ნავთობის გაიაფება გაგრძელდება, რა მოხდება საქართველოში?

ნავთობის გაიაფება გაგრძელდება, რა მოხდება საქართველოში?

შუა ზაფხულში, როდესაც მსოფლიოში საავტომობილო საწვავზე დიდი მოთხოვნაა, ნავთობმა გაიაფება დაიწყო. ბოლო ერთ თვეში შავი ოქროს ღირებულება 16%-ით დაეცა და ტენდენცია ისევ კლებისკენაა. ეს ძალიან წაადგა საქართველოს, რადგან ბოლო პერიოდში მცოცავი გაძვირება შეჩერდა და საწვავის ფასი, ასე თუ ისე, მისაღებ ნიშნულზე დასტაბილურდა.

აშშ-ში ფედერალური სარეზერვო ბანკის შეხვედრის წინ დოლარი ისევ სტაბილურია, ეს სანავთობო ბაზარს არაპროგნოზირებად ვითარებაში ამყოფებს და ჯერ კიდევ სრულიად გაურკვეველი ვითარებაა სამომავლო პროგნოზებთან დაკავშირებით. თუკი რამდენიმე კვირის წინ შავი ოქრო თვალდათვალ ძვირდებოდა და 50-დოლარიან ნიშნულსაც თამამად გადააბიჯა, ახლა ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა. 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება უკვე 42 დოლარის ფარგლებშია და როგორც ჩანს, გაიაფების ტენდენცია ახლო პერიორდში კიდევ გაგრძელდება.

„როიტერის“ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბაზარზე ზეწოლას შენელებული ეკონომიკური ზრდა და გადავსებული მარაგები ახდენს. სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე დაღმავალი ტრენდი ზომიერი იქნება, ვითარება კი, უფრო მოგვიანებით გამოსწორდება. თუმცა, ეს ახლო მომავალში არ მოხდება. მესამე კვარტალის განმავლობაში ნათობზე ფასის ზომიერი კლება კვლავაც გაგრძელდება და 1 ბარელის ღირებულება დაახლოებით 39-42 აშშ დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

ერთი თვის წინ, ნავთობის გაიაფებას ბიძგი მისცა ბრიტანეთის ევროკავშრიდან გამოსვლის შესახებ ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რადგან ევროკავშირიდან გამოსვლის გადაწყვეტილება აღქმული იქნა, როგორც მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი გარემოება. ამას თან დაერთო ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდებაც. ირანი და საუდის არაბეთი ერთმანეთის მიმბაძველობით არ აპირებენ ექსპორტის მოცულობა შეამცირონ, რაც ბაზარზე ფასის გაზრდის პერსპექტივას სპობს.

კიდევ ერთი გარემოება არის ბოლო პერიოდში შესაშურად სტაბილური - აშშ დოლარი. როდესაც დოლარი მყარდება, დოლარში გამოსახული ნავთობის ფასი იაფდება. ამ დროს, შესაძლოა, ექსპორტიორ ქვეყანას ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში არ უმცირდებოდეს.

მიუხედავად ამისა, ნავთობის ფასის მომავალი ძალიან ბუნდოვანია. ნებისმიერმა გეოპოლიტიკურმა მოვლენამ, შესაძლოა, ვითარება შეცვალოს ან გაზრდის ან შემცირების მიმართულებით.

„იყო მოლოდინი, რომ ნავთობის ისევ გაიაფებას დაიწყებდა და 40 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდებოდა. რთულია პროგნოზის გაკეთება, ამ მხრივ სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებიც კი არ გამართლებულა“, - აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, მთვრალაშვილის ინფორმაციით, ნედლი ნავთობის გაიაფების პარალელურად, შემცირდა „პლატცის“ ფასიც, რომლითაც ქართველი იმპორტიორები სარგებლობენ. ამიტომ, დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, ადგილობრივ საბითუმო და საცალო ბაზარზე საწვავი აღარ უნდა გაძვირდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ლარი დოლარის მიმართ პოზიციას გაიმყარებს, შეიძლება საქართველოს საბითუმო და საცალო ქსელში გაიაფების ტენდენციაც კი ჩამოყალიბდეს.