საქართველოს საპარლამენტო ინდუსტრია

საქართველოს საპარლამენტო ინდუსტრია

2012 წლიდან ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა ქუთაისში უნდა განაგრძოს. პარლამენტის შენობა, საცხოვრებელი კორპუსი პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლებისთვის, სამუშაო დაწესებულება მინისტრთა კაბინეტისთვის - ეს იმ აუცილებელი შენობების არასრული ჩამონათვალია, რომლის მოწყობაც აღნიშნული დროისთვის უნდა მოესწროს. ეჭვგარეშეა, თანხა ბიუჯეტიდან დაიხარჯება, თუმცა რამდენი, ამაზე პასუხი ან არ აქვთ, ან მის გახმაურებას ერიდებიან.

დამატებითი ხარჯების გაწევა მოუწევთ მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წვერებსაც ქუთაისში პარლამენტის სხდომებზე დასასწრებად, აგრეთვე დედაქალაქის მოსახლეობას, რომელიც დეპუტატებისთვის მიმართვას გადაწყვეტს. ქუთაისში გადასვლის შემდეგ პარლამენტის ამჟამინდელ შენობას გასაყიდად გამოიტანენ. ექსპერტების განმარტებით, ახლანდელი ფასებით აქ 1 კვ.მ. $1000-დან $2000-მდე ფასობს, ხოლო შენობის ადგილას მხოლოდ მიწის ნაკვეთი რომ ყოფილიყო, შესაძლოა 1 კვ.მ. უფრო ძვირადაც კი გაყიდულიყო. დღეს პარლამენტის ბალანსზე უძრავი ქონების სახით ირიცხება შენობა, რომელიც 90.811.609 ლარად არის შეფასებული.

ახალი შენობის ასაგებად, მშენებლობაში ჩახედული ადამიანების შეფასებით, სულ ცოტა, 1 კვ.მ.-ზე $500-ის ხარჯი იქნება გასაწევი. პარლამენტი ქუთაისის ე.წ. ავტოქარხნის დასახლებაში შენდება, იქ, სადაც 2009 წლის დეკემბერში, ”დიდების მემორიალის” აფეთქებას დედა-შვილის, 42 წლის ეკა ცუცხვაშვილისა და 11 წლის ნინო ჯინჭარაძის სიცოცხლე შეეწირა. 40 ათას კვ.მ.-ზე განთავსებული შენობა მთლიანად შუშის კონსტრუქციაში იქნება მოქცეული. ის ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა. ახალ პარლამენტში იქნება 271 კაბინეტი, 11 საკონფერენციო დარბაზი, სასადილო და ბარი. ცალ-ცალკე მოეწყობა პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის კაბინეტები. ბიუჯეტიდან მშენებლობისთვის 55 მლნ ლარია გამოყოფილი.

ჯაბა სამუშია (თბილისის საკრებულოს წევრი): ”პარლამენტის გადატანის შემთხვევაში ქვეყანაში, ფაქტობრივად, ორი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნება. მსგავსი პრეცედენტი არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს იწვევს პოლიტიკური ინსტიტუტების გათიშვას, პლუს ეს ხარჯების გაორმაგებაა. ქუთაისში დასაქმებაზე საუბარი კი აჩენს კითხვას: ვის ხარჯზე, ვინც თბილისში სამსახურის გარეშე დარჩება? ეს არ არის არგუმენტი. ”ქუთაისისთვის ფუნქციის მიცემაც” არაფერს გვაძლევს, რეალურად 300-500 ადამიანი გადავა, პარლამენტის აპარატის წევრები და თანამშრომლები. უმთავრესი კი მაინც ხარჯების გაზრდაა.

უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც ხშირი ურთიერთობა აქვთ პარლამენტთან, ავტომობილით 500-მდე კილომეტრის გავლა მოუწევთ. საქართველოს მომავალი კონსტიტუციით იზრდება მინისტრთა კაბინეტის ფუნქციები და პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქცია მინისტრთა კაბინეტზე. ანუ მათ კიდევ უფრო მჭიდროდ ურთიერთქმედება მოუწევთ. ამას ემატება ამ ადამიანების ქუთაისში შენახვის ხარჯები. პარლამენტარებს ბინების ქირით აღება მოუწევთ. რა თქმა უნდა, ამის საჭიროება ბევრს თბილისშიც აქვს, მაგრამ ქუთაისში მეტს დასჭირდება.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხვა ქალაქში გადასვლა და მეორე პოლიტიკური ცენტრის ფორმირება შესაძლოა ერთი პოლიტიკური ძალის, ერთი პოლიტიკური ფიგურის სურვილია, მაგრამ ხომ უნდა დაეკითხო მოსახლეობას? ამ გამოკითხვის ორგანიზება ბევრი სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი. ამასთან, ჩვენ თბილისს დავუკარგავთ პოლიტიკურ მნიშვნელობას კავკასიის მასშტაბით. თბილისი ყოველთვის იყო კავკასიის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ცენტრი, მეფის რუსეთის დროსაც, დამოუკიდებლობამდეც და თუნდაც ნაცისტური გერმანიის გეგმებში.

ქუთაისს კი შეგვიძლია უფრო დიდი მნიშვნელობა შევძინოთ, როგორც საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრს.
თუ ქუთაისისთვის ფუნქციის დაბრუნებაზეა საუბარი, რამდენიმე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ჩამოვაყალიბოთ. მაგალითად, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მივცეთ დახმარება და შეიქმნას მეორე საუნივერსიტეტო ცენტრი. ქუთაისში, სულ მცირე, 25-30 ათასი სტუდენტი ჩავა, ქალაქი იკისრებს ინტელექტუალურ, საგანმანათლებლო ფუნქციას. ეს ფუნქცია მას ისტორიულადაც ჰქონდა. შესაძლოა ახლა მასშტაბური ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა არ არის, მაგრამ ეს ნამდვილად კარგი გამოსავალი იქნებოდა.

თემის პოლიტიკური მნიშვნელობა შენობის გაყიდვა-არგაყიდვამდე არ უნდა დადიოდეს. როცა ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკური პრობლემები ისედაც აქვს, ორ პოლიტიკურ ცენტრს აჩენს, ეს თავისთავად შეცდომაა. განა სხვა ქვეყნებში ვერ შექმნიდნენ ორ პოლიტიკურ ცენტრს, საჭიროება რომ არსებობდეს? ხელისუფლება უბრალოდ თამაშობს, სააკაშვილს აქვს თამაშის თავისი გეგმა, მას ქუთაისელების გულის მოგება სურს და ეს ამ საქმისადმი პროვინციული მიდგომაა.
დღეისთვის, როგორც ცნობილია, ორი შენობა აშენდება - პარლამენტი და მინისტრთა კაბინეტის დროებითი აპარატი. ასეთ შემთხვევაში ქუთაისში გადასვლა პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მოუწევს. ეს სპონტანურად მოტანილი პროექტია, ახლა ხელისუფლება ხვდება, რომ მცდარი ნაბიჯი გადადგა, უბრალოდ, უკან დახევა აღარ უნდათ”.

გია ხუხაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): ”ერთადერთი დასახელებული მიზეზი ის არის, თითქოს პარლამენტის ქუთაისში გადატანა ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე კეთდება ეს განცხადება. ის თუ იგულისხმება, რომ ჩვენი პარლამენტარები ძირითადად ბიზნესმენები არიან და თავის ფულს იქ წაიღებენ, არ ვიცი. სხვა ლოგიკას ამ გადაწყვეტილებაში ვერ ვხედავ. მსოფლიოში დედაქალაქები და ეკონომიკური მეგაპოლისები არ ემთხვევა ერთმანეთს, თუნდაც ვაშინგტონი და ნიუ-იორკი ავიღოთ. ძალიან ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური ცენტრები პატარა ქალაქებია, სადაც მაინცდამაინც ეკონომიკა და ინდუსტრია არ ვითარდება, ეკონომიკური მეგაპოლისები კი სხვაგანაა. ამიტომ სრულიად არაარგუმენტირებული, სუბიექტური გადაწყვეტილებაა.

თუ მხოლოდ იმიტომ გადააქვთ პარლამენტი, რომ შემდეგში პარლამენტის ამჟამინდელი შენობა გაყიდონ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მძიმედ გვაქვს საქმე. დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 95%-ს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მცდარია, მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას მხოლოდ ერთეულები ბედავენ”.

გია ხუროშვილი (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი): ”საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანა არ არის ერთმნიშვნელოვნად ცალკეული პროექტი, ეს ერთიანი ეკონომიკური პროექტის ნაწილია, რომელსაც ჰქვია ”ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქი”. ქუთაისში უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, შევიდეს წყალი, საერთოდაც წყალმომარაგება მთელ რეგიონში უნდა მოწესრიგდეს. აგრეთვე, ამ ტერიტორიაზე უნდა მოხდეს გზების მიყვანაც. ამიტომ ცალკე კალკულაცია, თუ რა ჯდება საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანა, ასეთი ფორმით არ შეიძლება გაკეთეს, რადგან დათვლადი კატეგორია არ არის. ეს მთლიანი პროექტია და ინფორმაცია ამ ერთიანი ეკონომიკური პროექტის ფარგლებში უნდა მოვიაზროთ”.

რა თქმა უნდა, ასეთი პასუხის შემდეგ ბატონ გია ხუროშვილს ვთხოვეთ, ერთიანი პროექტის ღირებულება მაინც დაესახელება, რაზეც მეტად საინტერესო პასუხი გაგვცა. თურმე მთლიანი პროექტის, ”ქუთაისი მეორე დედაქალაქის” ფინანსური კალკულაციები სხვადასხვა სამინისტროებიდან უნდა გამოვითხოვოთ...