აი, რას გვპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს!

აი, რას გვპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს!

2012 წლის 28 მაისი. თბილისის თავზე ლურჯი დროშა ფრიალებს. თავისუფლების მოედანზე 100 ათასზე მეტი ქართველია გამოსული. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ბოლო თვეებს ითვლის. ირგვლივ დაპირებების კორიანტელია, სადაცაა ციდან დოლარების წვიმა წამოვა. ხალხს ყელში აქვს უკვე ამოსული "ნაცმოძრაობაც" და გაჭირვებაც. ბიძინა ივანიშვილი მხურვალე სიტყვით მიმართავს თანამემამულეებს:

"ჩემო საყვარელო ხალხო, ბედნიერი ვარ, რომ თქვენ გვერდით, საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი სამშობლოს გვერდით ვდგავარ! საქართველოს გარდა მე სხვა სამშობლო არ გამაჩნია! მე საქართველოს მოქალაქეობა თქვენ უკვე მომანიჭეთ! მე საქართველოს მოქალაქე ვარ, რადგან არავინ მიყვარს ისე, როგორც ჩემი ხალხი, ჩვენი საქართველო! ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიწყებთ ბრძოლას ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის!"

ვერაფერს იტყვი, მაგარი სადღეგრძელოა. ამ დროს მეც იქ ვარ, ჩემი თანამემამულეების გვერდით, როგორც თითოეულ ქართველს, პერიოდულად ტანში ჟრუანტელი მივლის: "აღსრულდა ჩვენი ოცნება, დადგა დრო სანეტარო, გაიხარე, მუშავ, წამებულო!" 28 მაისი - "ნაციონალების" გადაშენების დასაწყისი (ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა მაშინ), დიდი იმედის ჩასახვისა და დაპირებების ყლაპვის დღე. ბიძინა ივანიშვილი:

დაპირება 1. "დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მკვეთრად შევცვალოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრება უკეთესობისკენ. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ეს, რადგან ბავშვობიდან ვშრომობ, კარგად ვიცი, რას ნიშნავს მრავალშვილიანი ოჯახის გაჭირვება. გლეხის შრომის ფასიც ვიცი, სწავლასთან ერთად მუშაობის სიმძიმეც გამომიცდია".

დაპირება 2. "ვერანაირი პირადი მატერიალური კეთილდღეობა ვერ მოგანიჭებს ბედნიერებას, როდესაც შენი ხალხი უბედურია, როდესაც მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ბანკის ვალი ახრჩობს, როდესაც გისოსებს მიღმა უდანაშაულო ადამიანები იტანჯებიან, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს უნდა დასრულდეს!"

ეს ორი დაპირება არ შესრულდა, ცხოვრება გაუარესდა, მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი ისევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, მოსახლეობის დიდ ნაწილს ისევ ბანკის ვალი ახრჩობს, ქვეყნის ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია.

დაპირება 3. "დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ სახელმწიფოს მთავარი ღირებულება და საზრუნავი გახდეს ადამიანი და რომ ყველა მოქალაქე თანასწორი იყოს კანონის წინაშე".

არც ეს შესრულდა - უამრავი დამნაშავე გარეთ დადის, არ აღდგა სამართლიანობა. 

დაპირება 4. "ჩვენ უნდა დავამკვიდროთ თავისუფალი ბიზნესგარემო, ხელი შევუწყოთ მეწარმეობის განვითარებას, შევქმნათ საკუთრების ხელშეუხებლობისა და დასაქმებულთა სოციალური დაცვის გარანტიები, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს უმუშევრობის დაძლევას და სამუშაო ადგილების შექმნას. უმუშევრობის პრობლემა მოკლე ხანში მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი შესაძლებლობის შესატყვისი სამსახურის პოვნა და ამით ოჯახის რჩენა, ჩვენ ამას შევძლებთ!"

ნაწილობრივ შესრულდა - თითქოს არის თავისუფალი ბიზნესგარემო, მაგრამ არ ვითარდება მეწარმეობა, არ არსებობს დასაქმებულთა სოციალური გარანტიები, არ არის დაყვანილი უმუშევრობა მინიმუმამდე.

დაპირება 5. "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დასაქმება, რათა მათ ჰქონდეთ შრომისა და წარმატებული კარიერის პერსპექტივა საკუთარ სამშობლოში და არა სადმე სხვაგან".

არც ეს შესრულდა - ვერ საქმდებიან ახალგაზრდები.

დაპირება 6. "ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას სამართლიანი სასამართლოსთვის, რათა სამართალი დავუბრუნოთ ხალხს".

არ შესრულდა - ე.წ. სამართლიან სასამართლოს თავზე ისევ "ნაციონალი" კოტე კუბლაშვილი აზის.

დაპირება 7. "ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს გაერთიანებისთვის, რათა გამთლიანებული, დემოკრატიული და წელში გამართული საქართველო გახდეს ეროკავშირის, ნატოს, საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი".

ეს სამომავლო საქმეა და დიდად საეჭვო.

დაპირება 8. "ჩვენ შემუშავებული გვაქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების დეტალური პროგრამა ყველა მიმართულებით. ჩვენ არ დაგპირდებით არაფერს ისეთს, რისი შესრულებაც არ არის შესაძლებელი და რაც არ შეგვიძლია. ყოველი ჩვენი დაპირება რეალური და კარგად დათვლილია".

სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ეს პროგრამა თვალით არავის უნახავს.

დაპირება 9. "ჩვენ უნდა დავძლიოთ ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კატასტროფული ვითარება. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმიუწვდომელია. ძვირი ღირს საავადმყოფოში დაწოლა, ძვირია წამლები, ძვირია ოპერაციის გაკეთება".

შესრულდა ნაწილობრივ - კარგია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მაგრამ ისევ ძვირია საავადმყოფოში დაწოლა, წამლები და ოპერაციის გაკეთება.

დაპირება 10. "ჩვენ მოვსპობთ მონოპოლიებს და შევქნით კონკურენტუნარიან გარემოს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო სამედიცინო მომსახურების სადაზღვევო პაკეტს საქართველოს ყველა მოქალაქეს და არა ყოველ მეორეს, როგორც ამას ჰპირდებოდა ხალხს სააკაშვილის ხელისუფლება".

შესრულდა ნაწილობრივ, ვერ მოისპო მონოპოლიები ვერც ერთ სფეროში.

დაპირება 11. "დღეს ჩვენ ვიწყებთ, რათა ისე შევცვალოთ ქვეყნის მართვა, რომ უმოკლეს დროში ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლება. აუცილებელია ყველა სოფელში მოქმედებდეს სკოლა, რომელთა უმრავლესობა ეგრეთწოდებული ოპტიმიზაციის საბაბით დაიხურა. სოფლის სკოლაზეა დამოკიდებული არა მარტო განათლების საკითხი, არამედ მოსახლეობის ადგილზე დამაგრება, ისტორიული კუთხეების დაცლისგან გადარჩენა".

შესრულდა ნაწილობრივ - სკოლები არის, მაგრამ სოფელში ამით ხალხს ვერ დაამაგრებ. განათლება არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ვგულისხმობ უმაღლეს განათლებას, ათი ათასობით სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული.

დაპირება 12. "მრავალი გაჭირვება გამოიარეს ჩვენმა პედაგოგებმა და თითქმის უხელფასობის პირობებში უარი არ უთქვამთ პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე. ახლა კი, სულ იმის შიში აქვთ, რომ შეიძლება, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვონ სკოლებიდან. ვპირდებით მათ, რომ მიეცემათ ღირსეული საქმიანობის შესაძლებლობა, ექნებათ სათანადო ხელფასი, სოციალური დაცვა და, რაც ყველაზე მთავარია, მათ ვერავინ ვეღარ გაათავისუფლებს სამსახურიდან პირადი თუ პოლიტიკური მოტივების გამო".

შესრულდა ნაწილობრივ - პედაგოგებს ხელფასები ცოტა გაუზარდეს და პოლიტიკური მოტივებით ქუჩაში აღარავის აგდებენ.

დაპირება 13. "დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას სოფლის ფეხზე დაყენებისთვის. დღეს სოფელი დაცლილი და წელში გატეხილია. გლეხს აკლია ტექნიკა, თესლი, აკლია საწვავი, აკლია სასუქი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკის აღმავლობაში მნიშვნელოვანი წილი სოფლის მეურნეობაზე მოდიოდეს. დღეს საქმე იქამდეა მისული, რომ ხშირად გლეხს გადასახადისა და სხვა ხარჯების შესატყვისი მოსავლის აღებაც უჭირს".

არ შესრულდა - სოფელში რაღაც-რაღაცები კეთდება, მაგრამ ეს არ გახლავთ სისტემური, გლეხები ისევ სულს ღაფავენ.

დაპირება 14. "შევქმნით სპეციალურ ფონდს, რომელიც დაეხმარება ყველას, ვინც დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ამით სოფელში გლეხი დამაგრდება, ახალგაზრდობას სტიმული მიეცემა და ქვეყანაც წელში გაიმართება".

შესრულდა ნაწილობრივ - შეიქმნა ფონდი, მაგრამ მაინც ვერ დაიწყო ფერმერული მეურნეობების განვითარება.

დაპირება 15. "პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ ისეთი პენსია, რომ ღირსეულად ცხოვრება შეეძლოთ; ჩვენს ომისა და შრომის ვეტერანებს პატივი მივაგოთ და სათანადო სოციალური შეღავათებით უზრუნველვყოთ. ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, როგორ უნდა დავძლიოთ და გადავჭრათ ეს პრობლემები".

არ შესრულდა - პენსიონერები ყველას დაავიწყდა. მეტიც, მათ უკვე აშაყირებენ, მომავალი წლის სექტემბერში 10 ლარს მოგიმატებთო.

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ტექსტი 2 ნაწილად იყოფა - დაპირებად და ოცნებად. რაც ზემოთ წარმოგიდგინეთ, ეს იყო წმინდა წყლის დაპირებები, ახლა ვნახოთ ოცნებები:

1. "ჩემი ოცნებაა, თითოეული ადამიანი იყოს სამშობლოს სამსახურში, იყოს ბედნიერი და წელგამართული".

2. `ჩემი ოცნებაა, საქართველოში დაცული იყოს ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; სასამართლო იყოს სამართლიანი, მედია - დამოუკიდებელი, ბიზნესი - ხელშეუხებელი".

3. "ჩემი ოცნებაა, ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და პოლიციელებს მიეცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად ემსახურონ სახელმწიფოს და არა რომელიმე ხელისუფალს".

4. "ჩემი ოცნებაა, ისეთი ქვეყანა, სადაც არავის აღარ დასჭირდება ლუკმაპურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა და მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველებიც უკან დაბრუნდებიან".

5. "ჩემი ოცნებაა ისეთი საქართველო, სადაც ჩვენი დევნილები თავიანთ სახლებში შეძლებენ ცხოვრებას".

6. "ჩემი ოცნება საერთოა - ქართველების, ოსების, აფხაზების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, სომხების, რუსების, ბერძნებისა და სხვა ერების - მშვიდობიანად აღვადგინოთ ქვეყნის ერთიანობა და შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის!"

7. "ჩემი ოცნება ისეთი ქვეყნის შექმნაა, რომლითაც იამაყებენ ჩვენი თანამედროვენი და მომავალი თაობები!"

როგორც ხედავთ, აქ ოცნებები და დაპირებები ერთმანეთში ისეა შეზავებული, ბიძინა ივანიშვილს ვერ მოედავები. თუ მოედავები, იტყვის: ესა, ძმაო, ოცნებებია, რომელსაც კაცი არასოდეს მოუკლავსო. თუმცა მოუკლავს თუ არა, ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია.