ირანული გაზი საქართველოსკენ მაინც დაიძვრება

ირანული გაზი საქართველოსკენ მაინც დაიძვრება

ირანის ნავთობის მინისტრმა საქართველოსთან გაზის ექსპორტის საცდელი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ამცნო საზოგადოებას. სავარაუდოდ, დაზამთრებამდე ბუნებრივი აირის მიღების ახალი შესაძლებლობა გაჩნდება, თუმცა მასშტაბები ჯერ საკმაოდ მცირეა.

ირანული სააგენტო IRNA-ს ცნობით, ეს განცხადება ბიჯან ზანგენემ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ლევონ იოლიანთან შეხევდრის შემდეგ გააკეთა, რომელიც თეირანში გაიმართა და მთავარი თემა საქართველოში გაზის ტრანზიტის შესაძლებლობა იყო.

„რა თქმა უნდა, სომხეთი დიდი მომხმარებელი არ არის, თუმცა შეუძლია, გახსნას მნიშვნელოვანი გზა ირანიდან გაზის ექსპორტისთვის. ამ სფეროში ორ მხარეს შორის შეთანხმება არსებობს“, - განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა.

საქართველო ირანიდან გაზის მიღების საკითხს კარგა ხანია განიხილავს. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე წლის დასაწყისში თეირანსაც სტუმრობდა, თუმცა მოგვიანებით აღინიშნა, რომ ირანული გაზის ფასი არაკონკურენტული იყო და ამიტომ მის შესყიდვაზე მოლაპარაკების დაწყება მხოლოდ მომავალში იყო შესაძლებელი.

კალაძის ირანში ვიზიტის შემდეგ, ირანის გაზის ექსპორტის კომპანიის დირექტორმა ალირეზა ქემელმა განაცხადა. მისი თქმით, განიხილებოდა 200 მლნ კბ/მ გაზის მიღება უახლოეს თვეებში.

„თუ დადასტურდება გარიგების ეკონომიკურად მომგებიანობა, შეიძლება საუბრის დაწყება საქართველოსთან საშუალო და გრძელვადიან კონტრაქტების გაფორმებაზე“, - აღნიშნა ალირეზა ქამელმა.

ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ფასად სთავაზობს თეირანი თბილისს ბუნებრივ აირს.

სხვათა შორის, ირანული გაზით ევროპული ქვეყნები კარგა ხანია დაინტერესებულნი არიან. მაგალითად, ბულგარეთმა ირანული გაზის იმპორტი, შესაძლოა სომხეთისა და საქართველოს გავლით განახორციელოს. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერმა ირანში ვიზიტისას განაცხადა. სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივა, რომელიც შავ ზღვას და სპარსეთის ყურეს მოიცავს, სამომავლოდ სოფიაში მოსალოდნელ შეხვედრაზე იქნება განხილული.

თეირანში პრემიერის გარდა, ვიზიტით იმყოფებოდა ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრიც, რომლის განცხადებითაც ირანული გაზის ექსპორტი ევროპაში პერსპექტიულია და შესაძლო მარშუტებზე შემდგომი შეხვედრა ოქტომბრამდე გაიმართება.

ამ ეტაპზე ირანი ბუნებრივი აირის ექსპორტისთვის ახალ ტერმინალს აშენებს, რომლის დასრულებაც 4 წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

რაც შეეხება საქართველოს და ირანული ბუნებრივი აირის ექსპორტის შესაძლებლობას. ცნობილია, რომ გაზის მოწოდება სომხეთის გავლით უნდა მოხდეს, რადგან სწორედ ეს ორი ქვეყანა არის დაკავშირებული ერთმანეთთან მაგისტრალური გაზსადენით. სომხეთში კი ბუნებრივი აირის სისტემებს „გაზპრომი“ ფლობს და, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ირანი სომხეთს დაუკავშირდება მხოლოდ რუსული ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

ანალიტიკოსების აზრით, რამდენადაც პროცესი საქართველოსთვის საინტერესოა, იმდენად რისკის შემცველია, რადგან ნებისმიერი პროცესი, რომელშიც საქართველო ჩართულია რუსეთის ფედერაციასთან ერთად, საფრთხის შემცველია. მაგალითვისთის საკმარისია 2006 წლის ე.წ. ენერგობლოკადას ზამთრის ყინვიან დღეებში. მეორე მხრივ, ირანისა და საქართველოს ენერგეტიკული ურთიერთობების განვითარებით გაიზრდება საქართველოს რეგიონალური როლი, მაგრამ საქართველო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს არ გაიზარდოს ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. როგორ მოახერხებს ოფიციალური თბილისი და თეირანი „გაზპრომის“ გვერდის ავლით თანამშრომლობას, ეს მალე გამოჩნდება.