მიწების რეგისტრაცია აგვისტოდან დაიწყება

მიწების რეგისტრაცია აგვისტოდან დაიწყება

მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი სრულად პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ორშაბათიდან მოქალაქეებს შეეძლებათ 1 წლის განმავლობაში უფასოდ დაირეგისტრირონ ის ფართობი, რომელიც ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ. ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ სპეციალური სამთავრობო პროგრამა რეგიონებში ხალხის დამაგრებას შეძლებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მოსახლეობისთვის. ქვეყანაში მიწების მხოლოდ 25%-ია დარეგისტრირებული. ჩვენი მოსახლეობა ვერ ახდენს მათ მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას, გამოყენებას ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად. მეორე, იმიტომ, რომ კერძო სექტორისთვის, ეს არის დიდი პრობლემა და ვფიქრობ, რომ კარგია, რომ რეგისტრაციის სისტემა მნიშვნელოვნად მარტივდება.

სახელმწიფო ეხმარება მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტებითაც. ვფიქრობ, ამ პროგრამის დასრულების შემდეგ გვექნება გაცილებით ჯანსაღი სურათი ამ მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას. მეორე მხრივ, მიწის ბაზრის მოწესრიგებას. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს არის სოციალური საკითხიც, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტი ჯერ კიდევ ჩართულია სოფლის მეურნეობაში და ვფიქრობთ, სოფლად მოსახლეობის დამაგრებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე მან მიმართა იუსტიციის მინისტრს, შექმნას მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც გამორიცხული იქნება ყველანაირი რისკი და ამ კანონის ბოროტად გამოყენება. თავის მხრივ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამ პროექტით ერთი წლის განმავლობაში ყველამ უნდა ისარგებლოს და დაირეგისტრიროს მიწა, რომელსაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ ირეგისტრირებდა.

„მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ამ კანონით იქნა ნათქვამი, რომ ეს პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის გრძელდება 1 წლის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა უფასოდ ისარგებლონ ამ სერვისით. იქნება ეს მედიაცია, ცნობების მოპოვება, თუ სხვა სანოტარო მომსახურება. კანონით და იმ აქტების ძალით, რასაც დღეს დავამტკიცებთ, იქნება სრულიად უფასო. ასევე მოგვარდება ნაბიჯ-ნაბიჯ ის პრობლემა, რასაც ჰქვია უზუსტო საამზომელო ნახაზი, რაც გლეხს უქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას და უნდა ითქვას, რომ 1 წლის განმავლობაში ყველამ უნდა ისარგებლოს და დაირეგისტრიროს ის მიწა, რომელსაც აქამდე ვერ ირეგისტრირებდა“, - განაცხადა წულუკიანმა.

კანონპროექტი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ პარლამენტმა მესამე მოსმენით ივნისის დასაწყისში მიიღო და იგი უკვე ძალაშია შესული.

ნებისმიერმა მოქალაქემ უფასო სახელმწიფო პროექტით სარგებლობისთვის საჯარო რეესტრს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აზომვითი ნახაზი. საკადასტრო დაგეგმვითი-აზომვითი ნახაზი პროექტის მოთხოვნების შესაბამისად უნდა იყოს შედგენილი. აზომვითი სამუშაოების დასაწყებად აუცილებელი იქნება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება დაინტერესებული პირის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მითითებით.

თუ ნაკვეთის მდებარეობა ვერ დგინდება, მისი საზღვრებისა და კონფიგურაციის დადასტურება უნდა მოხდეს მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეთა ან საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის მიერ. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხი სპეციალურმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.

თუ საკადასტრო აღწერისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების შედარების შედეგად დადგინდა, რომ მიწა სრულად ან ნაწილობრივ არ წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, ასეთ შემთხვევაში საჯარო რეესტრი შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტში შექმნილ კომისიას, რომელიც 10 დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება აზომვითი სამუშაოების საფასურს. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარმოებული საკადასტრო აზომვითი სამუშაოები ანაზღაურდება საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნორმატიული აქტის შესაბამისად. ასე რომ, გლეხს მიწის აზომვა არც ერთი თეთრი არ დაუჯდება. სავარაუდოდ, სახელმწიფო 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების აზომვით სამუშაოებს დააფინანსებს.