვის აეროპორტიდან სასტუმროში მიმავალს, მეგობრის მანქანაში გული გაუჩერდა.

პირველად ჩემს ცხოვრებაში, მამა ატირებული ვნახე იმ დღეს, როდესაც ვიტალი დარასელია დაიღუპა. ვიტალის გარდაცვალება მამამ საშინლად განიცადა. მას ფეხბურთელები საკუთარი შვილებივით უყვარდა. მათთან უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე ჩვენთან, შესანიშნავად იცოდა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მკაცრ და მომთხოვნ მწვრთნელს ადვილად ვერ ეგუებოდნენ – ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხშირად გართობა და დროსტარება სურდათ, მამა კი გასაქანს არ აძლევდა. თვითონ რომ გახდებით მწვრთნელები, მერე მიხვდებით, რომ ასეა საჭიროო, – ეუბნებოდა. მამა ზრუნავდა არა მხოლოდ მათ სპორტულ წარმატებებზე, არამედ, მათ განათლებასა და ზოგად განვითარებაზე. უცხოეთში რომ იყვნენ, დაჰყავდა მუზეუმებში, მუდმივად იწვევდა „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სხვადასხვა საზოგადო მოღვაწესა თუ მეცნიერს, რათა მათ ლექციები ჩაეტარებინათ ფეხბურთელებისთვის. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მამას დათო ყიფიანთან. გახსოვთ ალბათ, ჯერ კიდევ  „ლოკომოტივში“ დაიწყო მათი ურთიერთობა 1970 წელს. „დინამოში“ დაწუნებული 19 წლის დათო, რომელიც ფეხბურთისთვის თავის დანებებაზეც კი ფიქრობდა, „ლოკომოტივში“ წამოიყვანა. ერთი წლის შემდეგ დათო ისევ „დინამოში“ დააბრუნეს. თუმცა, დათოს აღზევება და მსოფლიო დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბება სრული მასშტაბით 1976 წლიდან დაიწყო – „დინამოში“ მამას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ. მიუხედავად მათი მრავალი ერთობლივი წარმატებისა (როგორც ხშირად ხდება ხოლმე ფეხბურთში), მათი პოზიციები ბევრჯერ კატეგორიულად განსხვავებულიც ყოფილა. ასეთ სიტუაციებს მამა ძალიან განიცდიდა, საკუთარი „შვილების“ მოწინააღმდეგე ბანაკში ყოფნას ვერ ეგუებოდა. მამას დაკრძალვის წინა ღამეს დათომ ჩვენთან სახლში დარეკა და გვკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ მოსულიყო. იმ ღამეს დათო გვიან მოვიდა ჩვენთან და გვთხოვა, ნოდარის ცხედართან მარტო დამტოვეთო; არ მინდა, რომ ჩემზე ნაწყენი წავიდეს ამქვეყნიდანო.

რევაზ ჩელებაძე: ერევანში ერევნის „არარატს” ვეთამაშებოდით. გოლი უნდა გამეტანა ცარიელ კარში. ბოლო წუთამდე მოვატყუე მეკარე და ცარიელი კარისკენ დავიძარი. ამასობაში წარმოვიდგინე, თბილისში რომ ჩავალ, რა მოხდება, მთელი თბილისი დამხვდება-მეთქი და, ამ ფიქრებში არ გავცდი კარს?!. თამაში ფრედ დამთავრდა. უკან ვბრუნდებით. „სუხოი პაიოკი” გვქონდა. ავტობუსში ჩვენი მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი ამოდის და ახალკაცს ეკითხება: ერთი „კალბასი” დაგვრჩა და რა ვუყოო. ნოდარი ზის თავჩაქინდრული. უკან მე ვზივარ, თვალებზე ცრემლი მადგას, ვფიქრობ  – რა ბურთი გავაფუჭე და, უცებ, ახალკაცმა – ჩელებაძეს გატენე უკანო. თბილისში რომ ჩამოვედით, ამ ამბავზე ანეკდოტი მოიგონეს: ვითომ მიჯაჭვულ ამირანთან მივედი და ვეუბნები: ამირან ბიძია, მიშველე რამე-მეთქი. რა გიშველოო. ვუთხარი: გოლს შევაგდებ – მაგინებენ; ვერ შევაგდებ – მაინც მაგინებენ-მეთქი. რა გვარი ხარო. ჩელებაძე-მეთქი. მიჯაჭული არ ვიყო, დედას მოგ...ო...