ეროვნულ ბანკში ლარის მომავალზე ვერაფერს სანუგეშოს ვერ ამბობენ. სამაგიეროდ, ცდილობენ ინფლაცია ცოტათი კიდევ წაახალისონ და მონეტარული პოლიტიკა პერმანენტულად შეამცირონ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ გაზაფხულზე ლარის კურსი ზედმეტად გამყარდა, ამიტომ შემდეგ მოხდა კურსის კორექტირება იმ დონეზე რაც დღეს გვაქვს.
„ჩვენ მაშინაც აღვნიშნეთ და ვფიქრობთ, რომ ეს იყო უფრო ჩქარი, ვიდრე ის ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა, რომელიც მაშინ არსებობდა. ვფიქრობ, მაშინ ლარის კურსი ზედმეტად გამყარდა, ამიტომ მოხდა შემდეგ კურსის კორექტირება იმ დონეზე რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა გვენეტაძემ.
რაც შეეხება სამომავლოდ არსებულ მოლოდინს ლარის კურსთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკს არ აქვს ორიენტირი გაცვლით კურსთან მიმართებაში, რადგან სებ-ის ძირითადი ფუნქცია არის დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება და ამავე დროს ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა.
„შესაბამისად, ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე განსაზღვრული და კონკრეტული პროგნოზი გაცვლით კურსთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
იმისათვის, რომ ლარისადმი ნდობა ამაღლდეს და ქვეყანაში მიმდინარე სავალუტო რყევები მოსახლეობისთვის ადვილად გადასატანი იყოს, საჭიროა დედოლარიზაციის პროცესის თანმიმდევრულად წარმართვა. სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს პროცესი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო.
„დედოლარიზაციის პროცესი არ არის ახალი და დღეს არ დაწყებულა. 2010 წელს დაიწყო და ფართოდ იყო განხილული. თუ გადავხედავ წლიურ ანგარიშგებებს, იქაც ძალიან ფართოდ არის განხილული ეს საკითხი. ასე რომ, ადრეც ხშირად იყო ყურადღება გამახვილებული და ამაზე საუბრობდნენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც.
„ჯერ კიდევ 2013 წელს, სავალუტო ფონდის მიმოხილვის დოკუმენტში არის განმარტება, რომ დოლარიზაცია, რომელიც დაახლოებით 65%-ია, კვლავაც წარმოადგენს ძირითად რისკს. 2014 წლის მიმოხილვაშიც წერია, რომ სესხები უცხოულ ვალუტაში, რომელიც მთლიანი სესხების დაახლოებით 1/3-ს წარმოადგენს, კვლავაც წარმოადგენს რისკ ფაქტორს. დღეს დოლარიზაცია უფრო მაღალია, ვიდრე 2013 და 2014 წლებში.
რაც შეეხება საკითხს, ხომ არ ხდება ხელოვნური ჩარევა. არანაირი შეზღუდვები არ არის და არ იგეგმება, მოსახლეობას შეუძლია განათავსოს დეპოზიტი ნებისმიერ ვალუტაში. საუბარია საბაზრო ინსტრუმენტებზე და არაა დაგეგმილი ძალდატანებითი და ხელოვნური ინსტრუმენტების ჩართვა ამ პროცესში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
პარალელურად ეროვნული ბანკმა კვლავ გადაწყვიტა შეარბილოს მონატარული პოლიტიკა და ლარის გაიაფების გზას არ გადაუხვიოს. სწორედ ამიტომ მონეტარული განაკვეთის 25 საბაზიო პუნქტით შემცირდა და 6,75%-მდე ჩამოვიდა. დაგეგმილია, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 6%-ს გაუტოლდებს. ასეთი გადაწყვეტილების შედეგად რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები 17 392 მსესხებელს შეუმცირდება.
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული 786 მლნ ლარის სესხია გაცემული.
„ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 326-ით, თუმცა შემცირებულია მთლიანი პორტფელი - 820,2 მილიონი ლარიდან 786 მილიონამდე. 17392 ხელშეკრულებიდან 8024 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 78,5 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ლი ივლისისთვის 16,0% შეადგინა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისისთვის მონაცემებით 4658 სესხია მიბმული, საშუალოდ, 12.3%-ად. მთლიანი პორტფელი კი 199,7 მილიონი ლარია. ყველაზე მცირე რაოდენობით კი გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი.
„მონეტარული პოლიტიკის შერბილება ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ეროვნული ეკონომიკისთვის აუცილებელია, რომ ბანკებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი რესურსი ლარში, რაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გამოიწვევს. ამ მხრივ მნიშნელოვანია ეროვნულ ვალუტაში დაზოგვის წახალისებაც, რაც ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდით მიიღწევა“, - აღნიშნავენ „საზოგადოება და ბანკებში“.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება განპირობებულია, იმით რომ შედარებით გააქტიურებულია შიდა და საგარეო ინვესტიციები.
„ჩვენი წინა გათვლებით და პროგნოზით ზრდა მოსალოდნელი იყო 3 პროცენტით. დღესდღეობით კი ეს პროგნოზი არის 3,5 პროცენტი. ამასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშენებლობის სექტორის დადებითი წვლილი, ასევე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პოზიტიური ეფექტები. გარდა ამისა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას და შეცვლას ხელი შეუწყო დაგეგმილმა ფისკალურმა სტიმულმა და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებამ. სწორედ ეს იყო ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.