ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარეს და გამოავლინეს მსოფლიო კინოს ათი საუკეთესო ეროტიკული სცენის სია. ამ ორიგინალურ ტესტირებაში მიახლოებით 10 ათასამდე კინოს მოყვარული მონაწილეობდა და მის შედეგებს ქვემოთ შემოგთავაზობთ.
ამ სფეროში პირველი ადგილი შერონ სტოუნის გმირის დაკითხვის სცენამ დაიკავა, პოლ ვერხოვენის თრილერში „ძირითადი ინსტიქტი“. ალბათ, ყველას გვახსოვს ეს შესანიშნავი სურათი და სტოუნ-მაიკლ დუგლასის დაუვიწყარი წყვილი. ამ ფილმს მოგვიანებით „ძირითადი ინსტიქტი-2“-იც დაემატა, მაგრამ ქალბატონმა შერონმა ისე „უსუსურად“ ითამაშა, რომ თავისი თავგადაკლული თაყვანისმცემლებიც კი იმედგაცრუებული დატოვა.
მეორე საფეხურზე აღმოჩნდა სემ მენდესის ფილმი „სილამაზე ამერიკულად“ და სცენა, სადაც მომხიბვლელი მინა სუარი შიშველი წევს ვარდის ფურცლებით სავსე აბაზანაში. კვარცხლბეკის მესამე პოზიციაზე გავიდა სალმა ჰაიეკის ეპიზოდი ფილმში „ჰკითხე მტვერს“.
ნამდვილად მეგონა, რომ ლეგენდარული სილვია კრისტელი და მისი „ემანუელა“ ამ სიის სათავეში მოექცეოდა, მაგრამ კლასიკად ქცეულმა სურათმა მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. მეხუთე საპატიო საფეხური კვლავ სილვია კრისტელს ერგო, ფილმით „კერძო გაკვეთილები“. ამერიკული ინტერნეტ-საიტების მკითხველებმა ამ სურათში განსაკუთრებით ის სცენა გამოყვეს, სადაც კრისტელის გმირი, მომხიბვლელი ძიძა თავის „აღსაზრდელს“ აბაზანაში აცდუნებს.
გახსოვთ, ალბათ, ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი მსახიობი ტომ კრუზის მიერ განსახიერებული ახალგაზრდა ბარმენის როლი ფილმში „კოქტეილი“. ამ სურათში მას პარტნიორობას ელიზაბეტ შუ უწევდა. ამ წყვილმა მეექვსე საფეხური დაიკავა. მეშვიდე პოზიცია დაეთმო ერთი შეხედვით ნაკლებად ეროტიკულ ბოევიკს „ბოროტების სავანე“. ამერიკელი კინოს თაყვანისმცემლების აზრით, მილა იოვოვიჩი მონსტრებს მეტად რომ სექსუალურად ანადგურებდა.
მერვე საფეხურზე კევინ სმიტის სურათი „თავშეყრის მოყვარულები სუპერმარკეტიდან“ აღმოჩნდა, სადაც თურმე ჯოი ადამსის განსახიერებული გმირი მანდილოსანი მეტად მაცდუნებლად გამოიყურებოდა.
ყველასათვის მოულოდნელად მეცხრე პოზიციაზე დასახელდა ალან პარკერის მისტიკური ტრილერი „ანგელის გული“, სადაც მთავარ როლს მიკი რურკი თამაშობდა. ამის მიუხედავად, ეროტიკულად მიიჩნიეს სცენა ვუდუს ქურუმის მონაწილეობით, რომელსაც ლიზა ბონე ასრულებდა.
ათეული დახურა ტონი სკოტის საშინელებათა ფილმმა „შიმშილი“, სადაც ყველაზე მომხიბვლელად მიჩნეული იყო სიუზენ სარანდონისა და კატრინ დენევის მიერ განსახიერებული ლესბოსური სიყვარულის ეპიზოდი.