არჩევნების გაყალბებას ერთი მეთოდიც შეემატა

არჩევნების გაყალბებას ერთი მეთოდიც შეემატა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო თერთმეტმა არასაპარლამენტო პარტიამ ხელისუფლებას, შეიძლება ითქვას, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამ პარტიების ლიდერები არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულად აცხადებენ და ხელისუფლებისგან მოითხოვენ, სადავო საარჩევნო უბნებში ხმების ხელახლა გადათვლასა და განმეორებით კენჭისყრას, საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც არჩევნების გაყალბების ფაქტებს შეისწავლის და გამყალბებლებზე სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავს. კი, ბატონო, შთამბეჭდავი და ერთობ რიხიანი მოთხოვნებია, მაგრამ უამრავ  გაყალბებულ არჩევნებს მოვესწარი და ჯერ კაცი არ მინახავს დასჯილი. არასაპარლამენტო ოპოზიციის ეს განცხადებაც განცხადებად დარჩება და ამ მთავარი სამი მოთხოვნიდან არც ერთი არ შესრულდება. თუმცა, მოვლენებს წინ აღარ გავუსწრებ და ვნახოთ, რისი იმედი აქვს თავად ამ განცხადების ერთ-ერთ ავტორს.

"ალიას" კოალიცია "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ერთ-ერთ ლიდერი, მანანა ნაჭყებია ესაუბრა:

ქალბატონო მანანა, ძალიან მკვეთრი და მკაცრი განცხადება გააკეთეთ, მოთხოვნებიც კატეგორიული გაქვთ, მაგრამ ხელისუფლებამ რომ თქვენი მოთხოვნები არ შეასრულოს, მერე რას აპირებთ? თუმცა, წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ თქვენს მოთხოვნას არ შეასრულებენ - არც ვინმეს დასჯიან არჩევნების გაყალბების გამო, არც ხმებს გადაითვლიან ხელახლა და  არც საპარლამენტო კომისიას შექმნიან. ეს  ყველაფერი არჩევნების გაყალბების დადასტურებაა და ამას ცოცხალი თავით არ გააკეთებენ. მაინც რისი იმედი გაქვთ?

- იმედი გვაქვს თუ არა, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ბრძოლა ყოველთვის უნდა გააგრძელო და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამ ხელისუფლებამ ვერ უნდა მოახერხოს დემოკრატიული იმიჯის შექმნა, ვითომ მართლა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ეს განცხადებაც ამ ბრძოლის ნაწილია. ეს ბრძოლა სააპელაციო სასამართლოებში გრძელდება. ჩვენ ვარაუდს, თუ რა მეთოდებით გაყალბდა ეს არჩევნები, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ადასტურებენ.

კონკრეტულად რა მეთოდებით გაყალბდა?

- ოქმების მესამედი არასწორად არის შედგენილი და ცხადია, ყველა ოქმში ოპოზიციურ პარტიებსა და მათ მაჟორიტარულ კანდიდატებს აქვთ ხმები ჩამოკლებული. უპრეცედენტოდ მაღალია გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა. კი, ეს ადრეც ხდებოდა, მაგრამ ასეთი მასშტაბით არა. 66 ათასი ბიულეტენია გაბათილებული, როცა სხვა არჩევნებზე არ აღემატებოდა 30 ათასს. ამას "ნაცმოძრაობაც" არ კადრულობდა.

იმათ გაყალბების იმდენი და ისეთი მეთოდი ჰქონდათ, ეგ არ  სჭირდებოდათ.

- კი, ისინი რომ აყალბებდნენ, ეგ იყო გაყალბება თუ იყო, მაგრამ არც ესენი ჩამოუვარდებიან. ჩვენ, "არასაპარლამენტო ოპოზიციას", განსაკუთრებით უსინდისოდ ახალქალაქში გაგვიყალბეს არჩევნები, ჩვენი გამგებლობის კანდიდატი არტაშ ფალანგიანი გამარჯვებულია, მაგრამ ყველა მესამე ბიულეტენი გაყალბებულია, გადასწორებულია.

ეგ გავიგე, ქალბატონო მანანა, მაგრამ ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს. ამას სისტემატური ხასიათი მიეცა და შესაბამისად, წაგებული ოპოზიციური პარტიები მის შედეგებსაც მუდამ აპროტესტებენ, თუმცა, ამით არაფერი იცვლება - არც ხმებს ითვლიან ხელახლა და არც არავის სჯიან. ამჯერადაც ასე ხდება. პროტესტის უფრო ქმედით ღონისძიებებზე არ გიფიქრიათ?

- თქვენ რას თვლით უფრო ქმედით ღონისძიებად?

მე არაფერს არ ვთვლი, თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა არჩევნებამდე აანონსებდა, თუ არჩევნები გაყალბდა, ქუჩის აქციებს დავიწყებთო. აჰა, გაყალბდა აქციები, მაგრამ თქვენ ქუჩაში ვერ გხედავთ.

- არა მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობა გაყალბებული არჩევნების გამო ქუჩაში გამოვიდეს. ხმების დასაცავად ჩვენ არ დაგვიტოვებია ბრძოლის არც ერთი მეთოდი, ქუჩის აქციებსაც მივმართეთ ახალქალაქში, ჩვენი კოალიციის ათასზე მეტი მომხრე ლამის ყოველდღე გამოდის და აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. ზედიზედ 3 დღე ძალიან მრავალრიცხოვანი აქციები გვქონდა და კახა კუკავაც იქ იყო.

გასაგებია, მაგრამ ახალქალაქის აქციები რეგიონს არ სცდება. კახა კუკავა მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გულისხმობდა.

- დღეს საქართველოში გაყალბებული არჩევნების გამო, მოსახლეობა არ გამოვა, ძალით კი ვერავის გამოიყვან. თუმცა, ხელისუფლებას პროტესტი მაინც ელოდება. ჩვენ წინასაარჩევნოდ ლამის ნახევარი საქართველო მოვიარეთ, ხალხი ძალიან მძიმე ყოფაშია, უმძიმესი სოციალური ფონია ქვეყანაში და სავარაუდოდ, სწორედ სოციალურ ნიადაგზე მოხდება აფეთქება. ამ პროტესტს ეს ხელისუფლება ვერ აიცილებს, თუ სასწრაფოდ და კარდინალურად არ შეცვალა მდგომარეობა სოციალურ სფეროში. ამას ნამდვილად არ ვისურვებ, მაგრამ ხალხის მდგომარეობა და განწყობა ამას მაფიქრებინებს. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ხელისუფლების ვერც რესურსს, ვერც ნებას, რომ ეს უმძიმესი სოციალური მდგომარეობა შეცვალოს.

თუ იცით, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვა გაყალბებული არჩევნების გამო, მრჩება შთაბეჭდილება, რომ შეგუებულნი ხართ ამ არჩევნების შედეგებსაც, რადგან ხელისუფლება თქვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს, ამის ნიშნებიც კი არ ჩანს.

- კი, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ეს ასეა. ქუჩის აქციებმა სრული დისკრედიტაცია განიცადა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. თქვენც გახსოვთ, გაყალბებული არჩევნების შედეგების გამო როგორ ვიბრძოდით "ნაცმოძრაობის" დროს, ხალხი მაშინ გამოვიდა ქუჩაში და არაერთხელ, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ. შესაბამისად, ხმების დაცვის ეს მეთოდი დისკრედიტებულია და მის იმედად ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს. კი, ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების გაყალბების შემდეგ, შესაძლოა, ქუჩაშიც გამოვსულიყავით, მაგრამ წინასაარჩევნოდ ხალხის განწყობა სხვა იყო და ახლა სხვაა. დღეს ხალხი ქუჩაში არ გამოვა.

ეს არჩევნები სხვა წინა არჩევნებისგან ბევრად არ განსხვავდებოდა. სიები არ შეცვლილა, საარჩევნო სისტემა არ შეცვლილა, პარტიების დაფინანსების წესი არ შეცვლილა და არც გაყალბების გამო დასჯილა ვინმე. კი, ეს ყველაფერი შეიძლება შერჩეთ, მაგრამ ვიმეორებ, სოციალურ პროტესტს ვერ გადაურჩებიან და თან გადაყვებიან. არა მგონია, ამათაც "ნაციონალებივით" 9 წელი გაძლონ ხელისუფლებაში.

როგორც მახსოვს, თავის დროზე. ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას დანიშვნას არასაპარლამენტო პარტიები დადებითად აფასებდით. ახლა რას იტყვით?

- ჩემდა სამწუხაროდ, მაჭავარიანსა და გოგორიშვილზე არანაკლებ არაპოპულარული სახელი შეიძინა ცესკო-ს თავმჯდომარემ, ქალბატონმა თამარ ჟვანიამ. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ იყო ნდობა, ჩვენც, "ახალმა მემარჯვენეებმაც" გამოვუცხადეთ ნდობა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენილი იყო. აღმოჩნდა, რომ ესეც ფარსია და რაც არ უნდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენილი იყოს, ხელისუფლების დაკვეთა პირნათლად შეასრულა ცესკო-მ და ცხადია, ეს თამარ ჟვანიას თანხმობის გარეშე არ მოხდებოდა. ახალქალაქში 3 დღე 1000 კაცი იდგა ქუჩაში და არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა, მაგრამ არც თამარ ჟვანია, არც ცესკო-ს სხვა წარმომადგენელი არ ჩასულა იქ და არ უცდიათ საქმეში გარკვევა. რა თქმა უნდა, გაყალბების ტექნოლოგები ჰყავს "ქართულ ოცნებას", აი, ისეთები, მაჭავარიანი და გოგორიშვილი რომ არიან, მაგრამ ჯერ არ ჩანან, მერე გავიგებთ მათ ვინაობას. ადრე არჩევნები ყალბდებოდა, მაგრამ ვინ აკეთებდა ამას, არ ვიცოდით, მერე გავიგეთ, რომ მთელი იმ უბედურების ავტორები მაჭავარიანი და გოგორიშვილი ყოფილან. ახლაც ასე მოხდება, ხელისუფლების მთავარი გამყალბებლების ვინაობაც მალე გამოაშკარავდება. მანამდე კი ეს სტატუსი დამსახურებულად ეკუთვნის თამარ ჟვანიას.

სამწუხარო ის არის, რომ "მოქკავშირისა" და "ნაცმოძრაობის" ტრადიცია წარმატებით გააგრძელა "ქართულმა ოცნებამ", არანაკლები მასშტაბით გააყალბა არჩევნები და ბიულეტენების ტოტალურად გაბათილებით, იმ მეთოდებს, რაც ადრე გვქონდა, არჩევნების გაყალბების ერთი მეთოდიც შემატა.