ყველა სოფლის გზა ინტერნეტამდე მიდის?!

ყველა სოფლის გზა ინტერნეტამდე მიდის?!

რას მოუტანს სოფლებს საყოველთაო ინტერნეტიზაცია? ბიზნესი და მთავრობის წევრები სამთავრობო პროგრამაზე დიდ იმედს ამყარებენ. პროექტი რამდენიმე საფეხურისგან შედგება და მათ შორის ერთ-ერთია ვაუჩერული დაფინანსება.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი კახ ბექაური აცხადებს, რომ ინტერნეტის ქსელის რეგიონებში გაყვანის შემდეგ მთავრობამ პროდუქტის მოთხოვნის სტიმულირება უნდა მოახდინოს, რისთვისაც ვაუჩერულ სისტემას გამოიყენებს.

„დაგეგმილია 3 წლის განმავლობაში და შემდეგაც, მოსახლეობის ვაუჩერიზაცია. პირველ ეტაპზე სახელმწიფომ მოსახლეობას გარკვეული პრინციპით დაურიგოს ვაუჩერები, რომლითაც მოხდება მათ მიერ ამ პროდუქტის შესყიდვა“,- აცხადებს ბექაური. ვაუჩერიზაციის სისტემისთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 40 მილიონი დოლარის სესხიდან 9 მილიონ დოლარამდე თანხაა გათვალისწინებული.

„უკვე არსებობს მსოფლიო ბანკის სესხი - 40 მილიონი დოლარი, რომლის ერთი ნაწილიც მოხმარდება ტექნოპარკების და ინოვაციური ცენტრების გახსნას რეგიონებში, სადაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ინტერნეტზე ჰქონდეს წვდომა. აქედან, 9 მილიონ დოლარამდე დამტკიცებულია ვაუჩერიზაციისთვის“, - აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი.

კახა ბექაურის თქმით, ასევე გაფართოვდება განათლების სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხები პროექტისთვის, რომელიც სკოლების კომპიუტერიაზაციას ითვალისწინებს. სამომავლოდ ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის მოსწავლეებისთვის გაჯეტების დარიგება.

 როგორც ბექაურმა „კომერსანტს“ განუცხადა, თვითონ ვაუჩერიზაციის მოდელი დაზუსტებული არ არის, თუმცა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. ამ ყველაფრის განხილვა მოხდება საჯაროდ და შესაბამის სტრუქტურებთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილება შემოდგომაზე იქნება მიღებული.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამას დადებითად აფასებენ ის მეწარმეები, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ სოფელთან და მათი ბიზნესიც სამეურნეო საქმიანობას უკავშირდება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „თაფლის საჩინოს“ თავმჯდომარე მინდია ქავთარაძე ამბობს, რომ ინტერნეტიზაცია რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ინფორმაციული ვაკუუმიდან გამოიყვანს. მისი შეფასებით, ადგილობრივები მიიღებენ ინფორმაციას თუნდაც იმ პროგრამების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს და შეეცდებიან, გამოიყენონ მათთვის შეთავაზებული შესაძლებლობები.

ინტერნეტიზაცია მაღალმთიან სოფლებში დარჩენილი ახალგაზრდობის მთაში დამაგრებასაც შეუწყობს ხელს. „ახალგაზრდა რატომ მიდის სოფლიდან? იმიტომ, რომ არ არის ინტერენტი, გზა, სკოლა, ბაღი. ეს რომ მოგვარდება, შემდეგ გზის პრობლემა მოგვარდება, შემდეგ რამე საწარმო აშენდება და დასაქმდება ხალხი“, - აცხადებს კოოპერატივის ხელძღვანელი.

„მარნეულის“ სასურსათო ქარხნის დირექტორი ირინა გაფრინაშვილი კი ფიქრობს, რომ ინტერნეტიზაცია მცირე მეწარმეებს ბევრად გაუიოლებს საქმიანობას და ისინი უფრო მარტივად შეძლებენ თუნდაც პარტნიორების მოძიებას ინტერნეტის მეშვეობით.

„დღეს საქმის წარმოება ინტერნეტის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ ბევრად გაუმარტვდებათ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობა. მარტივად შეძლებენ საქმის წარმოებას, რადგან ინტერნეტი ინფორმაციის დიდი წყაროა, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის საშუალებაა. მცირე მეწარმეები გაეცნობიან სიახლეებს თავიანთ დარგში და შეძლებენ, რომ პრაქტიკაშიც დანერგონ თანამედროვე სტანდარტები“,- აცხადებს ირინა გაფრინდაშვილი.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელ საქართველოს, ყველა დასახლებულ პუნქტს დაფარავს, სადაც 200 მოქალაქეზე მეტია მაცხოვრებელი. საბოლოო ჯამში, 2025 წლისთვის, როდესაც მოთხოვნა გაიზრდება, რეგიონებში 30 მეგაბიტი/წამის მიწოდების შესაძლებლობა უნდა იყოს.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, პროექტისთვის დონორი ორგანიზაციისგან შესაძლებელია გაღებული იყოს 70-დან 100 მილიონ დოლარამდე სახსრები.

„სტრუქტურა ისეა აწყობილი, რომ ჩვენ თავიდანვე გრანტს ვიღებთ. ანუ დონორი ორგანიზაცია პირდაპირ გრანტს გამოყოფს და კომპანია „ოუფენ ნეტს“ ურიცხავს. დონორი ორგანზიაცია იძლევა გრანტს და ის არ რჩება არც ოპერირებაში, არც მართვაში და არც არაფერში. თავის მხრივ, არც სახელმწიფო რჩება ამაში და მთლიანად კერძო სექტორი აკეთებს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება.