ექსპერტ კახა კახიშვილის განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საჭირო იყო ბევრი ეფექტური რეფორმის ჩატარება, რათა საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ ჰქონოდა სასამართლოსთან და პროკურატურასთან.
"იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას განუცხადა, რომ აუცილებლად იქნებოდა შედეგი იმ რეფორმებიდან, რომელიც დაიწყო მან სასამართლოში. სამართლიანობის აღდგენის თემა, რომელიც უკავშირდებოდა მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნას, მაგრამ ჩვენ ვნახეთ შემდეგი: სასამართლო რეფორმა დასრულდა იმით, რომ ის ოდიოზური მოსამართლეები, რომლებთანაც კითხვები არსებობდა, იუსტიციის საბჭოში აირჩიეს. ერთი წლის განმავლობაში დაანონსებული მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კითხვაზე პასუხიც კი არ გაგვიგია, რას აპირებენ საერთოდ ამ კუთხით", - აცხადებს კახიშვილი.
დეტალების დასაკონკრეტებლად "ალია" კახა კახიშვილს დაუკავშირდა:
ბატონო კახა, თქვენ ამბობთ, ბევრი რეფორმა იყო გასატარებელიო. კონკრეტულად რომელ რეფორმებს გულისხმობთ?
- დავიწყებ იმით, რომ მიმდინარეობს პოლიტპატიმრების შიმშილობა, მათი ძირითადი მოთხოვნა არის სწორედ სამართლიანობის აღდგენა, რომელიც, როგორც პროექტი, წამოიწყო იუსტიციის სამინისტრომ და გახსოვთ თქვენ წულუკიანის განცხადებები, რომ შეიქმნებოდა ხარვეზების დაზუსტების კომისია. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიის შექმნას მე და ძალიან ბევრი ჩემზე ცნობილი და კარგი სპეციალისტი, რომელიც მუშაობს იურისპრუდენციაში, არ იწონებდა ამას, რადგან მთავრობის წევრი იყო წულუკიანი და მთავრობის ნებაც ამ კომისიის შექმნა იყო, მაინც გადაწყვიტეს, შექმნილიყო. ამ კომისიის შექმნის მიმართ არსებობდა დიდი მოლოდინი საზოგადოებაში, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, ვინც თავის თავზე გადაიტანა უკანონობა. შემდეგ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს კომისია შეიქმნებოდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მაგრამ, როგორც კი არჩევნებმა ჩაიარა, ჩვენ გვითხრეს, რომ თურმე ამ კომისიის შექმნა იქნებოდა არაეფექტური და სხვა ალტერნატივა, როგორ უნდა მოახდინოს უფლებაშელახული ადამიანებისთვის ღირსების აღდგენა, გაურკვეველია. მე ასევე საუბარი მქონდა იმ სასამართლო რეფორმაზე, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სასამართლო რეფორმის შედეგად და იუსტიციის საბჭოს რეფორმირების შედეგად სასამართლოს ნდობის ხარისხი მოიმატებდა. დამეთანხმებით, ეს სასამართლო სულაც არაა ის, რის მიმართაც გვაქვს უპირობო ნდობა. ის, რომ პირველ ინსტანციაში ქათმის ქურდს აქვს საშუალება, თავი გაიმართლოს, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ინსტანციებში არის სასამართლო მიუკერძოებელი. ჩვენ ვნახეთ, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმის შედეგად იქ ჩვენ ვიხილეთ სასამართლოს ის მოსამართლეები, რომელთა მიმართაც გარკვეული კითხვები არსებობდა საზოგადოებაში.
მანანა კობახიძე ამბობს, სამართლიანობის აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია, აბა, რა იყო 200 პოლიტპატიმრის განთავისუფლებაო. ასეა მართლა და ჩვენ ვერ ვამჩნევთ?
- თუ კობახიძე თვლის, რომ ეს არის სამართლიანობის აღდგენა, რომ პარლამენტმა მშრალი დადგენილებით ცნო 200 პოლიტპატიმარი და მიანიჭა სტატუსი ისე, რომ დღემდე არ მომხდარა მათი რეაბილიტაცია და თუ თვლიან, რომ სტატუსის მინიჭებაა სამართლიანობის აღდგენა და არა მათთვის ღირსების აღდგენა, ან შელახული უფლებების აღდგენა, არ ვიცი, მაგრამ მე სამართლიანობის აღდგენაზე სხვა შეხედულება მაქვს. მე ვფიქრობ, რომ სამართლიანობის აღდგენა არც დაწყებულა ქვეყანაში. თუ სამართლიანობის აღდგენა მთელი ეს ეპოპეაა, მაშინ ეთქვათ, რომ მათი ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ 200 ადამიანი ეცნოთ პოლიტპატიმრად, დანარჩენები არ გვაინტერესებს, არც ღირსების აღდგენაა ჩვენი საზრუნავი და არც ქონების დაბრუნებაო. ეთქვათ, ნუღარ ელოდებით ნურაფერს მეტს, ეს არის ის მაქსიმუმი, რის გაკეთებაც ჩვენს ხელისუფლებას შეუძლიაო.
კარგი, წულუკიანს არ შეუძლია მეტის გაკეთება, მაგრამ კანონის დონეზე პარლამენტსაც არ შეუძლია არაფრის გაკეთება?
- ვის უნდა მოეფიქრებინა სხვა რაიმე მექანიზმი? როცა ეს დრო იდგა, მაშინ იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, ჩვენ ვართ მთავრობაში, მექანიზმზე ვმუშაობთ, მივაწვდით პარლამენტს და თქვენი აზრი იქ იქნება გათვალისწინებულიო. როცა ამას გეუბნებიან, სხვა რა გზა გაქვს, გარდა იმისა, რომ დაელოდო ამ მოვლენებს და შესაბამისად, ოპონირება გაუწიო? მე კი არა, სხვა იურისტებიც აცხადებდნენ, რომ ეს კომისია იქნებოდა არაეფექტური, მაგრამ გადაწყდა, რომ მაინც შექმნილიყო ეს კომისია. ამის მერე კი იმაზეც არ საუბრობენ, ქმნიან თუ არა რამეს, ალტერნატივის სახით მაინც, არავინ იცის, რა პასუხებს სცემენ იმ ადამიანებს, ვის მიმართაც არსებობს კონკრეტული გადაწყვეტილებები და ამავდროულად არ არის არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა განხილული, რომელიც მისცემს საშუალებას, კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვას.
შეგიძლიათ გვითხრათ, ვის არ აწყობდა ამის შექმნა, ან მის არშექმნაში ვინმეს პირადი ინტერესი ხომ არ იკვეთება?
- ის ვიცი ზუსტად, რომ არც უნდათ და არც აწყობთ. მათ რომ ნდომოდათ, სამართლიანობის აღდგენის არაერთი მექანიზმი შეიძლებოდა მოფიქრებული ყოფილიყო.
კონკრეტულად რომელი მექანიზმი იმუშავებდა ეფექტურად?
- ბევრი პროექტი არსებობს საზოგადოებაში, რომელიც მზა პროექტია, უბრალოდ, მას სჭირდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომ დამუშავების შედეგად შესაძლებელია სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება.
რა პროექტებს გულისხმობთ?
- არის პროექტები, რომლებზეც იმუშავეს იურისტების ჯგუფმა. აბა, როგორ ფიქრობთ, მარტო იუსტიციის სამინისტრო მუშაობდა ამ თემაზე? პარალელურად, არასამთავრობოები და ექსპერტები მუშაობდნენ თავიანთ ხედვაზე, როგორ შეიძლება ქვეყანა ამ ჩიხიდან გამოვიდეს. იყო გამოთქმული მოსაზრება სიმართლის კომისიასთან დაკავშირებით, იგივე პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც დაკომპლექტდება სუფთა წარსულის მქონე პროკურორებით, რომლებიც დაიწყებდნენ ამ საქმეების გამოძიებას და ა.შ.
ამ ვითარებიდან გამოსავალი რა არის?
- ფაქტია, საზოგადოება უკმაყოფილოა და ხელისუფლება, რომელიც მოვიდა ამ საჩივრების საფუძველზე ხელისუფლებაში, საარჩევნო კამპანია დაუთმო სწორედ ამ ადამიანებს, მათ წარმომადგენელს სურვილიც კი არ უჩნდება, დაელაპარაკოს პოლიტპატიმრებს, აზრის გამოკითხვის მცდელობაც არ ყოფილა, რომ გაეგოთ ამ ადამიანებს, რა უნდა საერთოდ ხელისუფლებას.